NBA: ამჯერად ჰარდენი კარგი იყო

AutoSharing Option
მეორე მატჩი ჰიუსტონში პირველის სცენარით დაიწყო. "როკეტსი" პირველ მეოთხედში გაიქცა და პლეი ოფის ბოლო შვიდ მატჩში მეექვსედ მოიგო საწყისი 12-წუთეული. მაგრამ მეორე მეოთხედი მაკჰეილის შეგირდების უძლურობის ზუსტი გამეორება იყო, რასაც პირველი მატჩის დროს ჰქონდა ადგილი.

"კლიპერსმა" პირველი ოთხი წუთის განმავლობაში 18:4 გაქცევა მოაწყო. მასპინძლებს დაცვა საერთოდ არ ჰქონდათ, მათ სამწამიანში სრული ქაოსი სუფევდა. კალიფორნიელებმა მეორე მეოთხედში თამაშიდან 76 პროცენტი ჩააგდეს და 11-ქულიანი ჩამორჩენა ასეთივე უპირატესობად აქციეს. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა პირველ თამაშს. მაგრამ, ამჯერად, ჯეიმს ჰარდენმა იზრუნა ქამბექზე მეორე ტაიმში.

მესამე მეოთხედში, ძირითადად ზუსტი საჯარიმოებით, "ჰიუსტონმა" 13-ქულიანი ჩამორჩენა სამ ქულამდე დაიყვანა. თამაშის ტემპი მინიმუმამდე დავიდა. მესამე 12-წუთეული 38 წუთი გაგრძელდა, მეოთხე კი 58 (!) წუთამდე გაიწელა. ამ მარათონის დროს "ჰიუსტონის" მოთამაშეებმა 64 საჯარიმო შეასრულეს.

"როკეტსი" შეგნებულად ჯარიმდებოდა დეანდრე ჯორდანზე, მაგრამ ამან არ გაამართლა, რადგან "კლიპერსის" ცენტრმა ექვსიდან ოთხი საჯარიმო გამოიყენა, ლოსანჯელესელები კი ზრუნავდნენ იმაზე, რომ დუაიტ ჰოვარდი დამდგარიყო საჯარიმოს ხაზზე და ამან გაამართლა: "სუპერმენმა" 21-დან მხოლოდ რვა საჯარიმო ჩააგდო.

ბოლო 12-წუთეულის დასაწყისში არიზამ და ჰარდენმა 8:0 გაქცევა შეძლეს. ჰარდენმა, რომელსაც პირველი სამი მეოთხედის შემდეგ 16 ქულა და ექვსი შეცდომა ჰქონდა, მეოთხე მეოთხედში 16 ქულა აიღო. მისმა სამქულიანმა სხვაობა ჯერ ცხრა ქულამდე აიყვანა, ხოლო სირენამდე ოთხი წუთით ადრე "როკეტსი" უკვე 12 ქულას იგებდა.

და აქ მასპინძლებმა ისევ მოადუნეს დაცვა და მეტოქის 8:0 გაქცევა გამოაპარათ. მაგრამ დიდი მცდელობის მიუხედავად, სტუმრებმა უკვე ვეღარ შეძლეს ჰარდენის შეჩერება, თან ბოლოს ორი საჯარიმო გამოიყენა ჰოვარდმა. სხვათა შორის, "ჰიუსტონს" ორი საჯარიმო არ ეყო NBA-ის რეკორდის გასამეორებლად (66).

სერია ლოს ანჯელესში გადადის და იქ მოედანზე დაბრუნდება კრის პოლი.

ჰიუსტონი-კლიპერსი 115:109
35:24, 21:41, 27:20, 32:24
ჰ: ჰარდენი (32+7 პასი), ჰოვარდი (24+16 მოხსნა+4 დაფარება), არიზა (15+13 მოხსნა), ბრიუერი (11), ჯონსი (10+8 მოხსნა+3 დაფარება), ტერი (10).
კ: გრიფინი (34+15 მოხსნა), კროუფორდი (19+5 მოხსნა+5 პასი), ჯორდანი (16+12 მოხსნა), რედიკი (12).
სერია: 1-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული