საქართველო VS ავსტრია - როცა უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს...

AutoSharing Option
დღეს, 2 ივლისს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ავსტრიას უმასპინძლებს. შეხვედრა 19:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება, პირდაპირ ტრანსლაციას კი "საზოგადოებრივი მაუწყებელი" განახორციელებს.

სერბეთთან მარცხი
სერბეთი, ფაქტობრივად, მეორე გუნდით გვეთამაშა, თუმცა ამ მეორე გუნდშიც იმდენად ძლიერი კალათბურთელები იყვნენ, რომ არაფერი დაეწუნებოდათ. გუნდის ლიდერებს თამაში დაეზარათ, რადგან პირდაპირ გამზადებულ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურთ და არა დამღლელი სეზონის შემდეგ საკვალიფიკაციოებზე სირბილი.

ჩვენს ნაკრებში კი თაობათა ცვლა მძიმე ფონზე მიმდინარეობს. კიდევ ერთი პრობლემა პარკეტზე ლიდერის არყოფნაა. საქართველოს ნაკრებს არ ჰყავდა კალათბურთელი,
რომლის ტემპს მთელი გუნდი აჰყვებოდა. ამ ფუნქციას წინა შეხვედრებში მაიკლ დიქსონი ითავსებდა. ამჯერად თორნიკე შენგელიას იმედად ვიყავით, თუმცა დამღლელი სეზონის შემდეგ გამოფიტული შენგელია მეტოქის რისხვად აღარ მოგვევლინა.

ძალიან დიდი დრო დაეთმოთ იმ კალათბურთელებს, ვისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალი იყო და თამაში არ მისდიოდათ.

მაგალითად: გიორგი ცინცაძე 22:51 წუთი (4 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი), მერაბ ბოქოლიშვილი 23:11 წუთი (0 ქულა, 0 მოხსნა, 1 გადაცემა), დუდა სანაძე 21:10 წუთი (2 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი)

რაც შეეხება ახალწვეულებს, ვერ ვიტყოდით, რომ ტედ მაკფადენი ცუდი იყო. ჩვენი გუნდის ფონზე მისი შედეგიანობა ყველაზე მაღალი იყო და დეჟან ტოდოროვიჩის შემდეგ პარკეტზე მთავარი მექულე სწორედ ამერიკელი იყო. ახალწვეული, რომელსაც თორნიკე შენგელია სულ ორი დღე ჰყავდა ნანახი და კალათბურთელთა უმეტესობას რამდენიმე დღეა იცნობს, მეტს ვერ მოსთხოვდი. ვერც იმას მოსთხოვ, რომ მაიკლ დიქსონის სტილში ეთამაშა, რადგან ორივე კალათბურთელი სულ სხვადასხვა ტიპისაა (18 ქულა და 3 მოხსნა).

გამოსარჩევი იყო რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც 03:19 წუთში 4 ქულა ჩააგდო და 1 მოხსნაც მიითვალა. ახალგაზრდა კალათბურთელის სახით ნაკრებს პერსპექტიული მოთამაშე ეზრდება. დებიუტი მთლად ეფექტური არ გამოუვიდა სანდრო მამუკელაშვილს, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ავსტრიასთან პირველ ქულებს შემოგვთავაზებს.

მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსები
ახალი წესების მიხედვით, გუნდს შემდეგ ეტაპზე ბოლოადგილოსანთან მოპოვებული ქულები მიჰყვება. ეს კი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის მცირე შანსებს გვიტოვებს. მაგალითად, თუ ჩვენ ავსტრიას დავამარცხებთ, 8 ქულით გავალთ ჯგუფიდან და შემდეგი ჯგუფის ლიდერებთან მაქსიმუმ 4-ქულიანი სხვაობა გვექნება. ესეც იმ შემთხვევაში, თუ გერმანია სერბეთს დაამარცხებს და საბერძნეთი ესტონეთს. შემდეგ ჯგუფში კი ანალოგიურად 6 შეხვედრას ჩავატარებთ.

თუ ავსტრიასთან დავმარცხდებით, გავალთ თუ არა ჯგუფიდან, დამოკიდებული იქნება ქულათა სხვაობაზე. ჩვენ ავსტრია დავამარცხეთ 78:64, ანუ არ უნდა წავაგოთ 14 ქულაზე მეტით, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველანაირ პერსპექტივაზე საუბარი ზედმეტია.

მეტოქე

გერმანიასთან შეხვედრა ავსტრიამ 22 ქულით დათმო (85:63). არც მათთვის იყო 29 ივნისი კარგად დასამახსოვრებელი.

გამორჩეული კალათბურთელები იყვნენ: ტომას შრეინერი (ატაპუერკა, ესპანეთი) 14 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი; ჯეიკობ პოლტლი (ტორონტო, NBA) 11 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი; ენის მურატი (სვანს გმუნდენი, ავსტრია) 10 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი.

ნაკრების მთავარი იმედი NBA-ში მოთამაშე ჯეიკობ პოლტლია, რომელიც "ტორონტოს" ცენტრია და მის წინააღმდეგ გიორგი შერმადი დიდი ბრძოლა ელის. ხოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე გამორჩეული ტომას შრეინერია - საშუალოდ 10.4 ქულა, 1.4 მოხსნა და 6 პასი.

საერთო ჯამში, ავსტრიელთა შემადგენლობა არ არის საშიში და მათი ძლევა არ წარმოადგენს დიდ სირთულეს.

კიდევ ერთხელ გავავსოთ სპორტის სასახლე!

საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთხელ სჭირდება გვერდში დგომა და სპორტის სასახლის გავსება.

საქართველოს მიერ 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე აქტიურად მიდის საუბარი და ფიბას მესვეურებს უნდა დავანახოთ, რომ საქართველო ამ ტურნირისთვის მომგებიანი ქვეყანა იქნება.

P.S. წინა შეხვედრას ესწრებოდა ზაზა ფაჩულია, კალათბურთელი, რომელიც სულ ახლახან NBA-ს ჩემპიონი მეორედ გახდა, რომელსაც სათამაშო დროიდან გამომდინარე, ძალიან დატვირთული სეზონი არ ჰქონია. 

Sportall.Ge

დარწმუნებული ვარ, ის წინა შეხვედრაში ნამდვილად აჯობებდა ბობან მარიანოვიჩს, რომელიც რას აკეთებდა, თვითონ არ იცოდა და მხოლოდ ფიზიკური მონაცემებით გადიოდა ფონს.

altგიორგი შერმადინი: მინდა ბოდიში მოვუხადო გულშემატკივარს

altილიას ზუროსი: თხოვნა მაქვს ქართველ გულშემატკივრებთან

altსროლების სიზუსტე კატასტროფულია - სერბეთმა საქართველოს ნაკრები გაანადგურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ზაზა არ უნდა წასულიყო, საერთოდ უპატრონოდ არის ნაკრები დარჩენილი, ერთი ავტორიტეტი მოთამაშე არ ყავთ, რომელიც თამაშს წაიყვანს.
ეს არის სიმართლე.
saakadze
17:33 02-07-2018
1
მაინც ვერ გავიგე რა თუ მოვიგეთ დღეს გავდივართ? თუ გააჩნია სხვა თამაშებსაც ?
dato
13:40 02-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული