25 თებერვალს საღამოს 19:00 საათზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები გერმანიის ნაკრებს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრების დანაკლისი დიდია და ჩვენ შეგვიძლია მცირედით მაინც შევავსოთ ეს დანაკლისი, საქართველოს ჰიმნზე ერთხმად და ერთად უნდა დავდგეთ სპორტის სასახლეში და ბოლო წუთამდე არ უნდა შევაჩეროთ ჩვენი ნაკრების ომახიანი მხარდაჭერა.
ამერიკელი მაიკლ დიქსონი საქართველოს სახელისთვის ბოლომდე იხარჯება და მის თავდადებას ყველა თამაშში ვხედავთ. ჩვენ უნდა მივცეთ ჩვენს ნაკრებს მოტივაცია, იმ ფონზე, როცა მისი გამარჯვების შანსები ძალზედ მცირეა.
მეტოქე იმაზე ძლიერია, ვიდრე წარმოგვიდგენია, ჩვენ წინა წელს ერთხელ უკვე შევხვდით
პარკეტზე ერთ გუნდში 5 კალათბურთელი თამაშობს, ჩვენ კი 6 კალათბურთელი გვაკლია და ნაკრებს ახლა სჭირდება ყველაზე მეტად ერთიანობა. სხვა რა გზა გვაქვს, წარუმატებლობაზე კი არა უიღბლობაზე უნდა ვიწუწუნოთ, ამდენხნიანი ტრავმის შემდეგ დაბრუნებული ცინცაძე, ავსტრიასთან ჩატარებული რამდენიმე წუთის შემდეგ, ტრავმით დაგვემშვიდობა. ხოლო იმ წუთების განმავლობაში დავინახეთ, რას ნიშნავდა ჩვენთვის მუდმივად კრიტიკის ობიექტი "ბუ". ცინცაძე "ქუთაისის" გამთამაშებელმა ბექა წივწივაძემ ჩაანაცვლა.
არადა, მაიკლ დიქსონს როგორ გინდა ყველა ამპლუის საქმე მოსთხოვო? ჩვენს ლეგიონერს წინა მატჩში ყველაზე მეტი 9 მოხსნა ჰქონდა და ეს სტატისტიკაც მეტყველებს თუ რა საქმეს აკეთებს ის. მან 23 ქულა ჩააგდო და 4 გადაცემაც მიითვალა. სამი ტურის შემდეგ ის კვლავ ყველაზე შედეგიანია ევროპაში.
ფორმაში შესვლა დაეტყო ნაკრების ვეტერანს ნიკოლოზ ცქიტიშვილს, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ავსტრიასთან ყველაზე მაღალი იყო დიქსონის შემდეგ. "ბიბლოსში" მისი სათამაშო პრაქტიკა, ჩატარებულ შეხვედრაზე აისახებოდა და ვიმედოვნოთ, რომ ის ორმაგად უკეთესი იქნება გერმანელებთან მატჩში.
პროგრესი შეინიშნებოდა გოგა ბითაძის თამაშშიც, ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლა. მაგრამ მის მიერ ნასროლი ჯარიმების სიზუსტე კრიტიკას ვერ უძლებს, მან ავსტრიასთან 8-დან მხოლოდ 4 ჩააგდო.
ასე თუ ისე შედარებით ნორმალურად ართმევდნენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს ლევან ფაცაცია და აკაკი დვალიშვილი, თუმცა თუ დაშვებულ შეცდომას ავსტრიელები გვპატიობდნენ, გერმანელები არ გვაპატიებენ.
ძალიან გვეიმედება მერაბ ბოქოლიშვილისა და მიხეილ ბერიშვილის, ისინი ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ პირველ ორ მატჩში, მაგრამ ავსტრიასთან მათ თამაშს დადებითად ვერ შევაფასებთ, თუმცა ილიას ზუროსმა იცის თავისი საქმე და ისიც იცის თუ როგორ აათამაშოს ისინი.
იმედია, ჩვენს ფედერაცის არ ეწყინება რასაც დავწერ, მაგრამ ანატოლი ბოისამ დიდი ხანია ნაკრებში საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა და ეს ავსტრიასთან მატჩშიც გამოჩნდა. ნაკრებს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ იმ მცირე დროში მის მიერ დაშვებული შეცდომები გამოასწოროს. კარგი პიროვნება ყოველთვის კარგ შედეგს ვერ დადებს.
რაც შეეხება გერმანელებს, სერბებთან სამქულიანები ნაკლებად წაუვიდათ, 23-დან მხოლოდ 7 ჩააგდეს. თუმცა საშუალო მანძილიდან ტყორცნებითა და მოპოვებული ჯარიმებით შეძლეს მათი დამარცხება. ეს კი გვიკრძალავს იმ ფაქტს, რომ ხშირად უაზრო ჯარიმებს ვიღებთ და ტაიმის ლიმიტს ვაჭარბებთ.
საუკეთესო იყო რობერტ ბენზინგი, რომელმაც 17 ქულა დააგროვა და თუ გავიხსენებთ ჩვენს წინა მატჩს, ამავე კალათბურთელმა ჩვენ ნოემბერში 25 ქულა ჩაგვიგდო. სერბებთან კარგი იყო ზირბესიც, რომელმაც ჩვენთან 17 ქულა მოაგროვა. ამ ორი კალათბურთელის წინააღმდეგ დაცვას ბევრი სამუშაო ექნება და ნამდვილად გაჭირდება მათი შეჩერება, თუ მათ წინააღმდეგ ბევრ ჯარიმას დავაგროვებთ.
ყველაფერი 19:00 საათზე გადაწყდება, ბილეთები ჯერ კიდევ არის სალაროებში, გულშემატკივარო, ნაკრებს შენი გვერდით დგომა სჭირდება!
P.S იმედი ბოლოს კვდება და ბურთი ჯერ კიდევ მრგვალია...
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მაიკლ დიქსონი უკანახაზელი 186 ბაჰჩეშეჰირი (თურქეთი)
მიხეილ ბერიშვილი ფორვარდი 203 დინამო
გოგა ბითაძე ცენტრი 211 მეგა ბიმაქსი (სერბეთი)
ილია ლონდარიძე ცენტრი 206 დინამო
ანატოლი ბოისა უკანახაზელი 194 კაკტუსი
ნიკა ცქიტიშვილი ფორვარდი 213 ბიბლოსი (ლიბანი)
ლევან ფაცაცია უკანახაზელი 198 მარნეული
აკაკი დვალიშვილი ცენტრი 207 ქუთაისი
ნიკა დარბაიძე ფორვარდი 203 ოლიმპი
მერაბ ბოქოლიშვილი უკანახაზელი 194 ოლიმპი
რეზო ჩაჩანიძე ფორვარდი 190 რუსთავი
ბექა წივწივაძე უკანახაზელი ქუთაისი