არის რეკორდი! - "გოლდენ სტეიტმა" 51 მატჩში 47-ედ მოიგო

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტმა" გუშინ "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და 51 მატჩის შემდეგ, 47 მოგება დაუგროვდა. სეზონის ამ ეტაპზე, ამდენი მოგება აქამდე არც ერთ გუნდს არ ჰქონია.

გარდა ამისა, "მეომრებმა" ზედიზედ 42-ე საშინაო მატჩი მოიგეს. ამ მაჩვენებლით, ყველა დროის რეკორდი "ჩიკაგო ბულზს" ეკუთვნის, რომელმაც 1995 წლის მარტიდან 1996 წლის აპრილამდე საკუთარ მოედანზე ზედიზედ 44 მატჩში გაიმარჯვა.

"გოლდენ სტეიტის" რიგებში საუკეთესო ისევ სტივენ კარი იყო. 38 წუთში მან 35 ქულა დააგროვა, რასაც ცხრა შედეგიანი პასი და ხუთი მოხსნა დაუმატა. ასე რომ, გასული სეზონის MVP-ს
მიმდინარე რეგულარულში უკვე 17 მატჩი დაუგროვდა, რომელშიც მინიმუმ 35 ქულა ჩაიწერა ანგარიშზე.

სხვა ამბები
- "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ფორვარდი ბლეიკ გრიფინი ოთხი მატჩით არის დისკვალიფიცირებული იმის გამო, რომ კლუბის თანამშრომელს ხელი გაარტყა. ამ ინციდენტისას გრიფინმა მარჯვენა ხელი მოიტეხა და 4-6 კვირის გამოტოვება მოუწევს.

- ESPN-ის ინფორმაციით, "ინდიანა პეისერსს" თავის რიგებში "ატლანტას" გამთამაშებლის ჯეფ ტიგის ხილვა სურს. "ჰოქსის" მოთამაშისთვის "პეისერსი" თავის ძირითად გამთამაშებელს ჯორჯ ჰილს თმობს.

- იმავე ESPN-ის ცნობით, "კლივლენდი" აქტიურად ეძებს შემადგენლობის გაძლიერების შესაძლებლობას. "კავალიერზში" გადასვლის მთავარი კანდიდატები არიან - ტაირიკ ევანსი და ომერ აშიქი (ორივე - "ნიუ ორლეანი").

- "საკრამენტო კინგზის" ხელმძღვანელობამ გადაიფიქრა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჯორჯ კარლის განთავისუფლება. გუშინ, კარლს შეხვდა "კინგზის" გენერალური მენეჯერი ვლადე დივაცი, რის შემდეგაც სერბმა განაცხადა, რომ მის კლუბში მთავარი მწვრთნელის შეცვლა არ იგეგმება.

- როგორც ესპანური გამოცემა La Opinion de Malaga წერს, "ბოსტონ სელტიქსი" აკვირდება ლიტველ ფორვარდს მინდაუგას კუზმინსკასს, რომელიც ესპანეთში "უნიკახას" შემადგენლობაში თამაშობს.

- "მემფისის" ცენტრმა მარკ გასოლმა, შესაძლოა, სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს, - წერს NBA-ის ოფიციალური ვებგვერდი. 31 წლის ესპანელს მარჯვენა ფეხის მოტეხილობა დაუდგინეს. ორი დღის წინათ, მარკი "პორტლენდის" წინააღმდეგ სათამაშოდ გავიდა, მაგრამ პირველ მეოთხედშივე დატოვა მოედანი და ვერ შეძლო თამაშის გაგრძელება.

- სამაგიეროდ, კარგი ამბავი აქვს მარკის უფროს ძმას - პაუ გასოლს. ვეტერანი ესპანელი ვერ მოხვდა "ყველა ვარსკვლავის მატჩზე" ვერც გულშემატკივართა გამოკითხვის და მწვრთნელების არჩევანის მიხედვით, მაგრამ მაინც ითამაშებს "ოლ სტარზე".

საქმე ისაა, რომ ჩიკაგოელმა ჯიმი ბატლერმა ტრავმა მიიღო და 3-4 კვირა გამოეთიშა თამაშს. უფროსი გასოლი სწორედ თანაგუნდელის ადგილს დაიკავებს "ყველა ვარსკვლავის მატჩში", რომელიც მეექვსე იქნება მის კარიერაში.

მაიამი-სან ანტონიო 101:119
24:20, 23:34, 28:31, 26:34
მ: უეიდი (20), ბოში (18), უაიტსაიდი (14), უდრიხი (13), დენგი (11), დრაგიჩი (10+6 პასი).
ს-ა: ოლდრიჯი (28), ლეონარდი (23+9 მოხსნა), გრინი (15+7 მოხსნა), მარიანოვიჩი (11), სიმონსი (10).

ნიუ იორკი-ვაშინგტონი 108:111
21:35, 29:28, 33:20, 25:28
ნ-ი: ენტონი (33+13 მოხსნა), პორზინგისი (20), ლოპესი (14+8 მოხსნა), ჰელოუეი (14), აფლალო (11).
ვ: უოლი (28+17 პასი), ბილი (26), დადლი (14), გორტატი (14+10 მოხსნა), პორტერი (13).

მილუოკი-ბოსტონი 112:111
26:30, 27:24, 40:20, 19:37
მ: მონრო (29+12 მოხსნა), მიდლტონი (20), კარტერ-უილიამსი (16), ბეილესი (14), ანტენტოკუნმპო (14).
ბ: ბრედლი (18), კრაუდერი (18), ტომასი (15), ოლინიკი (15), ჟერებკო (13), სმარტი (12), სალინჯერი (4+12 მოხსნა), ტერნერი (6+10 პასი).

დალასი-იუტა 119:121 (ო)
29:21, 29:30, 29:27, 23:32, 9:11
დ: პარსონსი (24), უილიამსი (23), ნოვიცკი (17+9 მოხსნა), ფელტონი (17+7 მოხსნა), მეტიუზი (16), ფაჩულია (7+11 მოხსნა).
ი: ჰუდი (29), ჰეივორდი (20), ფეივორსი (16+8 მოხსნა+6 პასი), გობერი (14+10 მოხსნა), ლაილსი (11).

გ. სტეიტი-ჰიუსტონი 123:110
42:27, 27:39, 24:27, 30:17
გ-ს: კარი (35+9 პასი), ბარნსი (19+7 მოხსნა), სპეიტსი (15), ტომპსონი (13), ბოგუტი (13+11 მოხსნა+6 დაფარება), იგუოდალა (12+6 პასი).
ჰ: ჰარდენი (37), არიზა (19+7 მოხსნა), ჰოვარდი (16+15 მოხსნა), ტორნტონი (15).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული