დეტალური ანალიზი გამოუვიდა. ნეიტრალური, ფრანგული თვალით დანახული საქართველოს ნაკრები და მისი მეტოქეები ჩვენი გაზეთის მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება.
ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ "ბებასკეტმა" პუბლიკაციის ბოლოს პროგნოზი გამოაქვეყნა: ჯგუფში პირველი ადგილი ლიტვას მიაკუთვნა, მეორე - საქართველოს, მესამე ისრაელს, მეოთხე იტალიას, მეხუთე გერმანიას და მეექვსე უკრაინას.
"ევროპის ჩემპიონატზე გუნდები ოთხ ჯგუფად არიან გაყოფილნი. ყველაზე თანაბარი ისრაელის ჯგუფია. ფავორიტი
გერმანია
"ბებასკეტის" მოსაზრება2015 წელს გერმანიამ ევრობასკეტი ბერლინში ითამაშა და ჯგუფიდან ვერ გავიდა. მას მერე სანაკრებო კარიერა დაასრულა დირკ ნოვიცკიმ და გუნდი ახალი ძალებით შეუდგა ევრო-2017-ისთვის მზადებას.
ბუნდესნაკრებს აკლია ნიჭიერი კალათბურთელები - ზისპერი, ზირბესი, კლებერი და პლეისი. თუმცა გუნდში მათ გარეშეც საკმარისი ტალანტია: შრიოდერი-ბენზინგი-ვოიგტმანი-თეისის კვარტეტი შეტევაში ნებისმიერი მეტოქისთვის დიდი თავსატეხია. თუმცა ალემანებს სათადარიგოთა სკამი გრძელი არა აქვთ და ჯგუფში მეოთხე გამსვლელი ადგილიც დიდი წარმატება იქნება.
ყურადღება მიაქციეთ
დანიელ თეისი (206 სმ, 25 წლის) "ბოსტონ სელტიკსის" ღირსებას იცავს. გუნდის ყველაზე საინტერესო ელემენტი სწორედ თეისი იქნება, მოძრავი წინახაზელია, ათლეტური, კარგი მტყორცნელი. ლიდერი კი დენის შრიოდერი იქნება, "ატლანტა ჰოქსის" გამთამაშებელი, რომელიც საკონტროლო მატჩებში 20 ქულაზე ქვემოთ იშვიათად ჩამოდიოდა.
ადგილობრივი ექსპერტი
რობერტ იერცი (BIG magazine):
- დენის შრიოდერისა და მისი შემცვლელი მაოდო ლოს (ბამბერგი) წყალობით გერმანია სწრაფ კალათბურთს ითამაშებს. მაღალი ტემპის შენარჩუნებაში გუნდს წინახაზელები ვოიგტმანი და თეისიც შეუწყობენ ხელს, რომლებსაც არც სისწრაფე დაეწუნებათ და არც სროლის სიზუსტე. თუ შრიოდერი და თეისი ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ შეტევაში, ძალიან რთული იქნება მათი შეჩერება.
კლებერისა და ზისპერის არყოფნა გუნდს ფრთებს უკვეცავს. გერმანიას არ ჰყავს მაღალი დონის მსუბუქი ფორვარდი, რომელიც, ვთქვათ, კუზმინსკასს შეაჩერებს. ბენზინგს შეუძლია მესამე ნომრად თამაში, მაგრამ იგი არასაკმარისად მობილურია, რომ მეტოქე ფორვარდებს სდიოს. როდესაც შრიოდერი სკამზე დაჯდება, უკანა ხაზში არ რჩება კალათბურთელი, რომელიც ქულას ქულაზე მოაგროვებს.
გერმანიის ნაკრები ასაკოვნებისა (ვოიგტმანი, ბენზინგი, ბართელი) და ახალგაზრდების კარგი ნაზავია (ლო, ჰეკმანი, თეისი). ზისპერი და კლებერი რომ იყვნენ, გერმანია ბევრ ძლიერ მეტოქეს დაამარცხებდა, მათი არყოფნისას კი რთული იქნება. თუმცა თითოეული კალათბურთელისგან ველით რაღაც განსაკუთრებულს.
ვფიქრობ, გერმანია გადარჩება პირველ ეტაპზე. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება დენის შრიოდერზე, გადამწყვეტ მომენტებში თუ ბოლომდე კარგად გაართვა თავი ლიდერობას...
საქართველო
"ბებასკეტის" მოსაზრებაისევე როგორც ლატვია, საქართველოს ნაკრებიც ამოუცნობი გუნდია, მასზე რთულია წერა, განსაკუთრებით მას მერე, რაც ქართველებმა ამ ზაფხულს გააკეთეს! ზაზა ფაჩულია საევრობასკეტო განაცხადშია.
საქართველო ახალგაზრდა ტალანტებისა და გამოცდილი კალათბურთელების "მიქსტურა" იქნება. გუნდში მაღალი დონის შემსრულებლები არიან: ზაზა ფაჩულია, მანუჩარ მარკოიშვილი, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი და გიორგი ცინცაძე, რომელიც შარშანწინ ფრანგულ "გრაველინსა" და "რუენში" თამაშობდა.
არის მათგან განსხვავებული პროფილის კალათბურთელი - მაიკლ დიქსონი, რომელსაც ფეხებში დინამიტი აქვს.
ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ათენის ტურნირზე საბერძნეთი და სერბეთი დაამარცხა. იყო ეს ევრობასკეტის საპლეიოფო პრელუდია? ალბათ, არა, ჯერ ხომ ჯგუფური ეტაპიც არ დაწყებულა, მაგრამ არავის გაუკვირდეს, თუ საქართველოს მეოთხედფინალში ვიხილავთ.
ყურადღება მიაქციეთ
მაიკლ დიქსონი (186 სმ, 26 წლის, "სტრასბური") მეტად საყურადღებო ფიგურაა. მან საქართველოს მოქალაქეობა 2016 წელს მიიღო და ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევ ეტაპზე თავის ახალ სამშობლოს ძალიან დაეხმარა: 16.6 ქულა, 4.2 პასს აგროვებდა. მაიკლისგან გაცილებით მეტს ელიან, ვიდრე ჯეიკობ პულენისგან, რომელიც 2015 წელს საქართველოს ნაკრებისთვის იმედგაცრუება იყო.
ადგილობრივი ექსპერტი
ვაჟა სიმონიშვილი (ლელო):
- საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტის გუნდებში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წინა ხაზი ჰყავს: ერთმანეთს შეენაცვლებიან NBA-ს ჩემპიონი ზაზა ფაჩულია და ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრი გიორგი შერმადინი.
გუნდის მთავარი პლუსი შეთამაშებაა - ძირითადი ბირთვი 2004 წლიდან დღემდე ერთად თამაშობს. საქართველოს ნაკრების კალათბურთელები საკმარისად გამოცდილები არიან, ისინი 2011 წლის ევრობასკეტზეც ასეთივე გამოცდილებისანი რომ ყოფილიყვნენ, შესაძლოა, საპრიზო სამეულშიც მოვხვედრილიყავით.
საქართველოს არ ჰყავს საერთაშორისო პრაქტიკის სათადარიგო კალათბურთელები, ამიტომ მწვრთნელი როტაციის ხარჯზე ცდილობს, ეს გუნდის თამაშს არ დაეტყოს. დიდი დანაკლისია ვიქტორ სანიკიძისა და ბექა ბურჯანაძის არყოფნა. მათ ხომ სამ პოზიციაზე თანაბარი წარმატებით შეუძლიათ თამაში. ასეთ კალათბურთელებს კი ბევრი ნაკრები ნატრობს.
ზაზა ფაჩულიამ თქვა: ეს ევრობასკეტი საქართველოსთვის ისტორიული უნდა იყოს, რატომ არ უნდა ვიბრძოლოთ მედლებისთვის?!
ისრაელი
"ბებასკეტის" მოსაზრება2015 წლის ევრობასკეტზე ისრაელმა 1/8 ფინალი ითამაშა. ასეთივე შედეგის გამეორებას გეგმავს წლეულსაც. ერეზ ედელშტაინის გუნდი ჯგუფის მასპინძელია და მას ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა მოსამზადებელ ეტაპზე. მათ წარმატებას შესაძლოა, ხელი იმანაც შეუწყოს, რომ გერმანია და იტალია არ არიან იმ დონეზე, რასაც მათგან ველოდით.
ხმაურიანი ტრიბუნები ისრაელის ნაკრების დიდი პლუსი იქნება. გუნდში ბევრი გამოცდილი კალათბურთელია, მათ შორის ლემონადი, კასპი... ნაძლევის დადებაც შეიძლება, რომ ეს გუნდი იტალიასა და გერმანიას აჯობებს და სტამბოლში გაემგზავრება.
ყურადღება მიაქციეთ
გალ მეკელს (191 სმ, 29 წლის, გრან კანარია) ევროლიგასა და NBA-ში თამაშის გამოცდილება აქვს. თუმცა ბოლო წლებში ჩვეულ სიმაღლეზე ვეღარაა და თელ-ავივის "მაქაბიმაც" აგრძნობინა, რომ უმჯობესი იყო სხვა გუნდის მოძებნა. მეკელი ესპანურ "გრან კანარიაში" გადავიდა. თუ მან ისევე კარგად ითამაშა, როგორც 2015 წლის ევრობასკეტზე (13.3 ქულა, 4.5 მოხსნა, 6.5 პასი), ისრაელს დასახული მიზნის მიღწევა გაუადვილდება.
ადგილობრივი ექსპერტი
არალე ვეისბერგი (ვალა სპორტსი):
- ისრაელს ჰყავდა ვარსკვლავები მიკი ბერკოვიჩი, დორონ ჯამში, ოდედ კატაში... დღესაც ჰყავს ლიდერი - ომრი კასპი, ნაციონალურ ასოციაციაში თამაშის რვაწლიანი გამოცდილებით. თამაში მასზეა აწყობილი.
რადგან გუნდს არ ჰყავს ნომინალური ცენტრი, ისრაელის ნაკრებში გამოჩნდა ნატურალიზებული ამერიკელი რიჩარდ ჰოუელი, რომელიც იერუსალიმის "ჰაპოელის" ღირსებას იცავს. ეს კარგია, თუმცა იმ კატეგორიის კალათბურთელებს არ განეკუთვნება, თამაშის ბედის შეცვლა მარტოს რომ შეეძლოს.
ისრაელის ნაკრების მთავარი პლუსი პერიმეტრიდან ზუსტი ტყორცნები იქნება. ამისთვის საჭიროა, კასპიმ თავისი სროლა გაიხსენოს და მას მხარი აუბან მეკელმა და დოუსონმა.
დადებითი მომენტია ევრობასკეტის ჯგუფის მასპინძლობა, მაგრამ არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ კალენდრის სირთულეს - დასაწყისში სამი მძიმე მატჩია იტალიის, გერმანიისა და ლიტვის წინააღმდეგ. სამი წაგებით დაწყება ძალიან გაართულებს საქმეს. თუმცა, ვფიქრობ, ისრაელი საწყისი სამიდან მინიმუმ ერთს მაინც მოიგებს და მომდევნო ეტაპზე გავა.
იტალია
"ბებასკეტის" მოსაზრებათუ იტალიამ ევრობასკეტზეც ისე ითამაშა, როგორც საფრანგეთთან ამხანაგურ მატჩში, შორს ვერ წავა. ლიდერ დანილო გალინარის ტრავმამ დიდი საფიქრალი გაუჩინა მთავარ მწვრთნელ ეტორე მესინას. თუმცა "სკუადრა აძურაში" საკმარისად არიან მაღალი ხარისხის კალათბურთელები და ვერც ჯგუფის ფავორიტთა სიიდან ამოვშლით.
თუ სტამბოლში წასვლა უნდათ, იტალიელებმა მეტოქე წინახაზელებს უნდა მოუხერხონ რამე. საკონტროლო მატჩებში ძალიან გაუჭირდათ ლუვერნის, მარიანოვიჩის, პრინტეზისისა და შერმადინის შეჩერება. ევრობასკეტზე "სკუადრა აძურას" ფაჩულია, ვალანჩუნასი და თეისი ელიან...
ყურადღება მიაქციეთ
ნიკოლო მელი (205 სმ, 26 წლის, "ფენერბაჰჩე") "ბამბერგში" ანდრეა ტრინკიერის ხელში სასარგებლო წინახაზელად იქცა. ასევე იყო "ფენერბაჰჩეში" ჟელკო ობრადოვიჩთან. რა თქმა უნდა, იტალიას კიდევ უფრო მაღალი კალიბრის კალათბურთელები ჰყავს, მაგრამ მელის თამაშზე ბევრი იქნება დამოკიდებული.
ადგილობრივი ექსპერტი
ორაციო კაუჩი (სპორტანდო):
- გუნდის საფირმო ნიშანი დაცვაა. საკონტროლო მატჩებში, შეტევაში კალათბურთელები არ მოძრაობდნენ საკმარისად, გუნდს კი ერთი ნამდვილი მექულე ჰყავს - მარკო ბელინელი.
დანილო გალინარის დაკარგვა დიდი დანაკლისია. იგი იმ ტიპის მოთამაშეა, გამოუვალ სიტუაციებში ბურთს რომ მიანდობ და იცის, რა გააკეთოს, შეტევას ურთულესი პოზიციიდანაც ზუსტად აგვირგვინებს. მის არყოფნაში შეტევითი პოტენციალი კიდევ მეტად უნდა გამოავლინონ დატომემ და მელიმ.
სათადარიგოთა სკამიდან არადორის ქულები დაგვჭირდება, ისევე როგორც დელა ვალესი და ფილოის. თუ ისინი მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან, ბელინელის მეტი სივრცე გამოუთავისუფლდება.
იტალიის პრობლემაა სიმაღლე ფარქვეშ. გუნდში არ არის ნომინალური ცენტრი, რომელიც საიმედოდ დაიცავს ფარს. ჩერვი ამ დონეზე ნამდვილად არ არის გამოცდილი, კუზინი უკეთესია, მაგრამ ხშირად იღებს ფოლებს. ბილიამ მოსამზადებელ ციკლში პროგრესი გვიჩვენა, თუმცა იგი კუსინზე დაბალია. ძალიან გაუჭირდება ისეთი კალათბურთელების წინააღმდეგ, როგორებიც არიან მარიანოვიჩი და გასოლები.
"სკუადრა აძურას" მიზანი ჯგუფური ეტაპის გადალახვა და პლეი ოფში თამაშია. მერვედფინალის გავლა და მეოთხედფინალში გასვლა კარგი შედეგი იქნება. უფრო შორს, იტალიის ადგილს ვერ ვხედავ.
ლიტვა
"ბებასკეტის" მოსაზრებაევროპის ორგზის ჩემპიონები ბოლო ორ ევრობასკეტზე ფინალში იყვნენ. რთული იქნება ზედიზედ მესამედ ფინალში გასვლა. იანკუნასისა და საბონისის არყოფნა გუნდისთვის დიდი დანაკლისია, ბოლო მომენტში მწვრთნელს ლეკიავიჩუსის შემცვლელის მოძებნამ მოუწია. ამის მიუხედავად მაინც არ შეიძლება ლიტვის ჩამოწერა ფავორიტობიდან, მას ნამდვილად შეუძლია რომელიმე სინჯის მედლის მოგება.
ლიტვის ნაკრებს ქაოსური მოსამზადებელი ეტაპი ჰქონდა, ზოგ ფავორიტს მოუგო, ზოგთან მოულოდნელად წააგო...
ყურადღება მიაქციეთ
მინდაუგას კუზმინსკასი (205 სმ, 27 წლის, "ნიუ იორკი") ამერიკაში ბოლო სეზონში საშუალოდ 15 წუთში 6.3 ქულასა და 1.9 მოხსნას აგროვებდა. ძალიან საინტერესო იქნება მისი პროგრესის ხილვა. მოძრავი, ათლეტურია, 2013 წლიდან დღემდე ყოველწლიურად მონდომებით თამაშობს ლიტვის ნაკრებში.
ამ ევრობასკეტზე კუზმინსკასის როლი კიდევ უფრო გაიზრდება. მედლებისთვის ბრძოლაში მისი თამაშის ხარისხს დიდი მნიშვნელობა ექნება.
ადგილობრივი ექსპერტი
სიმონას ბარანაუსკასი (ფრილენსერი):
- უჩვეულო ზაფხული იყო. რამდენიმე კალათბურთელი დავკარგეთ, თუმცა მიზანი კვლავ მედლებია. მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარიუს ადომაიტისმა იონას კაზლაუსკასი შეცვალა, მაგრამ გუნდის სახე შენარჩუნებულია. იონას ვალანჩუნასი მთავარი ფიგურა იქნება, რომელთან ერთადაც დიდი დატვირთვა მოვა მანტას კალნიეტისსა და დონატას მოტეიუნასზე.
საბონისისა და იანკუნასის არყოფნაში ველით, რომ მეოთხე ნომრის პოზიციაზე გაჩენილ სიცარიელეს მოტეიუნასი ამოავსებს. იგი შესაძლოა, მეხუთე ნომრადაც ვიხილოთ. ისლანდიასთან მატჩში ლეკიავიჩუსმა ფეხი დაიზიანა, რის შემდეგაც კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა პრობლემები შემცვლელებთან დაკავშირებით.
ახალი კაპიტანი მანტას კალნიეტისი იმედიანადაა: ლიტვას არ ჰყავს ინდივიდუალურად ძალიან მაღალი დონის შემსრულებლები, მაგრამ ეს არის გუნდი, რომელიც ევრობასკეტზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იქნება.
მიმაჩნია, რომ ლიტვა ის ნაკრებია, რომელსაც შეუძლია თელ-ავივში ყველა მეტოქის დამარცხება, ნახევარფინალში თამაში და პოდიუმზე ასვლა ისე, როგორც ეს 2013 და 2015 წლებში მოახერხა.
უკრაინა
"ბებასკეტის" მოსაზრებაჩვენი მოსაზრება? უკრაინის ნაკრების გამარჯვება შესაძლოა, გასაკვირიც იყოს. ამ გუნდს ყველა წამყვანი კალათბურთელი აკლია: პუჰ ჯეტერი, სერგეი გლადირი, ალექს ლენი, კირილ ფესენკო, ჯოელ ბალამბოი...
მუშა გუნდია, იბრძოლებს...
ყურადღება მიაქციეთ
არტიომ პუსტოვოი (216 სმ, 25 წლის, "ობრადარიო") NBA-ს ტალანტთა შორის იყო. კარგი კალათბურთელია, თუმცა ფიზიკურად კიდევ უფრო ღონიერი რომ იყოს, მისთვისაც კარგი იქნებოდა და გუნდისთვისაც. ესპანეთის ჩემპიონატში ნორმალური სეზონი ჰქონდა: 9.3 ქულასა და 3.3 მოხსნას აგროვებდა.
წინა წლებისგან განსხვავებით, პუსტოვოის თელ-ავივში მეტი ფუნქცია დაეკისრება. მოუთმენლად ველით მატჩებს, როდესაც პუსტოვოი პირისპირ დადგება ვალანჩუნასისა და ფაჩულიას წინააღმდეგ.
ადგილობრივი ექსპერტი
ოლექსანდრ პროშუტა (ბასკეტ-პლანეტი):
- ალექს ლენის, კირილ ფესენკოსა და ჯოელ ბალამბოის არყოფნა გუნდზე ნამდვილად ცუდად იმოქმედებს. არტიომ პუსტოვოი მოსამზადებელი ციკლის სასიამოვნო სიურპრიზი იყო. კაპიტანი სლავა კრავცოვი ყველაზე გამოცდილია და წინა ხაზში ყველაზე დიდი დატვირთვა სწორედ მასზე მოვა. გვყავს კარგი ფორვარდები: სლავა ბობროვი და მაქსიმ კორნიენკო. თუ ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ, უკრაინის ნაკრები საინტერესო სანახავი იქნება.
სუსტი წერტილი შეტევაა. პუხ ჯეტერისა და სერგეი გლადირის არყოფნაში ბევრი არ არის ისეთი, სნაიპერის ფუნქციებს რომ იკისრებს. ლუკაშოვი და ლიპოვოი კარგი მტყორცნელები არ არიან. მიშულა და ოტვერჩენკო უკეთ ისვრიან, მაგრამ ასეთ დონეზე თამაშის გამოცდილება არა აქვთ. უკრაინისთვის დიდი პრობლემა იქნება ბურთის კალათამდე მიტანა.
თუ გუნდი სტამბოლის საგზურს მოიპოვებს, უკრაინული კალათბურთის დიდი წარმატება იქნება, მაგრამ ამისი არ მჯერა. ვფიქრობ, შეჯიბრებას დავასრულებთ 1:4, ან 0:5-ით. შეიძლება ერთი-ორი კარგი მატჩი გამოგვივიდეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"