NBA. პლეი ოფი: სკამიდან მოგებული შეხვედრა

AutoSharing Option
ოკლენდში ფინალური სერიის სტარტი ისეთი არ გამოვიდა, როგორსაც ველოდით. ბევრს ეგონა, რომ "გოლდენ სტეიტისა" და "კლივლენდის" შეხვედრა მხიარულად ჩაივლიდა, მაგრამ ამის ნაცვლად, გულშემატკივარმა საკმაოდ მძიმე კალათბურთი იხილა, რომელმაც "კავალიერზის" ყველა პრობლემა გამოაჩინა.

"კლივლენდის" დამრიგებელმა ტაირონ ლიუმ მატჩის წინ მოკლე ინტერვიუში თავისი გუნდის ტაქტიკა გაამხილა: "დავტვირთავთ ლებრონს და ბურთის მიღების შემდეგ ის მოიფიქრებს - თავად გადაწყვიტოს მომენტის ბედი თუ პასები დაარიგოს". "გოლდენ სტეიტი" ამისთვის შესანიშნავად აღმოჩნდა მზად.

მასპინძლებმა ბრწყინვალედ შეძლეს "კლივლენდის" ლიდერის იზოლირება, გარდა ამისა, მეტოქეს მთავარი კოზირი მოუსპეს - ბურთის
გათამაშება. შესაბამისად, სტუმრების თამაში ინდივიდუალიზმზე დავიდა და მათ ისეთი ბურთების აცილება დაიწყეს, რომელთა ჩაგდებაც აუცილებლად მართებდათ. კაირი ირვინგმა 22-ჯერ ისროლა თამაშიდან და მხოლოდ შვიდი ბურთი ჩააგდო. ამ ყველაფერს კი 15 გუნდური შეცდომაც დაემატა.

* * *
"კლივლენდმა" ამ ყველაფერს მაქსიმალურად აგრესიული პერსონალური დაცვა დაუპირისპირა. ამან სტუმრებს საშუალება მისცა - გაეკონტროლებინათ პერიმეტრი და შეეჩერებინათ სტეფ კარი და კლეი ტომპსონი. მაგრამ "კავალიერზს" დაავიწყდა, რომ "გოლდენ სტეიტის" რიგებში საკმარისად არიან კალათბურთელები, რომლებისთვისაც ერთი ერთზე მოტყუება პრობლემას არ წარმოადგენს.

ასე რომ, "მეომრების" რიგებში წინა პლანზე გამოვიდნენ შონ ლივინგსტონი, ლეანდრო ბარბოზა და ანდრე იგუოდალა. ისინი იოლად ქმნიდნენ თავისთვის მომენტებს და არ აცილებდნენ მარტივი სიტუაციებიდან. ლივინგსტონი 20 ქულით მატჩის მთავარი გმირი გახდა, რაც შეეხება კარის, მატჩის ბოლოს ის თავის გუნდში ექვს საუკეთესო მექულეს შორისაც არ შედიოდა.

"მეომრებმა" უმტკივნეულოდ შეცვალეს თავიანთი ლიდერები, "კლივლენდის" "დიდ ტრიოს" კი თითქმის არანაირი დახმარება არ ჰქონია. მაგალითად, აღიარებულმა სნაიპერმა ჯეი არ სმიტმა 33 წუთში მხოლოდ სამჯერ ისროლა და სამი ქულა დააგროვა.

* * *
ლივინგსტონის გარდა, "გოლდენ სტეიტის" რიგებში MVP-ის სტატუსს იმსახურებს ანდრე იგუოდალა. ერთი წლის წინ, ის სწორედ "კლივლენდთან" ფინალური სერიის MVP გახდა, თუმცა წლევანდელ პლეი ოფში ისე ვეღარ ყოჩაღობდა. მაგრამ დაიწყო ფინალური სერია და იგუოდალამ ისევ შეძლო ლებრონის შეჩერება, ბრწყინვალედ ითამაშა დაცვაში და ამასთან, სამქულიანებს აგდებდა, რასებს არიგებდა, მიჰყავდა გუნდის თამაში და ყოველთვის იქ იყო, სადაც მის გუნდს ყველაზე მეტად უჭირდა.

* * *
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ "მეომრების" დამრიგებელი სტივ კერი. ბევრი მწვრთნელი ვერ გარისკავდა კრიტიკულ მომენტში საკუთარი ლიდერების სკამზე დასმას, კერს კი ამ მხრივ პრობლემები არ ჰქონდა.

გადამწყვეტ მომენტში - მესამე მეოთხედის ბოლოს და მეოთხე მეოთხედის დასაწყისში, როცა "კლივლენდმა" წინ გასვლა მოახერხა, კერი რეზერვისტებს ენდო და მათ არ დააღალატეს.

სწორედ ამ დროს, "გოლდენ სტეიტი" 13:0 გაიქცა და უკან აღარ მოუხედავს (ამ სპურტს ხელი შეუწყო იმან, რომ სტუმრების დამრიგებელმა ლებრონ ჯეიმსს მცირე დასვენების საშუალება მისცა და ამის გამო დაისაჯა). კარი კი მხოლოდ ბოლო ხუთ წუთზე გამოვიდა, როცა მატჩის ბედი გარკვეული იყო.

გ. სტეიტი-კლივლენდი 104:89
28:24, 24:19, 22:25, 30:21
გ-ს: ლივინგსტონი (20+3 პასი), გრინი (16+11 მოხსნა+7 პასი+4 ჩაჭრა), ბარნსი (13), იგუოდალა (12+7 მოხსნა+6 პასი), კარი (11+6 პასი+5 მოხსნა), ბარბოზა (11), ბოგუტი (10), ტომპსონი (9+5 მოხსნა+2 დაფარება), ეზელი (2).
კ: ირვინგი (26+4 პასი+3 ჩაჭრა), ჯეიმსი (23+12 მოხსნა+9 პასი), ლავი (17+13 მოხსნა), ტომპსონი (10+12 მოხსნა), ჯეფერსონი (3), სმიტი (3), შამპერტი (3), დელავედოვა (2), ფრაი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (49.4/38.1), სამქულიანები (33.3/33.3), საჯარიმოები (90/90).
სერია: 1-0

მატჩის ციფრები
- "გოლდენ სტეიტის" სათადარიგოებმა "კლივლენდის" რეზერვისტებს 45:10 მოუგეს. ერთი გუნდის სათადარიგო მოთამაშეებს ფინალური სერიის მატჩში 45 ქულა 1989 წელს ჰქონდათ ("დეტროიტი"). ბოლო 50 წუთის განმავლობაში, ერთი გუნდის სათარიგოთა სკამს მეორესთვის 35 ქულით არასოდეს მოუგია.

- გუნდი, რომელიც ფინალური სერიის პირველ მატჩს მინიმუმ 15 ქულით იგებდა, 13-დან 11 შემთხვევაში იმარჯვება სერიაში.

- ლებრონ ჯეიმსმა ფინალური სერიების პირველი შვიდი მატჩიდან ექვსი წააგო.

- ანდრე იგუოდალა პირველ მატჩში 22-ჯერ იცავდა თავს ლებრონის წინააღმდეგ. ჯეიმსმა ორჯერ შეუტია და ორი ქულა აიღო.

- ტომპსონმა და კარიმ ერთად მხოლოდ 20 ქულა დააგროვეს და ეს არის ამ წყვილის ყველაზე დაბალი შედეგიანობა ბოლო ორ სეზონში.

- პირველ მატჩში მასპინძლებმა 29 შედეგიანი პასი შეასრულეს და მხოლოდ ცხრაჯერ დაკარგეს ბურთი, სტუმრების ანალოგიური მაჩვენებლები იყო - 17 და 15.

- ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა იგუოდალას, ლივინგსტონისა და ბარბოზას ტრიოს - 24-დან 18 ზუსტი სროლა და 41 ქულა.

- მიმდინარე პლეი ოფში მერვე და კარიერაში 24-ე ორმაგი დუბლი შეასრულა დრეიმონდ გრინმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
sportall.ge წესიერი ჩატი გააკეთეთ რა
Akaki
23:21 05-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული