საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ბელარუსს 88:59 მოუგო

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ციკლში მორიგი მოსამზადებელი მატჩი გამართა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბელარუსის ნაკრებს უმასპინძლა და საკმაოდ იოლად – 88:59 დაამარცხა. ქართველებმა ბელარუს თანატოლებს შანსი არ დაუტოვეს და პირველივე პერიოდში რომ გალიდერდნენ, საკუთარი უპირატესობა მცირე ხნითაც არ დაუთმიათ.

ბელარუსის ნაკრები საქართველოში 2 ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად ჩამოვიდა და გლიგორიევიჩის გუნდ ხვალ, 18:00 საათზე კიდევ ერთხელ გაეჯიბრება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის (B დივიზიონი) ემზადება, რომელიც 12-21 ივლისს პორტუგალიის ქალაქ პორტოში გაიმართება. ევროპის
ჩემპიონატის B დივიზიონში 21 გუნდია, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველო 6-გუნდიან, C ჯგუფში მოხვდა შვედეთთან, ჰოლანდიასთან, ესტონეთთან, კოსოვოსა და სომხეთთან ერთად. თითო ჯგუფიდან პლეი ოფში 2 საუკეთესო გადის და აგრძელებს ბრძოლას ტურნირის სამეულში მოსახვედრად. გათამაშების ფორმატის თანახმად, B დივიზიონის საუკეთესო 3 გუნდი შემდეგი, 2020-2021 წლების სეზონისთვის ელიტარულ, A დივიზიონში იასპარეზებს.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა აქამდე საწვრთნელი შეკრება სლოვენიასა და უკრაინაში გამართა, სადაც მთლიანობაში 5 საკონტროლო მატჩი გამართა. დღევანდელ შეხვედრაში ქართველებმა დიდებულად ითამაშეს, რაც გამარჯვების საფუძველი გახდა. თუმცა მოგება არაა ჩვენი გუნდის და სამწვრთნელო შტაბის მიზანი. მილოშ გლიგორიევიჩი გუნდის სათამაშო ტაქტიკას და კომბინაციებს ამუშავებს, რათა ევროპის ჩემპიონატს ოპტიმალურ ფორმაში შეხვდეს.

რაც შეეხება დღევანდელი მატჩის გამორჩეულ მოთამაშეებს, აღსანიშნავია კოკა ფიფიას ზუსტი მიზანი, რომელმაც პირველ პერიოდში 4 სამქულიანი ჩააგდო და სათავე დაუდო საქართევლოს ნაკრების მყარ ლიდერობას. საბოლოოდ ფიფიამ 17 ქულა ჩააგდო, ხოლო ნიკა მეცხვარიშვილის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. მილოშ გლიგორიევიჩმა თითქმის ყველას მეტ-ნაკლებად თანაბარი სათამაშო დრო მისცა და ქულების მითვლა ყველა მათგანმა შეძლო.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული