ტელეკომპანია "იმედისათვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ განაცხადა, რომ სამწუხაროდ მოხდა ის, რასაც მოელოდნენ, ვიქტორ სანიკიძის და ბექა ბურჯანაძის გამოკლებამ, აგრეთვე ზაზა ფაჩულიას მიერ აკროპოლისის თასის წინა ვარჯიშზე ტრავმის მიღებამ და ევრობასკეტ 2017-ის პირველივე შეხვედრაში გიორგი ცინცაძის დაშავებამ, გამოიწვია ის, რომ არასრული 6 მოთამაშით მოუწიათ ასპარეზობა, რამაც თავისი უარყოფითი შედეგი გამოიღო, ნამდვილად არ იმსახურებდნენ ჯგუფში ჩარჩენას, ცოტა სხვანაირი კალენდარი რომ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის განსხვავებულად მომზადება მართებთ.
გაბრიჩიძემ ცინცაძისა და ილიას ზუროსის შესახებაც ისაუბრა:
"ცინცაძემ ეროვნული გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ განცხადება ჩემის აზრით, ემოციურ ფონზე გააკეთა, შევხვდები და პირადად დაველაპარაკები ამ საკითხზე. მან ნამდვილი გმირობა ჩაიდინა, ფაქტიურად ცალი ფეხით ითამაშა. დამშვიდდება, დაწყნარდება და იმედია, დარჩება გუნდში. ის ამ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, წამყვანი ფიგურაა.
ძალიან გამაკვირვა ზუროსზე გავრცელებულმა ინფორმაციამ, თითქოს ნაკრებიდან მიდიოდეს. ეს ტყუილია, 10 დღის განმავლობაში ჩამოვა თბილისში და შევუდგებით ახალი გუნდის ფორმირებას. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულ სხვა, განსხვავებული ფორმატია და მზადების ახალი გეგმაა საჭირო. ასე რომ, ზუროსი რჩება".