ლარი ბერდი: უესტბრუკი სულ MVP უნდა იყოს

AutoSharing Option
"ბოსტონის" ლეგენდა, ამჟამად "ინდიანა პეისერსის" პრეზიდენტი ლარი ბერდი საუბრობს რასელ უესტბრუკზე, კევინ მაკჰეილის მუხთალ საქციელზე, დომინიკ უილკინსზე და საკუთარი კარიერის დეტალებზე...

- გასულ ჩემპიონატში რასელ უესტბრუკი ერთი თვის განმავლობაში აგროვებდა 30 ქულას, 10 პასსა და თითქმის 10 მოხსნას. თქვენს კარიერაშიც ყოფილა მსგავსი მონაკვეთები. როგორ ფიქრობთ, რა სიმაღლეებს შეიძლება მიაღწიოს მან?
- მუხლის რამდენიმე სერიოზული ტრავმის მიუხედავად, როცა უესტბრუკი მოედანზე გადის, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ 100 პროცენტით დაიხარჯება. ის ყოველთვის მომართულია შეტევისთვის, უშიშარია და თამაშობს ისე, როგორც ნამდვილ ლიდერს შეეფერება.

ამიტომაც,
მთლიანად მის მხარეს ვარ. იმედია, რასელი MVP იქნება ზედიზედ 10 წლის განმავლობაში. მომწონს ისეთი კალათბურთელები, რომლებიც მზად არიან ყოველ მატჩში იბრძოლონ და მიიღონ გამოწვევა ყველაზე ძლიერი მეტოქეებისგან.

- თქვენ და უესტბრუკი სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობდით, მაგრამ, ამის მიუხედავად, მოგაგონებთ თუ არა ის საკუთარ თავს თავისი საბრძოლო სულითა და გამარჯვებისკენ სწრაფვით?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. უბრალოდ, საკალათბურთო მსოფლხედველობა, რომელსაც იუნიორის ასაკში მაზიარეს, იმაში მდგომარეობს, რომ, როცა მოედანზე გადიხარ, მოგებაზე უნდა ითამაშო. თუ გამარჯვებას არ ცდილობთ, მაშინ საერთოდ რა საჭიროა ანგარიშის ათვლა. და ანგარიშის ათვლა რომ არ ყოფილიყო, არ დავხარჯავდი მთელს ძალებს მოედანზე.

მაგრამ დარწმუნებული ვარ, კალათბურთის თამაში სრული მონდომებით - ჩვენი სამუშაოა. ვაცნობიერებთ, რომ ასეთი მიდგომა ზარალს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას. უესტბრუკსაც ესმის ეს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. მან მაქსიმალურად უნდა იმოქმედოს, რომ ეფექტური იყოს.

- ორი სეზონის განმავლობაში ახერხებდით თამაშიდან 50 პროცენტის რეალიზებას, სამქულიანების 40 პროცენტსა და ჯარიმების 90 პროცენტს იყენებდით. რამდენად გასაკვირია ის, რომ კაილ კორვერი, რომელიც არ არის თქვენი დონის ვარსკვლავი, ასევე აფიქსირებს ასეთ პროცენტებს?
- ეს მართლაც შთამბეჭდავია. ასეთი მაჩვენებლების მიღწევა რთულია. მით უმეტეს, რომ ის არ არის გუნდის აშკარა ლიდერი. მაგრამ, როცა კორვერი თავის გამოჩენის შანსს იღებს, იყენებს კიდეც მას. ნებისმიერ შემთხვევაში, ტყორცნების ასეთ შთამბეჭდავ რეალიზაციას ხშირად ვერ შეხვდები. ეს ფაქტობრივად სამმაგი დუბლივითაა.

თუმცა, როცა მე ვთამაშობდი, სტატისტიკაზე არ ვფიქრობდი. უბრალოდ ვგრძნობდი, როდის მიმდიოდა თამაში. და ეს ყოველთვის არ გამოიხატებოდა დაგროვებულ ქულებში. რაც უფრო მეტად ვიყავი ჩართული სხვადასხვა გუნდურ მოქმედებაში, მეტ სიამოვნებას ვიღებდი, რადგან ჩაჭრები, მოხსნები და პასები ასევე კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილია. ხშირად ყოფილა ისე, რომ ბევრი ქულის დაგროვების აუცილებლობა არ იყო იმ დროს, როცა გუნდი იგებდა.

- ყოველთვის დარწმუნებული იყავით იმაში, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა თქვენს მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობას მაშინ, როცა გუნდი კარგად თამაშობდა? რაღაც ამდაგვარს ლაპარაკობს ლებრონ ჯეიმსიც.
- უბრალოდ მოედანზე გავდიოდი და ვაკეთებდი იმას, რაც გუნდს სჭირდებოდა. და ლებრონიც ასე მოქმედებს. ის კალათბურთს სხვანაირად უყურებს, ვიდრე მოთამაშეთა უმრავლესობა. ჯეიმსი ყოველთვის მომართულია იმაზე, რომ ბურთი პარტნიორს გადააწოდოს, თუ ის უკეთეს პოზიციაში იმყოფება. სწორედ ასეთი უნდა იყოს კალათბურთი. ეს არის მისი ფუნდამენტალური არსი.

ახალგაზრდობაში ყველას სურს თავის გამოჩენა და რაც შეიძლება მეტი ქულის დაგროვება. მაგრამ, დროთა განმავლობაში ხვდები: "სხვა ბიჭებს ასევე სურთ ნამცხვრის საკუთარი ნაჭრის მიღება". და როცა ამ ნაჭერს იღებენ, გუნდი დიდ წარმატებებს აღწევს.

- რიკ კარლაილმა, ამასწინ, ერთი სახალისო ისტორია მოყვა თქვენს შესახებ. 2000 წელს, ვარჯიშზე მონაწილეობა მიიღეთ ახალგაზრდებსა და ვეტერანებს შორის ორმხრივ შეხვედრაში - ოთხი ოთხზე ნახევარ მოედანზე. და როცა გამარჯვების ტყორცნა ჩააგდეს და იატაკზე დაეცით, პარტნიორებმა კი ზედახორა მოაწყვეს. გახსოთ ის შემთხვევა?
- რა თქმა უნდა. მაშინ მე, კრის მალინმა, რიკ სმიტსმა და დერიკ მაკკიმ ვითამაშეთ ელ ჰარინგტონის, ოსტინ კროშირის, ჯონათან ბენდერისა და კიდევ ერთი მოთამაშის წინააღმდეგ. არ მახსოვს მეოთხე. და მოვიგეთ. ეს იყო ბოლო შემთხვევა, როცა თამაშს დავთანხმდი და ისიც იმიტომ, რომ ხელს არავინ მკრავდა. მაგრამ ბოლო თავად დავეცი მოედანზე, რადგან ძალიან დავიღალე.

- 30 წელი შესრულდა "ატლანტასთან" მატჩიდან, რომელშიც 60 ქულა დააგროვეთ. რა გახსოვთ იმ დღიდან? ისევ მიგაჩნიათ ეს მოვლენა მნიშვნელოვნად?
- ვერ ვიტყვი, რომ იმ შეხვედრაში კარგი კალათბურთი იყო. მიყვარს დაძაბული ორთაბრძოლები. ის მატჩი კი მშვიდად მიდიოდა, მიუხედავად ამისა, რომ არც ერთ გუნდს არ ჰქონდა ძალიან დიდი უპირატესობა. ჩვენ არ ვიგებდით 20 ან 25 ქულას, მაგრამ ყოველთვის წინ ვიყავით დაახლოებით 10 ქულით.

ვერ ვუწოდებ იმ მატჩს საინტერესოს. ორი დღით ადრე, ხუთ მილზე კროსი გავირბინე და მთელი სხეული მტკიოდა, განსაკუთრებით ფეხები. დაღლილობას ვერ ვგრძნობდი, მაგრამ ტკივილი იყო. ვიცოდი, რომ მოედანზე გავიდოდი, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ეფექტურად ვითამაშებდი. მაგრამ დაწყებიდანვე ყველაფერი კარგად წავიდა. თუმცა სიამოვნება იმ მატჩისგან არ მიმიღია.

- როგორი მატჩები განიჭებდათ სიამოვნებას?
- დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს იყო ჩემი საუკეთესო შეხვედრა, მაგრამ დავასახელებ 1986 წლის ფინალური სერიის მეექვსე მატჩს. მასში სრულად ვაკონტროლებდი მოედანზე მიმდინარე მოვლენებს (ბერდმა მაშინ 29 ქულა დააგროვა, 12 შედეგიანი პასი და 11 მოხსნა დაუმატა, "ბოსტონმა" კი "ჰიუსტონი" დაამარცხა და ჩემპიონი გახდა).

ვაკეთებდი იმას, რაც მსურდა. და ეს მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რომელშიც ტიტულის ბედი ირკვეოდა. მაშინ მთელი სერია ძალიან მძიმე გამოვიდა. დავიღალე და ძილიც დავკარგე სერიის დროს. მაგრამ ვიცოდი, რომ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში შემეძლო უმაღლეს დონეზე თამაში.

- როგორ ახერხებდით საუკეთესო თვისებების გამოვლენას სწორედ გადამწყვეტ მომენტებში?
- არ ვიცი. საერთოდ, ასეთ მატჩებში რთულია მოვლენათა გავითარების პროგნოზირება. მაგრამ მე საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი, რადგან ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი ვარჯიშებზე. და არასოდეს ვგრძნობდი გარედან ზეწოლას. მაწუხებდა მხოლოდ ის, რამდენად კარგად ვითამაშე, რადგან, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის ვთამაშობდი.

- იმ მატჩის დროს, რომელშიც 60 ქულა დააგროვეთ, როდის მიხვდით, რომ რეკორდზე მიდიოდით?
- ამას იმ მომენტში მივხვდი, როცა კევინ მაკჰეილმა ორი კვირით ადრე 56 ქულა დააგროვა. დარწმუნებული ვიყავი, რომ რაღაც მსგავსს მეც შევძლებდი (მაშინ ბერდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძალიან მალე დაამხობდა მაკჰეილის რეკორდს). მაგრამ კევინი მაშინ მოედნიდან საფინალო სირენამდე გაცილებით ადრე გავიდა. მას კიდევ რამდენიმე ბურთის ჩაგდება შეეძლო.

- მოგვიყევით რაიმე ისტორია კევინ მაკჰეილზე.
- ერთხელ კევინმა ძალიან ცუდი საქციელი ჩაიდინა, რაც კი შეიძლება მეტოქის მიმართ გააკეთო. "გოლდენ სტეიტს" ვხვდებოდით, დიდი ანგარიშით ვიყავით წინ და მატჩს აზრი ჰქონდა დაკარგული. და სწორედ მაშინ, მაკჰეილმა უთხრა ერთ-ერთ მეტოქეს, რომელთან ერთადაც კოლეჯში თამაშობდა:

"თუ ბურთს სამწამიანში მიიღებ, უბრალოდ შემობრუნდი და ისროლე! მე თავს მოვაჩვენებ ყველას, რომ დაცვას ვცდილობ". და როცა მეტოქე ასე მოიქცა, მაკჰეილმა მას ისეთი არანორმალური ბლოკი დაუყენა, რომ ბურთი ტრიბუნების მეექვსე რიგზე გაფრინდა. შემეცოდა ის ბიჭი - უბრალოდ განადგურებული იყო. მაშინვე მწვრთნელთან მივედი და შეცვლა ვთხოვე. ეს იყო ყველაზე ცუდი საქციელი, რომელიც მოედანზე მინახავს. არ შეიძლება ასე მოექცე მეგობრებს.

- დომინიკ უილკინსის ძეგლის გახსნისას იხუმრეთ, რომ კალათბურთელი აშკარად არ დგას დაცვით პოზაში. რა მოგცათ მასთან მეტოქეობამ?
- დომინიკი ძალიან ძლიერი მოთამაშე იყო. როცა ის პირველად გამოჩნდა NBA-ში, ყველა აღნიშნავდა მის ნახტომს. თანაც განსაკუთრებით ეფექტური იყო, როცა ორი ფეხით ხტებოდა, არადა, კალათბურთელების უმრავლესობა ერთი ფეხით ნახტომს ამჯობინებენ, მაგალითად, ასე აკეთებდა მაიკლ ჯორდანი.

მე საერთოდ არ ვიცოდი ხტომა, ასე რომ, ეს ნიუანსები არ მაწუხებდა. მაგრამ უილკინსი ძალიან ნიჭიერი იყო. მას ბევრი ფინტის შესრულება შეეძლო და საერთოდ, ძალიან კარგი კალათბურთელი იყო. NBA-ში ყოველი მატჩი ჩემთვის ბრძოლა იყო, რადგან ვიცოდი, რომ ყოველ ჯერზე უნდა დამემტკიცებინა საკუთარი ოსტატობა ბრწყინვალე მოთამაშეებთან ორთაბრძოლაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული