U16. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში საასპარეზოდ გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სერბეთში გაემგზავრა, სადაც ქალაქ ნოვი სადში, 10-დან 18 აგვისტოს ჩათვლით, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში მიიღებს მონაწილეობას. 16-წლამდელთა ნაკრები ერთადერთია ასაკობრივ ნაკრებთა შორის, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ელიტარულ - A დივიზიონში ასპარეზობს.

შესაბამისად, გია კაზანჯიანისა და გელა წულაძის გაწვრთნილი გუნდი ხვალიდან ევროპის საუკეთესო ნაკრებებთან ბრძოლაში ჩაებმება და მიზანი კონტინეტის 16 საუკეთესო გუნდში ადგილის შენარჩუნება იქნება. ამისთვის, საქართველოს ნაკრებმა ტურნირის მოწინავე 13 გუნდში უნდა მოიპოვოს ადგილი, ხოლო ბოლო 3 ადგილზე გასული ნაკრები მომავალ წელს B დივიზიონში იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ელიტაში
ასპარეზობის უფლება საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა შარშან, ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მე-3 ადგილის დაკავებით მოიპოვა.

შარშანდელი შემადგენლობის უმეტესობა, მწვრთნელებიანად, წლეულს 18-წლამდელთა ნაკრებშია. ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილმა ნაკრებმა შარშან ბულგარეთში იყოჩაღა და ქართული კალათბურთის ქომაგები დიდად გაახარა, თუმცა ელიტაში ადგილის შენარჩუნება გაცილებით რთული იქნება და ეს მისია ნოვი სადში გია კაზანჯიანსა და მის ასისტენტს, გელა წულაძეს ეკისრებათ.

ჩვენმა ნაკრებმა საკმაოდ კარგი მოსამზადებელი პერიოდი გაიარა. იმყოფებოდა თურქეთში, ლატვიაში, უკრაინაში, ბელორუსში, სადაც მთლიანობაში 9 სპარინგ-მატჩი გამართა. მწვრთნელებმა ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი შემადგენლობა დიდი დაკვირვებისა და გამოცდის შემდეგ შეარჩიეს. სამწვრთნელო შტაბმა 12-კაციანი სია 8 აგვისტოს, სერბეთში გამგზავრების დღეს დაასახელა.

ევროპის ჩემპიონატის გათამაშების ფორმატი B დივიზიონისაგან განსხვავებულია. 16 გუნდი 4 ჯგუფშია განაწილებული და ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ პლეი-ოფში ყველა მათგანი გადადის.

ჯგუფის თამაშები იმისთვისაა საჭირო, რომ გუნდებმა ადგილები გაინაწილონ და პლეი-ოფში ამის მიხედვით - ჯვარედინი სისტემით დაწყვილდნენ. A ჯგუფის გუნდები B ჯგუფთან დაწყვილდება, ხოლო C - D-სთან.

A ჯგუფი - ლიტვა, ისრაელი, სლოვენია, მონტენეგრო
B ჯგუფი -  ესპანეთი, ლატვია, ჰოლანდია, სერბეთი
C ჯგუფი -  თურქეთი, გერმანია, საბერძნეთი, ხორვატია
D ჯგუფი -  საფრანგეთი, ესტონეთი, საქართველო, იტალია

საქართველოს ნაკრები D ჯგუფში საფრანგეთთან, იტალიასთან და ესტონეთთან მოხვდა. ესტონეთის ნაკრებს საქართველო თურქეთის საერთაშორისო ტურნირზე ეთამაშა და ბოლო პერიოდში, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. როგორც გითხარით, ჯგუფური ეტაპის შემდეგ ყველა გუნდი მერვედფინალში გადავა და გაგრძელდება ბრძოლა ევროპის ჩემპიონობისთვის.

მერვედფინალში დამარცხებული 8 გუნდი ბრძოლას ტურნირზე 9-16 ადგილების გასანაწილებლად განაგრძობს, რათა მომავალი წლისთვის ელიტაში დამრჩენთა და B დივიზიონში დაქვეითებულთა ვინაობა გაირკვეს.

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ შეინარჩუნეს ადგილი A დივიზიონში, სასიამოვნოდ გამაკვირვებენ.
dato
11:55 09-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული