U16. საქართველომ ავსტრიას მოუგო და ჯგუფიდან გასასვლელად ისლანდიის დამარცხება სჭირდება

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ჯგუფიდან გასვლის ზღვარზეა. ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 1 ტურით ადრე გამსვლელ, მეორე ადგილს ისლანდიასთან იყოფს და უკანასკნელ მატჩს სწორედ ამ ქვეყნის ნაკრებთან გამართავს. ქართველებმა დღეს ძალიან იოლად – 81:65 დაამარცხეს ავსტრია და ისლანდიასთან გადამწყვეტ მატჩამდე მივიდნენ.

პირველ ადგილზე რუმინეთი გავიდა, რომელმაც თავისი მატჩები დაასრულა და ყველა მოიგო. მასპინძლებმა ბოლო ტურში აუტსაიდერ ბოსნიას გაჭირვებით მოუგეს. ბოსნიელებმა ბოლომდე იბრძოლეს და საბოლოოდ მხოლოდ 1 ქულით – 68:69 წააგეს. ცნობისთვის, საქართველომ
ბოსნია 29 ქულით – 90:61 დაამარცხა.

რაც შეეხება ავსტრიასთან მატჩს, საქართველოს ნაკრებს მხოლოდ პირველ პერიოდში გაუჭირდა. ავსტრიელებმა საწყისი პერიოდი 17:14 მოიგეს და მეტსაც მიაღწევდნენ, ნიკა ცინცაძეს და ლევან ტყეშელაშვილს თამაშში ადეკვატური ცვლილებები რომ არ შეეტანათ. საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდიდან თამაში გამოაკეთა, მატჩზე კონტროლი დაამყარა და დიდი შესვენებისთვის 6 ქულით გალიდერდა.

მესამე პერიოდი მთლიანად ქართველების იყო. 11-ქულიანი გამარჯვება და ჯამში 17-ქულიანი ლიდერობა ბოლო პერიოდის წინ. საქართველომ საბოლოოდ იოლი გამარჯვება გაიფორმა და ჯგუფიდან გასასვლელად 1 ნაბიჯი – ისლანდიის დამარცხება დარჩა.

ავსტრიასთან შეხვედრაში საუკეთესო შედეგი ლუკა ტაბაღუამ და ავთანდილ ბახტაძემ აჩვენეს. პირველმა 9 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი მიითვალა, ბახტაძის ანგარიშზე კი 18 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. 13 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მატე ხატიაშვილის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრებისა და ისლანდიის გადამწყვეტი შეხვედრა 9 აგვისტოს, თბილისის დროით 16:30 საათზე გაიმართება. გამარჯვებული 1/8-ფინალში გავა, ხოლო დამარცხებული ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული