საქართველოს U16 ნაკრებმა ევროპის A დივიზიონი საფრანგეთთან მარცხით გახსნა

AutoSharing Option
მაშინ, როცა საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის თამაშების ფინალში ამერიკის “დრიმ თიმთან” საომრად ემზადება, ამ ქვეყნის 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატში ჩაება. საფრანგეთის ნაკრების პირველი მეტოქე საქართველო გახლდათ, რომელმაც სოლიდური წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა საბოლოოდ ფრანგებმა მაინც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

დიახ, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე (A დივიზიონი) ასპარეზობს და მის სადებიუტო მატჩში საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშა. საბოლოო შედეგი საფრანგეთის სოლიდურ გამარჯვებაზე მიუთითებს (74:49), თუმცა ეს მხოლოდ ბოლო პერიოდის დამსახურებაა. მანამდე მოედანზე თანაბარი ბრძოლა იყო. საფრანგეთი უმეტესად ლიდერობ
და, თუმცა საქართველო კვალში ედგა და ტოლს არაფერში უდებდა.

პირველი პერიოდის ბოლო წუთებზე ჩვენი ნაკრები 17:13 ლიდერობდა, თუმცა დარჩენილ დროში ფრანგებმა მოახერხეს გათანაბრება და პერიოდი 17:17 დასრულდა. მეორეშიც თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, მაგრამ ფრანგებმა ბოლო წუთებზე იყოჩაღეს და დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 34:23. ფრანგები ხშირად მიმართავდნენ პრესინგს, რაც ჩვენი ნაკრები სწევრთა შეცდომების მიზეზი ხდებოდა.

მათე ყავლაშვილმა პირველ პერიოდში 8 ქულა ჩააგდო, რის შემდეგაც მას პერსონალური მეურვე მიუჩინეს და დარჩენილ დროში მან ბურთი ვეღარ ჩააგდო. ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ნიკა ცინცაძე და მისი ასისტენტები – ლევან ტყეშელაშვილი და ნიკა ბურჯანაძე თამაშის სასურველ კალაპოტში დაბრუნებას ცდილობდნენ და ტაქტიკასაც სწორად არჩევდნენ, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩვენები საშემსრულებლო ოსტატობამ დააღალატა.

ფრედ დასრულებული მესამე პერიოდის შემდეგ თამაში ბოლო პერიოდში ფრანგების 11-ქულიანი ლიდერობით განახლდა, თუმცა რაც დრო გადიოდა, ანგარიშში სხვაობა იზრდებოდა. ბოლო პერიოდი საფრანგეთმა 26:12 მოიგო და საბოლოოდ დიდი სხვაობით იმარჯვა. ჩვენს ნაკრებში ერთადერთი მოთამაშე ასცდა 10-ქულიან ზღვარს. მათე ხატიაშვილმა 18 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. 8-8 ქულა დააგროვეს გიორგი დოხნაძემ და მათე ყავლაშვილმა. 7 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა ილია სულაძემ.

ჩვენს ჯგუფში გამართულ მეორე მატჩში სლოვენიამ პოლონეთს 81:66 მოუგო. საქართველო ხვალ, 10 აგვისტოს სწორედ სლოვენიას შეხვდება.

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული