NBA. პლეი ოფი: ახალ ისტორიამდე ძალიან ახლოსაა

AutoSharing Option
"ტორონტო" ძალიან ახლოს არის თავისი 20-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად აღმოსავლეთის კონფერენციის ფინალში გასვლასთან.

სერიის მეხუთე მატჩში საკუთარი რეპუტაციის სერიოზული რეაბილიტაცია ჰქონდათ კანადელთა ლიდერებს - დემარ დეროზანსა და კაილ ლოურის. ამ დეუტმა წინა მატჩში 28-დან ექვსი ბურთი ჩააგდო და მხოლოდ 19 ქულა დააგროვა. გუშინ, მათ გაასამმაგეს თავიანთი მონაგარი და გუნდური 99 ქულიდან 60 პროცენტი (59 ქულა) საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერეს.

სწორედ ამ დუეტის წყალობით, "ტორონტო" მეორე მეოთხედში 20 ქულით გაიჭრა წინ. დეროზანსა და ლოურის კარგად ეხმარებოდა ბისმაკ ბიიომბო, რომელმაც პირველი ტაიმი სარგებლიანობის
ფანტასტიკური მაჩვენებლით დაასრულა ("+26"), რითაც გულშემატკივრებს იონას ვალანჩუნასის ტრავმა დაავიწყა.

მიუხედავად ამისა, "ტორონტომ" ვერ შეძლო მატჩის ერთი ამოსუნთქვით ჩატარება. "მაიამი" 10:0 გაქცევით ჯერ კიდევ დიდ შესვენებამდე დაბრუნდა თამაშში, ხოლო სირენამდე 1.54 წუთით ადრე, დუეინ უეიდმა ორი საჯარიმოთი მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. იქვე დეროზანმა ასევე ორი ზუსტი ჯარიმით უპასუხა მეტოქეს და საბოლოოდ, მატჩის კულმინაცია გახდა "მაიამის" შეცდომა შეტევაში და ლოურის სამქულიანი ცხრა მეტრიდან სტეფ კარის სტილში, რის შემდეგაც, სხვაობა ექვსი ქულა გახდა. დარჩენილ დროში, სტუმრები შეგნებულად ჯარიმდებოდნენ დეროზანზე, მაგრამ კანადელმა ყველა საჯარიმო ჩააგდო და "ტორონტომ" სერიაში ანგარიში წაიყვანა - 3:2.

სტატისტიკურად, იმ გუნდების 82 პროცენტი, რომლებიც 2:2-ზე იგებდნენ მეხუთე შეხვედრას, შემდეგ ეტაპზე გადიოდნენ, მაგრამ "ტორონტოს" წინასწარ გამარჯვებას არავინ ანიჭებს. უნდა დაველოდოთ მეექვსე მატჩს მაიმიში.

ტორონტო-მაიამი 99:91
28:18, 27:27, 20:17, 24:29
ტ: დეროზანი (34), ლოური (25+10 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), ბიიომბო (10+6 მოხსნა+4 დაფარება), ჯოზეფი (9+5 პასი), პატერსონი (8+6 მოხსნა), კეროლი (6+6 მოხსნა), როსი (5), ტომპსონი (2).
მ: უეიდი (20+7 მოხსნა+4 პასი), დრაგიჩი (13+5 მოხსნა), რიჩარდსონი (13), ჯონსონი (11+8 მოხსნა), უინსლოუ (8+7 მოხსნა), ჯონსონი (6+4 პასი), მაკრობერტსი (6), ჰასლემი (6), დენგი (4+6 მოხსნა), გრინი (4).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (43.2/40.3), სამქულიანები (41.2/28.6), საჯარიმოები (84.6/82.1).
სერია: 3-2

* * *
"გოლდენ სტეიტმა" დანაპირები აასრულა და მეხუთე მატჩში დაასრულა "პორტლენდთან" სერია, თუმცა ეს უკანასკნელი მხოლოდ ქებას იმსახურებს. გუნდმა, რომელმაც სეზონის წინ სასტარტო ხუთეულის ოთხი წევრი დაკარგა, მოულოდნელად კონფერენციის ნახევარფინალში გავიდა, ხოლო "გოლდენ სტეიტთან" სერიაში 205 წუთიდან 137 წუთის განმავლობაში ლიდერის რანგში იყო.

გუშინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "პორტლენდი" გადაღლილი ლიდერებით ისევ შეძლებდა ჩემპიონისთვის წინააღმდეგობის გაწევას. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მატჩის გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა საფინალო სირენამდე 23 წამით ადრე სტივენ კარის ზუსტი სამქულიანი, რომლის შემდეგაც, ანგარიშში სხვაობა ხუთ ქულამდე გაიზარდა. არადა, "პორტლენდს" თავისუფლად შეეძლო სერიის გაგრძელების იმედი ჰქონოდა - ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ 9.9 პროცენტით უფრო ზუსტად ისროდა და 39-დან 10 საჯარიმოს არ ააცილებდა

"გოლდენ სტეიტი" მეორე ფინალისტი გახდა"კლივლენდის" შემდეგ და დაელოდება "სან ანტონიოსა" და "ოკლაჰომას" სერიის დასრულებას, სადაც "თანდერი" 3:2 იგებს.

გ. სტეიტი-პორტლენდი 125:121
27:30, 31:33, 35:28, 32:30
გ-ს: ტომპსონი (33), კარი (29+11 პასი+5 მოხსნა), გრინი (13+11 მოხსნა+6 პასი), ლივინგსტონი (10), ბარნსი (8+7 მოხსნა), ბარბოზა (8), ეზელი (8), იგუოდალა (5+3 პასი), სპეიტსი (5), ბოგუტი (4+3 პასი), ვარეჟაო (2).
პ: ლილარდი (28+7 პასი+7 მოხსნა), მაკალუმი (27+8 მოხსნა+5 პასი), კრები (20), ამინუ (16+9 მოხსნა), ჰარკლესი (13), დევისი (6+7 მოხსნა+3 დაფარება), პლამლი (5+6 მოხსნა+4 პასი), რობერტსი (5), ჰენდერსონი (1).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (51.2/41.3), სამქულიანები (43.8/44.4), საჯარიმოები (86.2/74.4).
სერია: 4-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"სტივენ კარის ზუსტი სამქულიანი"??? ეგ ვინაა, სტივ კერის და სტეფ კარის ნაზავია ვინმე? :)))
ლევანი
13:49 14-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული