მეხუთე მატჩში მაყურებელმა იხილა ის თამაში, რომელსაც სერიის სტარტიდანვე ელოდა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ გუნდებმა ოდნავ დაივიწყეს დაცვითი მოქმედებები. პირველი ტაიმი 61:61 დასრულდა, რადგან ფარქვეშ შესვლა უფრო იოლი იყო, ვიდრე წინა მატჩებში, აგრეთვე პერიმეტრზეც გაადვილებული იყო მოქმედება.
და კიდევ, "კლივლენდი" პირველად გავიდა მოედანზე მაქსიმალურად კონცენტრირებული იმისთვის, რომ ნამდვილი კალათბურთი ეთამაშა - ყოველგვარი
თავიდანვე დაიწყო ქულა ქულაში თამაში და მარტო მეორე მეოთხედში ლიდერი ცხრაჯერ შეიცვალა. "კლივლენდი", ძირითადად, თავის ლიდერებზე თამაშობდა, რაც გამართლებული იყო, რადგან მათ ყველაფერი გამოსდიოდათ.
გადამწყვეტი ეპიზოდი გახდა ენდრიუ ბოგუტის ტრავმა ჯეი არ სმიტთან შეტაკებისას, რის შემდეგაც, "გოლდენ სტეიტს" არც ერთი კვალიფიციური მაღალი აღარ დარჩა მოედანზე. შესაბამისად, "კავალიერზმა" ძალიან დიდი უპირატესობა მიიღო ფიზიკური ძალის მხრივ.
და, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ლებრონ ჯეიმსისა და კაირი ირვინგის თამაში. ლებრონი ყველგან ეფექტური იყო - შეტევაში ტყორცნების ნახევარზე მეტი გამოიყენა, მათ შორის, რვიდან ოთხი სამქულიანი. კიდევ უფრო დამაჯერებელი იყო მისი თამაში დაცვაში - 16 მოხსნა, 3 დაფარება, 3 ჩაჭრა.
რაც შეეხება კაირი ირვინგს, მან ძალიან კარგად გამოიყენა სტივენ კარის პასიურობა. "უორიორზის" ლიდერი ჩამქრალი და გადაღლილი ჩანდა. მეორე მეოთხედის ბოლოს რამდენიმე აცილებამ, მასზე ცუდად იმოქმედა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მის ფონზე ირვინგი ნამდვილ ვარსკვლავად გამოჩნდა. ხუთი სამქულიანი, ექვსი შედეგიანი პასი და 41 ქულა.
გ. სტეიტი-კლივლენდი 97:112
32:29, 29:32, 23:32, 13:19
გ-ს: ტომპსონი (37), კარი (25+7 მოხსნა+4 პასი+3 დაფარება), იგუოდალა (15+11 მოხსნა+6 პასი), ლივინგსტონი (7+3 პასი), ბარნსი (5+5 მოხსნა), ბარბოზა (3), ვარეჟაო (3), ეზელი (2), ბოგუტი (0+3 დაფარება).
კ: ჯეიმსი (41+16 მოხსნა+7 პასი+3 დაფარება+3 ჩაჭრა), ირვინგი (41+6 პასი), სმიტი (10), ჯეფერსონი (8+3 ჩაჭრა), ტომპსონი (6+15 მოხსნა+2 დაფარება), შამპერტი (4+2 დაფარება), ლავი (2+2 დაფარება).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (36.4/53), სამქულიანები (33.3/41.7), საჯარიმოები (73.1/60.9).
სერია: 3-2
მატჩის რიცხვები
- კლეი ტომპსონმა და ლებრონ ჯეიმსმა ისტორიაში პირველებმა შეძლეს ფინალური სერიის მატჩის ერთ ტაიმში მინიმუმ 25 ქულის დაგროვება. პირველი ნახევრის შემდეგ, მათ ანგარიშზე, შესაბამისად, 26 და 25 ქულა იყო.- სტივენ კარი პლეი ოფის ზედიზედ 56 მატჩში ზუსტი სამქულიანის გარეშე არ ტოვებს მოედანს.
- კაირი ირვინგი და ლებრონ ჯეიმსი პირველი პარტნიორები არიან ფინალურ სერიებში, რომლებმაც მინიმუმ 40 ქულა დააგროვეს მატჩში.
- ირვინგმა და ჯეიმსმა (ერთად 82 ქულა და 13 შედეგიანი პასი) გუნდური 112 ქულიდან 97-ში მიიღეს მონაწილეობა.
- "გოლდენ სტეიტმა" პირველ ტაიმში 11 სამქულიანი ჩააგდო, რაც ფინალური სერიის რეკორდია.
- პირველად 2002 წლის შემდეგ, ფინალური სერიის მატჩში სამმა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ 30 ქულა: 41 ქულა ჰქონდა ლებრონ ჯეიმსს, ამდენივე კაირი ირვინგს და 37 კლეი ტომპსონს.
- კაირი ირვინგმა 41 ქულა დააგროვა თამაშიდან 70.8 პროცენტი რეალიზაციით. ამგვარი სტატისტიკა მხოლოდ ერთადერთ კალათბურთელს ჰქონდა - 1970 წელს, უილტ ჩემბერლენმა 45 ქულა ჩააგდო, ხოლო ტყორცნების გამოყენების პროცენტი 74.1 ჰქონდა.
ლებრონ ჯეიმსის რიცხვები
- ფინალურ სერიებში თავისი მონაგარი 1006 ქულამდე აიყვანა, რითაც მეცხრე კალათბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც ფინალებში 1000-ქულიან ზღვარს გადააბიჯა.- ვერც ერთი შედეგიანი პასი ვერ შეასრულა პირველ ტაიმში. ასეთი რამ პირველად მოხდა 2007 წლის შემდეგ.
- მეცხრე ადგილზე გადავიდა NBA-ის ფინალების ყველაზე შედეგიანი კალათბურთელების სიაში. მან მეჯიქ ჯონსონს გაუსწრო და ახლა, ჯონ ჰავლიჩეკს (1018 ქულა) ემუქრება.
- გუშინდელი 16 მოხსნის შემდეგ, პლეი ოფში 1739 მოხსნა დაუგროვდა, რითაც მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა საუკეთესო მომხსნელებს შორის. ლებრონმა უკან ჩამოიტოვა ელჯინ ბეილორი.
- შვიდი შედეგიანი პასით, პლეი ოფში 267 გადაცემა დაუგროვდა, რითაც მესამე ადგილზე გადაინაცვლა ყველა დროის საუკეთესო ასისტენტთა სიაში. ლებრონმა ბილ რასელს გაუსწრო.
- 41 ქულის, 16 მოხსნისა და 7 პასის დაგროვებით, მეოთხე მოთამაშე გახდა ფინალების ისტორიაში, ვინც მინიმუმ 40 ქულა, 15 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. უფრო ადრე ასეთი სტატისტიკა ჰქონდათ კლიფ ჰაგანს (1961), მეჯიქ ჯონსონსა (1980) და შაკილ ო'ნილს (2001).
- პირველი მოთამაშეა პლეი ოფის ისტორიაში, ვინც 41 ქულა, 16 მოხსნა, 7 პასი, 3 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა. დევიდ რობინსონსაც და ჰაკიმ ოლაჟუონსაც ჰქონიათ ასეთი მატჩები, ოღონდ რეგულარულ სეზონში.
- 174-ე მატჩი ჩაატარა პლეი ოფში, როცა მინიმუმ 20 ქულას იხვეჭდა. ამით ლებრონმა "ჩიკაგოს" ლეგენდარული მცველი მაიკლ ჯორდანი ჩამოიტოვა უკან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"