ისრაელთან შესანიშნავმა გამარჯვებამ ჩვენს გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის მინიმალური შანსი გაუჩინა და თან, საბერძნეთს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური პრაქტიკულად გარანტირებული აქვს და თბილისში წამყვანი კალათბურთელების ბურუსისის და პრინტეზისის გარეშე ჩამოვიდა. ამან ელადელებთან გამარჯვების შესაძლებლობა საქართველოს ეროვნულ გუნდს გაუზარდა და გულშემატკივარი იმედით აღავსო.
ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: შენგელია, ცინცაძე, ჯენინგი, სანაძე, შერმადინი.
თავიდანვე წაუვიდა შეტევაში თამაში შერმადინს. სამაგიეროდ ჩვენს გუნდს კალატესის ჩაკეტვა უჭირდა. ჯენინგს კი პერიმეტრი გადაუკეტეს. შუა პირველ მეოთხედში საქართველოს ნაკრები 8 ქულით გაიჭრა წინ და სტუმართა მწვრთნელმა სკორტოპულოსმა წუთშესვენება აიღო.
ვერც ამან და ვერც სლუკასის მოედანზე შეშვებამ ვერ უშველა მოწინააღმდეგეს, ბითაძეც კარგად ჩაერთო თამაშში და პირველი პერიოდი 30:17 მოვიგეთ. ვერაფერს იტყვი, ჩინებული დასაწყისი იყო.
ზუროსმა პირველი მეოთხედის დასასრულს და მეორის დასაწყისში ლიდერები დაასვენა და სტუმრებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება ვერ მოახერხეს, საჯარიმოებიც გააცუდეს და ტაბლოზე 37:20 აინთო.
სამწუხაროდ, დარჩენილ დროში ზედიზედ დავკარგეთ ბურთი, საკუთარ კალათში სამქულიანები მივიღეთ, ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა, თუმცა ტაიმის ფინიში კარგი იყო და პირველი ტაიმი 49:38 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ცინცაძემ და ზუროსმა ტექნიკურები მიიღეს, კალატესი შეუჩერებელი იყო და მესამე მეოთხედი 12 ქულით წავაგეთ.
მეოთხე მეოთხედში თამაში ქულა ქულაში წავიდა, მერე საბერძნეთი 5 ქულით დაწინაურდა, საქართველოს ნაკრები 1:28 წამით ადრე 6 ქულით გაიჭრა წინ, მაგრამ ბოლოს სტუმრებმა იმარჯვეს და უკანასკნელ წამზე ჩაგდებული ბურთით გაიმარჯვეს.
მიუხედავად წაგებისა, ჩვენი გუნდი თავდადებული თამაშისთვის უდავოდ მადლობას იმსახურებს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ 17 ქულით ვიყავით წინ და ბოლოს 6 ქულას ვიგებდით...
ჩვენი გუნდიდან 22 ქულა შენგელიამ ჩააგდო (13-ჯერ მოხსნა ბურთი), 17-17 ბითაძემ და ჯენინგმა, 11 შერმადინმა, 8 სანაძემ, 7 ცინცაძემ და 3 ბოქოლიშვილმა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე კალატესი იყო, რომელიც თავის გუნდს 31 ქულით შეეწია, 5-ჯერ მოხსნა ბურთი, 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 34 იყო.
ილიას ზუროსი: სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ქართულ კალათბურთს ძალიან კარგი მომავალი აქვს!
ბერძენთა თავკაცი: შენგელიას შეჩერება თითქმის შეუძლებელია
მარტო მაგით რო თამაშები იგებოდეს..
სირცხვილია ეს რა ქნეს:(
გასაგიჟებელ მომენტს შექმნის და...მარა, რად გინდა, საკვანძო მომენტში ისეთს იზამს!!! ((((( ძალიან ჭკუათხელია...
მომავლის იმედით ვიყოთ