საქართველო VS ლიტვა - ვიწყებთ მეოთხე ევრობასკეტს!

AutoSharing Option
დღეს, 31 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მეოთხე ევრობასკეტს დაიწყებს. ილიას ზუროსის გუნდი B ჯგუფში, რომელსაც ისრაელი მასპინძლობს, პირველ შეხვედრას ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 19:30 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრებმა ლიტვასთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში 30 აგვისტოს გამართა. გუნდის 12-ვე წევრმა, თელ-ავივის არენაზე სრული დატვირთვით ივარჯიშა.

- საქართველოს ნაკრების ვარჯიში სერბეთთან მატჩის წინ [VIDEO]
- ილიას ზუროსი: ჩვენ ავაშენეთ გუნდი, რომელიც კარგი გუნდური სულისკვეთებით გამოირჩევა

იქნება ეს ევროპის ჩემპიონატი ისტორიული? რომელი ადგილით
გავა ჯგუფიდან? როგორ ხვდება ევრო-2017-ს? თუმცა მთავარი შეკითხვა ასე ჟღერს: რა იქნება დღეს, ლიტვასთან მატჩში?

- კარგი გუნდი გყავთ, - გამიღიმა გუშინ თელ-ავივის არენის წინ ლუდმომარჯვებულმა ლიტველმა გულშემატკივარმა. - მაგრამ ლიტვის ნაკრებთან შანსი არა გაქვთ! გახსოვთ, 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალი?!
ჟურნალისტებსაც გვახსოვს, გულშემატკივრებსაც და კალათბურთელებსაც.

"ეს იყო ქართული კალათბურთის ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი, მისი მოგება ბევრს შეცვლიდა, მაგრამ მაციულისმა ბოლო წამებზე თამაშის მოგების შანსი არ მოგვცა. ეს არასოდეს დამავიწყდება", - აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ, ხოლო ლიტველი ჟურნალისტის შეკითხვაზე: უახლოვდება თუ არა საქართველო ელიტარულ ნაკრებებს, წარბშეკვრით უპასუხა:

"ვერ დაგეთანხმებით, რომ საქართველო ელიტარულ ნაკრებებს უახლოვდება, ჩვენი გუნდი ელიტის წევრია. ეს ბოლო წლებში სტაბილური და კარგი თამაშით დავამტკიცეთ. გადახედეთ მოსამზადებელ ეტაპს, ქართველებმა დაამარცხეს ლიტვა, ლატვია, საბერძნეთი, სერბეთი. ეს შემთხვევითობა არ არის. მით უმეტეს, რომ გვაკლია ვიქტორ სანიკიძე და ბექა ბურჯანაძე.

კალათბურთელები წლიდან წლამდე ვუმატებთ, გამოცდილებას ვაგროვებთ. საქართველოს ნაკრები ღვინოსავითაა, რაც უფრო ძველდება, მით უფრო კარგია. ვფიქრობ, გვაქვს შანსი, ისტორიული ევრობასკეტი გამოგვივიდეს".

აი, ასეთი იყო საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას პასუხი ლიტველებისადმი. იგი კოჭის ტრავმის გამო გუნდთან არასრულფასოვნად ვარჯიშობდა, მხოლოდ ბოლო დღეებში შეუდგა გუნდთან ერთად წვრთნას.

მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი იმედიანადაა:

"ზაზა ფაჩულიამ ჩვენთან ერთად სრულფასოვნად ოთხი ვარჯიში გამართა. იგი ნელ-ნელა იდგენს კონდიციებს, მაგრამ გუნდისთვის ფეხის ასაწყობად დრო მაინც სჭირდება. მან შარშანაც დაგვანახა, რაოდენ დიდი ძალაა საქართველოს ნაკრებისთვის".

თავად კაპიტანი კი აქტიურად ემზადება ლიტვასთან დაპირისპირებისთვის:

"როგორც აღვნიშნე, თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ მხოლოდ ვარჯიშების მიხედვით რთულია გარკვეული დასკვნების გამოტანა. ევრობასკეტის მატჩები ბევრს დაგვანახებს, განსაკუთრებით კი ისეთი ცენტრების წინააღმდეგ თამაში, როგორებიც ლიტვას ჰყავს. იონას ვალანჩუნასი ხომ ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული წინახაზელია. მასთან სათამაშოდ განსაკუთრებულად ვემზადებით".

გაგახსენებთ, 2015 წლის ევრობასკეტზე ზაზასა და ვალანჩუნასის დუელი ქართველის გამარჯვებით დასრულდა, ფაჩულიამ 23 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ვალანჩუნასმა - 5 ქულა და 0 მოხსნა. თუმცა ლიტვამ 85:81 მოიგო. ეს თამაში კარგად ემახსოვრება ლიტველ ცენტრსაც და ყველანაირად ეცდება პრესტიჟის აღდგენას.

ჩვენს მეტოქეს დიდი თავსატეხი აქვს. გუშინ ლიტველი ჟურნალისტები მხრების აჩეჩვით ლაპარაკობდნენ: რა ხდება დონატას მოტეიუნასის ირგვლივ? ისინი სკეპტიკურად უყურებენ მთავარი მწვრთნელის, დაინიუს ადომაიტისის გადაწყვეტილებას, რომელმაც "ნიუ იორკის" ლიდერი მოტეიუნასი შეკრებიდან ამერიკაში გაუშვა.

საქმე ის არის, რომ მას ბავშვი შეეძინა და რამდენიმე დღით ჩავიდა მეუღლისა და პატარას მოსანახულებლად, თუმცა გზაში პრობლემები შეექმნა და... გუშინდელი ცხელი ინფორმაციით, იგი ჰიუსტონიდან ჯერ დალასში უნდა გადაფრენილიყო, იქიდან კი ევრობასკეტის პირველ მატჩს უნდა ჩამოუსწროს.

მოტეიუნასი 31 აგვისტოს, 4 საათისთვის თელ-ავივში იქნებაო, კი ამბობენ, მაგრამ ჯერ ერთი, საკითხავია, ჩამოვა თუ არა დათქმულ დროს და მეორეც - მგზავრობით გადაღლილს როგორ ათამაშებს მთავარი მწვრთნელი?

ბოლოს მანუჩარ მარკოიშვილს მოვუსმინოთ:

"თელ-ავივში მესამე დღეა ჩამოვედით, აკლიმატიზაციაც კარგად გავიარეთ და ვფიქრობ, ევრობასკეტისთვისაც სათანადოდ ვართ მომზადებულები, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ვარჯიშებზე დეტალურად განვიხილეთ ლიტვის ნაკრების ტაქტიკა. ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და მოუთმენლად ველით ევრობასკეტის დაწყებას".

საქართველოს ნაკრები
N მოთამაშე ასაკი სიმაღლე კლუბი
3. მაიკლ დიქსონი 27 186 სტრასბურგი
4. გიორგი გამყრელიძე 31 185 ტიტები
6. ანატოლი ბოისა 33 194 ქუთაისი
7. ზაზა ფაჩულია 33 211 გოლდენ სტეიტი
8. გიორგი ცინცაძე 31 193 ქუთაისი
9. გიორგი შერმადინი 28 216 უნიკახა
10. დუდა სანაძე 25 196 თავისუფალი აგენტი
11. მანუჩარ მარკოიშვილი 30 196 რეჯიო ემილია
17. მიხეილ ბერიშვილი 30 203 დინამო
23. თორნიკე შენგელია 25 207 ბასკონია
35. გოგა ბითაძე 18 212 მეგალექსი
99. ილია ლონდარიძე 27 205 დინამო.
მთავარი მწვრთნელი: ილიას ზუროსი.

მეტოქე ლიტვა
1:5 (მოგება/წაგება)
სწორედ ბალტიისპირელებთან დავმარცხდით 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში (81:85). ფაქტობრივად, მოგებული თამაში იყო, მაციულისს "თავგამოდებული" სამქულიანები რომ არ ჩაეყარა...

ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელმა რონენ გინსბურგმა თქვა: საქართველოში, ისრაელში, სერბეთში, ლიტვაში კალათბურთელი ნაკრებში რომ არ გამოცხადდეს, პრობლემები შეექმნება. ჩეხეთში ასე არ არის, ამიტომაც ვართ განახევრებული შემადგენლობითო. დიახ, ისევე, როგორც საქართველოს, ლიტვასაც ყოველთვის საბრძოლო შემადგენლობა ჰყავს, ყველა კალათბურთელს უხარია ქვეყნის ღირსების დაცვა.

ევრობასკეტზე იქნებიან მაციულისი, ვალანჩუნასი, კალნიეტისი... და რა შანსი აქვს საქართველოს?

აგვისტოს დასაწყისში ლიტვას ვილნიუსის საერთაშორისო ტურნირზე ვეთამაშეთ და 81:70 დავამარცხეთ. ეს გახლდათ პირველი გამარჯვება ამ ორი გუნდის ურთიერთშეხვედრათა ისტორიიდან. რის ხარჯზე მოვიგეთ? მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა წარმატება ქართულ ხასიათს დააბრალა, მებრძოლი სული ლიტვაში კარგად გამოჩნდაო. ლიტველებმა ფარქვეშ შენგელიასა და შერმადინის შეჩერება ვერ მოახერხეს. დროულად დაეხმარნენ პერიმეტრიდან ცინცაძე, დიქსონი, მარკოიშვილი და სანაძე.

არ გვყავდა ზაზა ფაჩულია. ლიტვას კი ზემოთ ჩამოთვლილი ტრიო აკლდა - მაციულისი-ვალანჩუნასი-კალნიეტისი... ასე რომ, ევროპის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში გაცილებით ხარისხიან თამაშს ვიხილავთ, ვალანჩუნასს ფაჩულია და შერმადინი რომ მოუვლიან, ამის თქმაც წინასწარ შეიძლება, თუმცა ფრონტის სხვა მონაკვეთებზე როგორ განვითარდება მოვლენები, რთული სათქმელია...

ლიტვა მოსამზადებელ ეტაპზე
ლიტვა-პოლონეთი 59:58
ლიტვა-საფრანგეთი 96:71
ლიტვა-რუმინეთი 97:64
ლიტვა-ისლანდია 84:62
ლიტვა-საქართველო 70:81
ლიტვა-ხორვატია 80:82
ლიტვა-საფრანგეთი 77:98
ლიტვა-ლატვია 77:87
ლიტვა-ესპანეთი 78:79.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
მე მჯერა თქვენი!ღმერთი თქვენთან!
tazo
17:48 31-08-2017
0
(ლსჰუნტერ ნეტ) თუ ვინმეს უნდა ლაივ სტრიმი, ნბა-ს თამაშებსაც ძირითადად აქ ვუყურებ ხოლმე, შეინახეთ თუ არ დაბლოკეს.
tanto
17:45 31-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული