სუპერლიგა: "მგზავრებმა" "სოხუმი" 1 ქულით დაამარცხა

AutoSharing Option
გუშინ რუსთავსა და ქუთაისში დაწყებული სუპერლიგის მე-17 ტური დღეს თბილისში გაგრძელდა. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველში ერთმანეთს „სოხუმი“ და „მგზავრები“ შეხვდნენ. ორივე გუნდისთის მატჩის შედეგს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სოხუმელებს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 გამარჯვება აქვთ და ბოლო ადგილზე არიან, ხოლო „მგზავრები“ გასავარდნ ზონასთან ახლოს არიან და თითოეული გამარჯვება მათთვის ძვირად ფასობს.

შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია სოხუმელთა ახალწვეულ ბიშოპ დანიელსს, რომელმაც ქორქია-საკანდელიძის მემორიალის მატჩში დისკვალიფიკაცია მიიღო და აკრძალვა სუპერლიგაშიც გადმოჰყვა. შეხვედრა ძალიან დაძაბული და სწრაფი გამოვიდა. მთელი შეხვედრის მანძილზე გუნდები
კუდში მისდევდნენ ერთმანეთს. ლიდერი ხშირად იცვლებოდა, მაგრამ ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვებას.

მატჩის ბედიც ბოლო წამებზე გაირკვა, სადამდეც გუნდები თანაბრად მივიდნენ. ქულით მოლიდერე „მგზავრებმა“ საფინალო სირენამდე 9 წამით ადრე სოხუმელთა მწყობრი დაცვის გამო ბურთი ვერ ჩააგდეს და აუტსაიდერს თამაშის მოგების შანსი მიეცა. სოხუმელებმა ეს ვერ გამოიყენეს. აცილებული ამერიკელმა ჯორდან პრაისმა მოხსნა, მაგრამ მეტოქის ნახევარზე გადასვლისთანავე ბურთი და მოგების შანსი დაკარგა – 76:75 „მგზავრების“ სასარგებლოდ.

გამარჯვებულთაგან 24 ქულით ადრიან ბოუი გამოირჩა. 20 ქულა ჰქონდა კახა ჯინჭარაძეს, ხოლო რატი ნუცუბიძემ შეხვედრა 14 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა. „სოხუმში“ 22 ქულით საუკეთესო იყო კვან უოლერი. 15 ქულა დააგროვა ჯორდან პრაისმა, ხოლო სერგო ათუაშვილმა ორმაგი დუბლი – 12-12 ქულა-მოხსნა გაიფორმა.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

გია კაზანჯიანი – “სოხუმის” მთავარი მწვრთნელი:


“ძალიან მნიშვნელოვან და დაძაბულ თამაშში დავმარცხდით. რთული იყო ჩვენთვის, სამი ახალი მოთამაშე, ახალი მწვრთნელი და ამას დაემატა ბიშოპ დენიელსის არყოფნა დისკვალიფიკაციის გამო. “მგზავრებს” ვულოცავ გამარჯვებას.”

ბუბა ბერიშვილი – “მგზავრების” მთავარი მწვრთნელი:


“სოხუმი” ახალი შემადგენლობით იყო – მწვრთნელი, სამი მოთამაშე, შესაბამისად, ველოდით, რომ დაძაბული თამაში გვექნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვემზადებოდით ამ გუნდისთვის, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში, ვერ შევასრულეთ ყველა დავალება სათანადოდ, ვერ გამოვიყენეთ ბევრი შანსი.”

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული