NBA: 80 მილიონი დოლარი გორან დრაგიჩისთვის

AutoSharing Option
"მაიამი ჰიტის" ხელმძღვანელობა გეგმავს სლოვენიელი გამთამაშებლისთვის გორან დრაგიჩისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას, - იტყობინება ESPN. ხელშეკრულება ხუთწლიანი იქნება, რომლის განმავლობაშიც კალათბურთელი 80 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

29 წლის დრაგიჩი აპირებს გამოიყენოს მიმდინარე კონტრაქტში არსებული პუნქტი და პირველი ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდეს. "ჰიტი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც შეუძლია მცველისთვის ასეთი ვადით კონტრაქტის შეთავაზება. თავად დრაგიჩმა არაერთხელ აღნიშნა, რომ წინააღმდეგი არ იქნება "მაიამიში" კარიერის გაგრძელებაზე. იგივე სურვილი გამოთქვა "მაიამის" გენერალურმა მენეჯერმა პეტ რაილიმ.

შეგახსენებთ, რომ სლოვენიელი "მაიამიში" გასული სეზონის მსვლელობისას გადავიდა "ფინიქსიდან". მან რეგულარულ ჩემპიონატში
"ჰიტის" რიგებში 26 მატჩის ჩატარება მოასწრო და 16.6 ქულა, 5.3 შედეგიანი პასი და 3.4 მოხსნა დააგროვა. სლოვენიელის შეძენით ასევე დაინტერესებულნი არიან "ლეიკერსი" და "ნიუ იორკი".

პოლ პირსი არ მიდის და კლუბს ეძებს
"ვაშინგტონ უიზარდსის" ფორვარდი პოლ პირსი არ აპირებს ამ ზაფხულს კარიერის დასრულებას, - წერს გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი". ვეტერანს ივნისის ბოლომდე მოუწევს არჩევანის გაკეთება - გამოიყენოს კონტრაქტში არსებული პუნქტი და კიდევ ერთი წლით გააგრძელოს თანამშრომლობა დედაქალაქურ კლუბთან, რაც 5.5 მილიონ დოლარს მოუტანს თუ თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავიდეს და სხვა კლუბი ეძებოს.

ამერიკელი მიმომხილველები დიდი ალბათობით ვარაუდობენ, რომ პირსი "ვაშინგტონში" დარჩება. ალტერნატიული ვარიანტია "ლოს ანჯელეს კლიპერსში" გადასვლა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში 37 წლის ვეტერანმა რეგულარული ჩემპიონატის 73 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 16.3 ქულა, 5.5 მოხსნა და 2.7 შედეგიანი პასი მიითვალა, პლეი ოფის 10 მატჩში კი მისი მონაგარი 14.6 ქულა და 4.2 მოხსნა იყო. "ვაშინგტონმა" მეოთხედფინალამდე მიაღწია და იქ "ატლანტასთან" 2:4 წააგო.

ევროლიგის შემდეგ, ისევ NBA
მადრიდის "რეალის" მცველი სერხიო როდრიგესი, რომლის კონტრაქტი ესპანურ გრანდთან ამ სეზონის შემდეგ იწურება, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში აპირებს დაბრუნებას. Yahoo! Sports-ის მიმომხილველის ედრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, ესპანელის წარმომადგენლები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს NBA-ის რამდენიმე კლუბთან.

როდრიგესი 2006-10 წლებში თამაშობდა ასოციაციაში. მან ჯამში 285 მატჩი ჩაატარა "პორტლენდის", "საკრამენტოსა" და "ნიუ იორკ ნიქსის" შემადგენლობაში.

სერხიო წელს "რეალთან" ერთად ევროლიგის გამარჯვებული გახდა. ესპანელი 2013-14 წლების სეზონში ამ ტურნირის MVP გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული