როცა პირველი მეოთხედის შუაში იონას ვალანჩუნასი შევიდა მოედანზე და კაილ ლოურის პასებით ზედიზედ ორი შეტევა დაასრულა ზუსტად, "კლივლენდმა" თითქოს ტრავმამოშუშებული ლიტველისგან საფრთხე იგრძნო და ფანტასტიკური სპურტი მოაწყო - 23:4. შემდეგ ცოტა დაისვენა და მეორე მეოთხედის ბოლოსკენ კიდევ ერთხელ გაიქცა - 14:1, რის შემდეგაც, სხვაობამ კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია - "+34".
"კავალიერზი" იმ საღამოს ყველა კომპონენტში კარგი იყო: კარგად გაუმკლავდა "ტორონტოს" ლიდერების - ლოურისა და დემარ დეროზანის ნეიტრალიზაციას, რომლებმაც 20-დან მხოლოდ შვიდი ბურთი ჩააგდეს და შვიდი შეცდომა დაუშვეს; სტუმრებმა ტყორცნების მხოლოდ 39.1 პროცენტი გამოიყენეს და თითქმის არ ჰქონდათ შეტევაში მოხსნების შანსი ("ტორონტომ" მეტოქის ფარზე მხოლოდ ხუთჯერ მოხსნა ბურთი); მასპინძლები ძალიან კარგად ასრულებდნენ სამქულიანებს (21-დან 10), ამასთან, მეტოქეს პერიმეტრიდან შეტევის შანსი მოუსპეს და "ტორონტომ" 17-დან 14 შორეული ტყორცნა ააცილა.
ლებრონ ჯეიმსმა ყველაზე მეტი დრო გაატარა მოედანზე, თუმცა ეს "ყველაზე მეტი" მხოლოდ 32 წუთი იყო. ლებრონს პლეი ოფში 191 მატჩი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით მე-12 ადგილი წაართვა მეჯიქ ჯონსონს.
მატჩის გმირად კი შეიძლება კევინ ლავი მოვნათლოთ, რომელიც შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო იმის მიუხედავად, რომ თამაშიდან მხოლოდ ათჯერ ისროლა. ტყორცნების სიზუსტემ 80 პროცენტი შეადგინა, გარდა ამისა, მძიმე ფორვარდმა ექვსიდან ექვსი საჯარიმო მოათავსა კალათში.
კლივლენდი-ტორონტო 116:78
37:19, 28:15, 35:26, 16:18
კ: ლავი (25+2 დაფარება), ჯეიმსი (23+8 პასი+6 მოხსნა), ირვინგი (23+3 პასი+3 ჩაჭრა), ჯეფერსონი (11+6 მოხსნა), ტომპსონი (9+10 მოხსნა), სმიტი (7+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), ფრაი (7), ჯონსი (5), მოზგოვი (4+7 მოხსნა), ჯონსი (2), დელავედოვა (0+5 პასი).
ტ: დეროზანი (14+3 პასი), ლოური (13+6 პასი), ვალანჩუნასი (9), სკოლა (7+3 პასი), ბიიომბო (7), პაუელი (6), რაიტი (6), კეროლი (5), ჯოზეფი (3), პატერსონი (3), როსი (3), ტომპსონი (2+5 მოხსნა).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (57.1/39.1), სამქულიანები (47.6/17.6), საჯარიმოები (75/60).
სერია: 3-2
დამცველების ხუთეული
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ დაასახელა სეზონის საუკეთესო დამცველების სიმბოლური ნაკრები. მასში მოხვდნენ: კრის პოლი ("კლიპერსი"), ეივერი ბრედლი ("ბოსტონი"), კავაი ლეონარდი ("სან ანტონიო"), დრეიმონდ გრინი ("გოლდენ სტეიტი") და დეანდრე ჯორდანი ("კლიპერსი").მეორე სიმბოლური ნაკრები შემდეგმა კალათბურთელებმა შეადგინეს: პოლ ჯორჯი ("ინდიანა"), ჯიმი ბატლერი ("ჩიკაგო"), ტონი ალენი ("მემფისი"), პოლ მილსეპი ("ატლანტა") და ჰასან უაიტსაიდი ("მაიამი").
70-პროცენტიანი კარი?
"გოლდენ სტეიტის მცველს სტივენ კარის ისევ არ შეუძლია სრული ძალით თამაში. მოთამაშესთან დაახლოებულმა წყარომ The Vertical-ის ჟურნალისტს განუცხადა, რომ NBA-ის მოქმედი MVP თავისი შესაძლებლობების 70 პროცენტს იყენებს.ტრავმის გამო, კარიმ პლეი ოფის პირველი და მეორე რაუნდის ხუთი შეხვედრა გამოტოვა და "პორტლენდთან" სერიის ბოლოს დაბრუნდა მოედანზე. "ოკლაჰომა-სიტისთან" ბოლო მატჩში მცველმა 19 ქულა, 5 პასი, 5 მოხსნა და 6 შეცდომა დააგროვა.
კარის პრობლემების შესახებ ინფორმაცია უარყო "გოლდენ სტეიტის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა.
"კომპეტენტური წყაროს ინფორმაციით, კარი საკუთარი შესაძლებლობების 70 პროცენტს იყენებს? პირადად ჩემთვის, ამის შესახებ არავის არაფერი უთქვამს. მწვრთნელები და კალათბურთელის ნათესავები უფრო კომპეტენტურები არიან და არც ერთ მათგანს არ უთქვამს მსგავსი რამ", - მოჰყავს კერის სიტყვები ESPN-ს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"