NBA. პლეი ოფი: ტიტულის ფავორიტი "ოკლაჰომა" ყოფილა

AutoSharing Option
"ოკლაჰომა-სიტის" სერიოზულად აქვს განზრახული ტიტულის მოპოვება. კონფერენციის ნახევარფინალში "სან ანტონიოს" ძლევის შემდეგ, "თანდერმა" მოგებით დაიწყო "გოლდენ სტეიტთან" ფინალური სერია და საკუთარი მოედნის უპირატესობა მოიპოვა.

თავისი არსებობის ისტორიაში, "გოლდენ სტეიტს" ერთადერთხელ ჰქონდა პლეი ოფში საკუთარ მოედანზე წაგებული შეხვედრა, როცა პირველი ტაიმში შემდეგ ორნიშნა უპირატესობით იგებდა. ეს ერთადერთი მარცხი 1977 წლით თარიღდება და ისტორია 39 წლის შემდეგ გამეორდა.

არადა, გუშინდელ მარცხს არაფერი მოასწავებდა. სტივენ კარიმ პლეი ოფის ახალი რეკორდი დაამყარა - ზედიზედ 45 მატჩში ჩააგდო მინიმუმ ერთი სამქულიანი და "ინდიანას" ლეგენდარულ სნაიპერს
რეჯი მილერს გადაასწრო. ამასობაში, "ოკლაჰომას" ერთ-ერთმა ლიდერმა რასელ უესტბრუკმა მთლიანად ჩააგდო პირველი ტაიმი - 24 წუთში მხოლოდ სამი ქულა აიღო, რაც პირადი ანტირეკორდი იყო პლეი ოფში ერთი ტაიმისთვის.

თუმცა, სწორედ უესტბრუკმა შეცვალა მატჩის სცენარი, როცა მესამე მეოთხედის შუაში, 118 წამის განმავლობაში ზედიზედ 10 ქულა აიღო. სულ ამ 12-წუთეულში მისმა მონაგარმა 19 ქულა შეადგინა, მატჩი კი 7 ჩაჭრით დაასრულა, რაც "ოკლაჰომას" ახალი რეკორდია პლეი ოფის მატჩებში. მასპინძლები ფარქვეშ ბრძოლასაც აგებდნენ და 13-ქულიანი უპირატესობისგან, ბოლო მეოთხედის წინ, თითქმის აღარაფერი დარჩა.

ამ მცირე უპირატესობის შენარჩუნება შეიძლებოდა, მაგრამ მოქმედ ჩემპიონს შორეული ტყორცნები არ წაუვიდა: ზედიზედ ცხრა გაფუჭებულმა სამქულიანმა იმოქმედა კარისა და კლეი ტომპსონის დამაჯერებლობაზე. ამ დუეტს კი ვერავინ დაეხმარა. "გოლდენ სტეიტის" რეზერვისტებმა, საერთო ჯამში, მხოლოდ 16 ქულა მიითვალეს - იმაზე ნაკლები, ვიდრე "ოკლაჰომას" ორ სათადარიგოს - დიონ უეიტერსსა და ენეს კარტერს ჰქონდათ.

მეორე ტაიმში "ოკლაჰომამ" ფანტასტიკური დაცვა ითამაშა. თუ პირველ ტაიმში სტუმრებმა 60 ქულა გაუშვეს, მეორე ნახევარში 42 ქულა ააღებინეს მეტოქეს, მეოთხეში კი - მხოლოდ 14. სეზონის მთავარ ფავორიტს წელს ასეთი ცუდი მეორე ნახევარი ჯერ არ ჰქონია.
სწორედ ამ ყველაფრის წყალობით, "ოკლაჰომამ" წაართვა "უორიორზს" საკუთარი მოედნის უპირატესობა. მასპინძლებს ვერც იმან უშველა, რომ კევინ დურანტმა ბოლო მეოთხედში 11-დან ცხრა სროლა ააცილა, მაგრამ მის მიმართ პრეტენზია არავის ექნება, რადგან სწორედ მან ჩააგდო 30 წამით ადრე საშუალო დისტანციიდან უმნიშვნელოვანესი ბურთი, რის შემდეგაც, "გოლდენ სტეიტს" აღარაფერმა უშველა.

გ. სტეიტი-ოკლაჰომა 102:108
27:21, 33:26, 28:38, 14:23
გ-ს: კარი (26+10 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), ტომპსონი (25+9 მოხსნა+4 პასი), გრინი (23+5 მოხსნა+4 პასი+2 დაფარება), ბარნსი (12+5 მოხსნა), იგუოდალა (6+5 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა), ლივინგსტონი (4), ეზელი (3), ბარბოზა (2), სპეიტსი (1), ბოგუტი (0+3 პასი+2 დაფარება).
ო: უესტბრუკი (27+12 პასი+7 ჩაჭრა+6 მოხსნა), დურანტი (26+10 მოხსნა+3 პასი+3 ჩაჭრა), ადამსი (16+12 მოხსნა+2 დაფარება), იბაკა (11+11 მოხსნა), უეიტერსი (10+4 პასი), კანტერი (8+6 მოხსნა), რობერსონი (7+5 მოხსნა), ფოიე (3).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (44/43.8), სამქულიანები (36.7/47.1), საჯარიმოები (64.7/68.8).
სერია: 0-1

მსაჯის შეცდომა იყო
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბორჯიამ აღიარა, რომ "გოლდენ სტეიტისა" და "ოკლაჰომას" მატჩის ბოლოს, ადგილი ჰქონდა მსაჯების შეცდომას. კერძოდ, საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე, არბიტრებმა ვერ დაინახეს რასელ უესტბრუკის გარბენი იმ მომენტში, როცა გამთამაშებელმა ტაიმ-აუტი მოითხოვა. ამ მომენტისთვის, "ოკლაჰომა" სამ ქულას იგებდა.

"ეს დასანანი შეცდომაა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ თამაშის ტემპი და ის, რომ მსაჯები ყოველთვის ვერ ახერხებენ საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნას. კუთხეს, რომლიდანაც ისინი ამ სიტუაციას ხედავდნენ, არ შეიძლება ოპტიმალური ეწოდოს", - განაცხადა ESPN-თან კომენტარში ბორჯიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული