NBA: რობინ ლოპესის ბედი სხვის ხელშია

AutoSharing Option
- ლიგის ხელმძღვანელობამ 15 ათასი დოლარით დასაჯა "ჰიუსტონის" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი "კლიპერსთან" სერიის მეოთხე მატჩში არასპორტული საქციელისთვის. "სუპერმენმა" თავში იდაყვი ჩაარტყა მეტ ბარნსს. ჰოვარდი კმაყოფილი უნდა იყოს ასეთი სასჯელით. ის ერთი მატჩით დისკვალიფიკაციას გადაურჩა, რაც დამღუპველი იქნებოდა მისი გუნდისთვის, რომელიც "კლიპერსთან" სერიას 1:3-ს აგებს.

- "დალას მავერიქსის" ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ უახლოეს დროში პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადებს. ლეგენდარული გერმანელის თქმით, ის ბოლომდე აპირებს ტექსასურ კლუბთან კონტრაქტის გამომუშავებას. ნოვიცკის ხელშეკრულება 2017 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

-
"კლივლენდის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი გუნდის მთავარი მწვრთნელის, დევიდ ბლატის მხარდამჭერი განცხადებით გამოვიდა. მისი თქმით, "ჩიკაგოსთან" სერიის მეოთხე მატჩში მწვრთნელის დავალებაზე უარის თქმა და თვითნებურად ბოლო სროლის შესრულება არანაირად არ იმოქმედებს "კავალიერზის" გასახდელში არსებულ ატმოსფეროზე. "ბლატი ჩვენი გენერალია და ვცდილობ, მისი გაგრძელება ვიყო მოედანზე", - ამტკიცებს NBA-ს ერთ-ერთი უპირველესი ვარსკვლავი.

- "ჩიკაგოს" მთავარმა მწვრთნელმა ტომ ტიბოდომ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მსაჯების მიერ საკამათო სიტუაციის ვიდეოგამეორების შესწავლისას გუნდებს საშუალება ეძლევათ, დაუგეგმავი ტაიმ-აუტი განახორციელონ. მწვრთნელის თქმით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი ის იქნება, რომ მოედანზე მყოფ კალათბურთელებს აეკრძალოთ სათადარიგო სკამთან მიახლოება.

- "მილუოკის" ფორვარდის, ჯაბარი პარკერის აღდგენითი პროცესი წინასწარ პროგნოზირებულ გრაფიკს უსწრებს. 2014 წლის დრაფტის მეორე ნომერი, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატის დროს გაიწყვიტა მუხლის ჯვარედინი მყესები, ვერ მოასწრებს ზაფხულის საწვრთნელი ბანაკისთვის გამოჯანმრთელებას, მაგრამ გუნდთან ერთად დაიწყებს შეკრებას 2015-16 წლების სეზონისთვის მოსამზადებლად.

- "პორტლენდის" ცენტრის, რობინ ლოპესის მომავალი დამოკიდებულია მის თანაგუნდელ ლამარკუს ოლდრიჯზე, რომელიც ასევე აპირებს ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლას. თუ ოლდრიჯი არ დარჩება "ბლეიზერსის" რიგებში, მაშინ ორეგონული კლუბი არ შესთავაზებს ლოპესს ახალ კონტრაქტს და შეეცდება, დეტროიტელი გრეგ მონროს ან კლიპერსელი დეანდრო ჯორდანის ხელში ჩაგდებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული