სკოტი პიპენი: "ჩიკაგო"-"უორიორზი" 4:0 იქნებოდა!

AutoSharing Option
"ჩიკაგო ბულზის" ყოფილი ფორვარდი სკოტი პიპენი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი დღევანდელ "გოლდენ სტეიტს" რომ შეხვედროდა, პლეი ოფის სერიას 4:0-ს მოიგებდა.

მოგეხსენებათ, "გოლდენ სტეიტი" ძალიან მიუახლოვდა "ჩიკაგოს" 1995-96 წლების რეკორდს. მაშინ ისე ჩანდა, რომ ჯორდანმა და კომპანიამ ყველა დროის რეკორდი დაამყარეს - 72 მოგება სეზონში! მაგრამ, ახლა მას საფრთხე ემუქრება.

იმ სეზონში, "ჩიკაგოს" შემადგენლობაში მაიკლ ჯორდანთან ერთად ისტორიას ქმნიდა "გოლდენ სტეიტის" დამრიგებელი სტივ კერი. რამდენიმე დღის წინ, მან აღიარა: ისტორიული რეკორდის დამხობის დიდი სურვილი აქვს, თუმცა ამ მოლოდინს გუნდისთვის საეჭვო სარგებლობა
მოაქვს.

დაძაბულობა ყოველ მატჩთან ერთად იზრდება. ამასთან, სპეციალისტმა პრიორიტეტად ჩემპიონობა დაასახელა: "უორიორზი", პირველ რიგში, შარშანდელი წარმატების გამეორებაზეა კონცენტრირებული.

დღეს, "გოლდენ სტეიტის" თამაშით თითქმის ყველა აღფრთოვანებულია. "თითქმის" იმიტომ, რომ არსებობს "ჩიკაგოს" ექს-ფორვარდი სკოტი პიპენი, რომელმაც ხმამაღალი განცხადება გააკეთა და ამით საინფორმაციო სივრცე ააფეთქა: შვიდმატჩიან სერიაში მისი გუნდისა და დღევანდელი "უორიორზის" შეხვედრა მოქმედი ჩემპიონისთვის სავალალოდ დასრულდებოდა.

"გეცინებათ? "ბულზი" სერიას ოთხ მატჩში მოიგებდა!" - დამაჯერებლად განაცხადა სკოტიმ.

პიპენს თავისი ნათქვამის დასაბუთება და საკუთარი პოზიციის ახსნა სთხოვეს.

"ძალიან მარტივია. ჩვენ უბრალოდ არ ავიღებდით უქმეებს", - იყო დამაჯერებლი პასუხი.

პიპენს დიდხანს არც იმაზე უფიქრია: ვის მოუწევდა თანამედროვეობის საუკეთესო სნაიპერის სტივენ კარის მეურვეობა - მას თუ ჯორდანს.

"მაიკლი ტომპსონს ჩაიბარებდა. მე კი რთული ამოცანები მიყვარს. რაც უფრო რთული, მით უკეთესი. ამიტომაც სტეფის წინააღმდეგ მე დავიცავდი თავს. ვფიქრობ, ჩემი წონა და გაბარიტები საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ მისთვის პრობლემები შემექმნა", - აღნიშნა პიპენმა და დაამატა, რომ ამ ოთხ მატჩში აუცილებლად დაიყვანდა კარის შედეგიანობას 20 ქულამდე.

რა თქმა უნდა, ვერასოდეს გავიგებთ - მართალია თუ არა პიპენი. შესაძლოა, მისი მიზანი იყო, ცოტათი გაეღიზიანებინა "გოლდენ სტეიტი" და ამ ხერხით ხელი შეეშალა რეკორდის დამყარებაში. და, როგორც ჩანს, გამოუვიდა, რადგან "მინესოტასთან" გუშინდელმა წაგებამ "უორიორზს" სხვა გამოსავალი არ დაუტოვა - დარჩენილ ოთხ მატჩში ოთხივე უნდა მოიგოს, თორემ რეკორდი არ შედგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული