პაუ გასოლი "სპურსში" მივიდა...

AutoSharing Option
კევინ დურანტის "გოლდენ სტეიტში" გადასვლის გარდა, გუშინ, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარიგება შედგა. სახელოვანი ესპანელი ცენტრი პაუ გასოლი "სან ანტონიოს" მოთამაშე გახდა.

ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმეს, რის სანაცვლოდაც გასოლი 30 მილიონ დოლარს მიიღებს.

გასოლის ბოლო კლუბი "ჩიკაგო" იყო. გასულ სეზონში ესპანელმა 72 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 16.5 ქულა, 11.0 მოხსნა და 4.1 შედეგიანი პასი დააგროვა.

მას შემდეგ, რაც "სან ანტონიო" კონტრაქტზე მოელაპარაკა პაუ გასოლს, გაირკვა, რომ "სპურსს" რომელიმე მოთამაშესთან გამოთხოვება სჭირდება, რათა სახელფასო
ბიუჯეტი განტვირთოს. და როგორც The Vertical ვარაუდობს, ეს ზედმეტი მოთამაშე ბორის დიაო იქნება, რომელმაც მომავალ ორ სეზონში 14 მილიონი დოლარი უნდა გამოიმუშავოს. "სან ანტონიოს" ხელმძღვანელობა ეცდება, უახლოეს ხანში გაცვალოს ფრანგი კალათბურთელი რომელიმე სხვა კლუბში.

* * *
ამასობაში, "სპურსის" ლეგენდა ტიმ დანკანი სერიოზულად ფიქრობს პროფესიული კარიერის დასრულებაზე.

მოთამაშესთან დაახლოებული წყაროს ცნობით, დანკანი თავის უახლოეს წრეს და მშობლიურ კლუბს ამზადებს იმისთვის, რომ მრავალწლიანი კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადოს.

ამგვარი ვარაუდის გავრცელების ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ პაუ გასოლის გაფორმებაა, რაც ავტომატურად ნიშნავს დანკანის სათამაშო დროის მნიშვნელოვნად შემცირებას.

გასული სეზონი ყველაზე ცუდი იყო "სპურსის" ლეგენდის კარიერაში. 40 წლის ტიმმა რეგულარული ჩემპიონატის 61 მატჩში 8.6 ქულა, 7.3 მოხსნა და 2.7 შედეგიანი პასი მიითვალა.

თუ დანკანი გადაიფიქრებს და კარიერას გააგრძელებს, მომდევნო სეზონი მეოცე იქნება მის კარიერაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული