"გერმანიამ იპოვა გასაღები, როგორ შეიძლებოდა საქართველოს ნაკრების დამარცხება"

AutoSharing Option
ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებმა თამასა ძალიან მაღლა ასწია, გაუთანაბრდა ევროპის გრანდებს, მოსამზადებელ ეტაპზე სერბეთის, ლიტვის, საბერძნეთისა და ლატვიის ძლევის შემდეგ გაჩნდა მოლოდინი აქამდე მიღწეულის ერთი-ორად გაუმჯობესებისა. აქამდე კი ევრობასკეტზე საუკეთესო შედეგი მერვედფინალი იყო. ჩვენს გუნდს რეალურად შეეძლო პლეი ოფში თამაში, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე მოვლენები ისე განვითარდა, პირველი ეტაპის ბარიერი ვერ გადალახა.

გული ყველას დაგვწყდა, თუმცა არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოთხი ძალიან საინტერესო მატჩი აჩუქა ევრობასკეტსა და მის მაყურებელს, საიდანაც ორი მოიგო - მასპინძელ ისრაელთან და
ფავორიტ ლიტვასთან...

მანუჩარ მარკოიშვილს ინტერვიუს დასაწყისში ევრობასკეტის შემდგომ ემოციაზე ვკითხეთ.

- რთულია, ემოციაზე ლაპარაკი. ჯგუფიდან ვერგასვლამ ყველას გული დაგვწყვიტა. ძალიან კარგი ნაკრები გვყავს, მაგრამ რამდენიმე ნიუანსის ერთობლიობამ მიზნის მიღწევაში ხელი შეგვიშალა. გამოჩნდა, რომ ძალიან გვაკლდნენ ვიქტორ სანიკიძე და ბექა ბურჯანაძე.

დღეს იოლია თქმა - ეს ასე რომ გაგვეკეთებინა, შედეგს მივაღწევდითო, მაგრამ კონკრეტულ მომენტში, უშუალოდ ევრობასკეტზე ყველაფერი ისე არ ჩანს, როგორც შეჯიბრების დასრულების შემდგომ. ყველა ჯანმრთელად რომ ყოფილიყო და ჩვენი საუკეთესო კალათბურთი გვეთამაშა, მაღალი შედეგების ჩვენება შეიძლებოდა, მაგრამ ყოველგვარი მიზნებისა თუ შედეგების გათვალისწინებით მთავარია - საქართველოს ნაკრები ბოლომდე დაიხარჯა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. თავი არც ერთ მატჩში, არც ერთ მომენტში არ დაგვიზოგავს.

- იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეტორე მესინამ გვითხრა, გერმანიასთან მატჩმა საქართველოსთვის ბევრი რამ შეცვალაო.
- შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მესინა გულისხმობდა ჩვენს ფიზიკურად, ან ფსიქოლოგიურად გადაღლას. მე კი ვფიქრობ, რომ მესინა ტაქტიკას გულისხმობდა. გერმანიამ იპოვა გასაღები, როგორ შეიძლებოდა ჩვენი დამარცხება. სწორედ ამ მატჩის შემდეგ მიმართა იგივე ტაქტიკას ჩვენმა მომდევნო სამმა ოპონენტმა, პირველ შეტევაში ძალიან სწრაფად გარბოდნენ, ჩვენს ტანმაღალ კალათბურთელებზე ერთდროულად ორი მოწინააღმდეგე გადადიოდა, თავისუფალ ზონებს არ ტოვებდნენ...

ჩვენ წინააღმდეგ ასეთი ტაქტიკით თამაში ყველაზე უკეთ მაინც გერმანიას გამოუვიდა, რადგან კარგი ტანმაღალი კალათბურთელები ჰყავდა. იტალიას ამდენი ტანმაღალი არა, მაგრამ სამაგიეროდ მსროლელები ჰყავდა მაღალი კლასისანი...

- ევრობასკეტის გახსნა მართლაც ეფექტური გამოგვივიდა...
- დღეს შესაძლოა ვთქვათ - პირველი მატჩი უკრაინასთან რომ ჩაგვეტარებინა, შეიძლება, ჯგუფიდანაც გავსულიყავით, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი უაზრობაა. ლიტვა კარგი გუნდი იყო, ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა საქართველომ ის დამსახურებულად დაამარცხა.

კარგი მოსამზადებელი ეტაპი გამოგვივიდა, ძლიერ მეტოქეებთან საკონტროლო შეხვედრებში გამოჩნდა, რომ მშვენივრად დაბალანსებული, დაღვინებული ნაკრები გვყავდა. ისიც ვიცოდით, ამხანაგურ მატჩებში კარგი თამაში ევრობასკეტზე, როგორ გადაგვეტანა. გადავიტანეთ კიდეც, ლიტვას ყველა თავისი უპირატესობა ბოლომდე შევუზღუდეთ. სწორი დაცვა ვითამაშეთ და გამარჯვებაც ლოგიკური იყო. სამწუხაროა, რომ ეს მოგება ჯგუფიდან გასვლაში ვერ დაგვეხმარა.

- ლიტვასთან ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი იყო მაციულისის სამქულიანი ტყორცნა ბოლო წამზე. მას იმ მომენტში ისე აუხტი, ძნელი წარმოსადგენია, როგორ გადარჩი ჯარიმის გარეშე. რაც მთავარია, მაციულისს ხელი საკმარისად შეუშალე, რომ არ ჩაეგდო.
- საინტერესო ეპიზოდი იყო. მას ჰქონდა რამდენიმე წამი, თუმცა წინასწარ ვერ გათვლი, რაწამს სტყორცნის. ამიტომ პირველივე აწევისას ავუხტი და დაშვებისას იმდენი მოვახერხე, რომ წესების დაურღვევლად, ვაიძულე, ბურთი დაეგდო, გვერდზე გადამხტარიყო და სათანადო მომზადების გარეშე ესროლა. ძალიან არ მინდოდა, მისთვის კიდევ ერთხელ მიმეცა საქართველოს ნაკრების დამარცხების შანსი.

- უცხოელი ჟურნალისტებიც გაკვირვებულები იყვნენ - საქართველოს ნაკრები 15-17-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ როგორ ახერხებს თამაშის შემოტრიალებასო...
- ეს უმთავრესად ქართული გენის, ხასიათის, მანტალიტეტის ბრალი იყო. რაოდენ დიდი სხვაობითაც უნდა ვაგებდეთ, არასოდეს ვნებდებით, გვჯერა, რომ შეგვიძლია და ეს ძალების ერთი-ორად კონცენტრირებაში გვეხმარება. სწორედ ამის წყალობით გავიმარჯვეთ ლიტვასთან და ისრაელთან, დავძლიეთ 17-ქულიანი ჩამორჩენა იტალიასთან...

თუმცა ხასიათთან ერთად ტაქტიკაზეც უნდა ითქვას - მეტოქე დიდი სხვაობით რომ გაგვასწრებდა, კარგად ვიაზრებდით, რის ხარჯზე ახერხებდა ამას, რა შეცდომებს ვუშვებდით და შეცდომების გამოსწორება ჩამორჩენის აღმოფხვრაში გვეხმარებოდა. თუმცა რაოდენ კარგადაც უნდა გამოასწორო შეცდომები და რაოდენ მედგრადაც დაუდგე, როდესაც საკმაო სხვაობა გაქვს "დასაქაჩი", დიდი ენერგია გჭირდება. იმაზე მეტი, ვიდრე, მეტოქეს მიღწეულის შესანარჩუნებლად.

ასეა თუ ისე, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე ყველა მოწინააღმდეგეს მებრძოლ გუნდად წარმოუდგა, რაც ძალიან საამაყოა. ყოველთვის მეამაყებოდა, რომ საქართველოს ნაკრების წევრი ვიყავი და ვარ.

- ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერა რომ დაასრულა, იმავე სახის შეკითხვები სხვა კალათბურთელების მისამართითაც გაჩნდა. ტელევიზიითაც გკითხეს...
- ვუპასუხე, გადაწყვეტილება არ მიმიღია-მეთქი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ ვითამაშებ. მერწმუნეთ, სანამ შემეძლება და სანამ ნაკრებს დავჭირდები, ყოველთვის სიამოვნებით ვითამაშებ. ასე ადვილი არ არის ნაკრებიდან წასვლა. წლების განმავლობაში რომ გიშრომია, გარკვეული სიმაღლისთვის მიგიღწევია, გინდა შენი წასვლის შემდეგ გუნდი ასეთივე წარმატებული დარჩეს. ჩემი აზრით, ახალგაზრდა მოთამაშემ ხუთეულში ჩემი ადგილი ბრძოლით, შრომით უნდა მოიპოვოს. სწორედ ასეთ შემთხვევაში გვეყოლება ძლიერი ნაკრები.

- საკლუბო თემაზე გადავერთოთ. აგვისტოში კონტრაქტი გააფორმე იტალიის სერია A-ს წარმომადგენელ "რეჯო ემილიასთან". რა მიზნებით მიემგზავრები აპენინებზე?
- ამ ეტაპზე გეგმის დასახვა რთულია, რადგან სეზონი ჯერ არც დაწყებულა. მივდივარ გუნდში, სადაც კალათბურთელთა უმეტესობას არ ვიცნობ. ის კი ვიცი, რომ ახალგაზრდული, ენერგიით სავსე გუნდია. ვეცდები ვიპოვო ჩემი ადგილი და დავეხმარო გუნდს.

გასული სეზონი ტრავმის გამო სრულად გამიცდა და ძალიან მინდა, ეს დანაკლისი ახლა ავინაზღაურო, გავიდე და ვითამაშო. მთავარია მოგება. ინდივიდუალური მონაცემები არავის აინტერესებს, თუ გუნდი წარმატებული არ იქნება. ვიმედოვნებ, "რეჯო ემილიას" კარგი სეზონი გამოუვა და სეზონის ბოლოს კმაყოფილებით ვილაპარაკებთ განვლილ წელზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გაისად ვფიქრობ გულშემატკივრები NBA-ს ვარსკვლავთა შეხვედრისთვის ხმას მიცემენ თავიანთ ეროვნულ გმირს
aba ra vote magas
21:32 20-09-2017
0
ვიკას ამბავი რომ გავიგე ცოტა დავმშვიდდი, ტრამვა არ აძლევს საშუალებას, მაგრამ მანუ და გიორგი ნამდვილი მებრძოლები ხართ, ასე ადვილი არ არის ნაკრებიდან წასვლა თქვენ უნდა აღზარდოთ და მისცეთ მაგალითი ახალგაზრდებს, რომლებიც
დაიკავებენ თქვენს ადგილს მომავალში. ვნახე სლოვენიელთა ფინალში გამარჯვება, მათი ერთსულოვნება, პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული რომელიც ასე ღრმად იყო მათ სულებში და მიაღწიეს კიდეც დიდ გამარჯვებას.
kako
11:54 18-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
მ/ჩ. შესარჩევი
#
გუნდი
4
ავსტრია
6
0
6
-124
6