სტუმრებმა სტარტიდანვე ბურთი კონლის გადაულოცეს. გამთამაშებელმა სწრაფი იერიშების ორგანიზება დაიწყო და თავად პირველი 14 ქულიდან ცხრა თავის ანგარიშზე მიითვალა. იმის გამო, რომ ჯერ სრული დატვირთვით თამაში არ შეუძლია, კონლი ექვსნახევარი წუთის შემდეგ სათადარიგოთა სკამზე დაჯდა, მეოთხედის ბოლოს კი მარკ გასოლმა და ზაკ რენდოლფმა მიიღეს ორ-ორი პერსონალური და ასევე შეეზღუდათ სათამაშო დრო.
სტივ კერის შეგირდების მთავარი პრობლემა შეცდომები (17 პირველ სამ მეოთხედში და 20 - მატჩში) და შორეული ტყორცნების რეალიზაცია (23-პროცენტიანი სიზუსტე) გახდა. ორივე ფაქტორი "დათვების" დაცვის დამსახურებაა. ის სტეფ კარისა და კომპანიას საშუალებას არ აძლევდა, იოლი გადაცემები შეესრულებინათ ფარქვეშ - სტუმრებმა ჯამში 13 ჩაჭრა დააგროვეს და ყოველ ასეთ წარმატებას დაცვაში კარგი კონტრშეტევა მოსდევდა. საბოლოოდ, "მემფისმა" სწრაფი შეტევებით უფრო მეტი ქულა დააგროვა, ვიდრე "უორიორზმა", რითაც რეგულარულში ბევრი გუნდი ვერ დაიკვეხნიდა.
მეორე მეოთხედის დასკვნითი ნაწილი ბოლო მონაკვეთი იყო მატჩში, რომელშიც "გოლდენ სტეიტი" მაქსიმალურად მიუახლოვდა მეტოქეს, მაგრამ იორგერის შეგირდებმა 9:0 სპურტით დაასრულეს მეოთხედი და ამის შემდეგ ახლოს არ გაიკარეს ფავორიტი. ჩააგდო მესამე მეოთხედი კლეი ტომპსონმა, რომელმაც რვიდან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო, ჩატენვისას შეცდა და იოლი ლეი-აპი ვერ მოათავსა კალათში.
მეოთხე 12-წუთეულში "მეომრებმა" რამდენჯერმე შეძლეს სხვაობის შვიდ ქულამდე შემცირება, მაგრამ "გრიზლისი" მაშინვე ახერხებდა მეტოქისთვის პასუხის გაცემას. რაც ყველაზე მთავარია, "მემფისი" სისწრაფის ხარჯზე ჯობნიდა მოწინააღმდეგეს, რასაც ამ ნელი გუნდისგან ვერავინ წარმოიდგენდა. საინტერესოა, როგორ მოაგვარებს წარმოქმნილ პრობლემას მომდევნო მატჩებში "გოლდენ სტეიტის" სამწვრთნელო შტაბი.
"უორიორზმა", "ვაშინგტონის" მსგავსად, პირველი მატჩი წააგო პლეი ოფში.
გ. სტეიტი-მემფისი 90:97
22:28, 17:22, 24:23, 27:24
გ-ს: კარი (19+6 პასი+5 მოხსნა), გრინი (14+12 მოხსნა), ბარბოზა (14), ტომპსონი (13), ბარნსი (11), ბოგუტი (8+12 მოხსნა).
მ: კონლი (22), რენდოლფი (20+7 მოხსნა), გასოლი (15+6 მოხსნა), ლი (15).
სერია: 1-1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"