საბერძნეთი VS საქართველო - სიტუაციას რეალურად შევხედოთ, თუმცა ოცნება არავის დაუშლია

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/GeoBasketball/

დღეს, 21 თებერვალს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ირაკლიონში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ბოლოსწინა მატჩს გამართავს.

საბერძნეთსა და საქართველოს შორის შეხვედრა ჩვენი დროით 22:30-ზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას კი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

საქართველოს ნაკრები, ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით, შესარჩევი მატჩებისთვის სამზადისს ჯერ კიდევ 16 თებერვალს, თბილისში შეუდგა.

ნაკრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18 თებერვლამდე ემზადებოდა, ხოლო 19 თებერვალს უკვე საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც ორი ვარჯიშის გამართვაც მოასწრო და მატჩამდეც ალბათ კიდევ ერთხელ მსუბუქად ივარჯიშებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მეორე
ჯგუფში საქართველოს ნაკრების მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელოა.

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებს გამართული 4 მატჩიდან 3 მოგება აქვს, თუმცა პირველი და მეორე ეტაპების გაერთიანებულ ცხრილში 5-5 მოგება-წაგება გააჩნია და მუნდიალზე გასვლის შანსი გაცილებით ნაკლები აქვს, ვიდრე კონკურენტ სერბეთს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გავიდეს, საქართველოს ნაკრებმა დარჩენილი ორივე შეხვედრა უნდა მოიგოს, ხოლო სერბეთმა - ესტონეთთან და ისრაელთან წააგოს.

თუ უფრო დეტალური ახსნა გჭირდებათ, შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ბმულზე გადახვიდეთ.


საბერძნეთის ნაკრები ჯგუფის ცხრილის მიხედვით უმოტივაციოა, რადგან უკვე გასულია მსოფლიოს ჩემპიონატზე და ორივე მატჩი რომც წააგოს, საგზურს არ დაკარგავს. ეს ერთადერთი ნათელი მხარეა ამ დაპირისპირებაში.

საქართველოს ნაკრები კვლავ დანაკლისით ხვდება შესარჩევი ეტაპის მატჩს. ამჯერად ჩვენს გუნდს, შეიძლება ითქვას, ამომავალი ვარსკვლავი გოგა ბითაძე დააკლდა, რომელსაც ლამის ყოველდღე უწინასწარმეტყველებენ NBA-ს სხვადასხვა გუნდში გადასვლას. მართალია, ბითაძის გუნდი "ბუდუჩნოსტი" ევროლიგაზე ასპარეზობს, მაგრამ სხვა ევროლიგური გუნდებისგან განსხვავებით, სერბული კლუბისგან ბითაძის გამოშვებაზე უარი ჯერ არ მოგვისმენია. ესეც რომ არ იყოს, ბითაძეს ტრავმა აქვს და 24 თებერვალს ესტონეთთან მატჩში მისი მონაწილეობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე - კიდევ ორი კალათბურთელი, რომელიც საქართველოს ნაკრებს აკლია. შენგელია ევროლიგელია და ტრავმა აქვს, ბურჯანაძე ვიზასთან დაკავშირებული საკითხის გამო ვერ დაეხმარება გუნდს.

საბოლოოდ კი, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

Sportall.Ge
რაც შეეხება საბერძნეთს, მასპინძლების ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა თანასის სკურტოპულოსმა საქართველოსთან და გერმანიასთან მატჩებისთვის შემდეგი შემადგენლობა დაასახელა:

იოანის ატინაუ, ნიკოს გკიკასი, ანტონის კონიარისი, ხრისტოს სალუსტროსი, ლეფტერის ბოხორიდისი, დიმიტრის კაკლამანაკისი, იანულის ლარენცაკისი, პანაიოტის ვასილოპულოსი, იოანის ბურუსისი, ლეონიდას კასელაკისი, ევანგელოს მარგარიტისი, ლინოს ხრისიკოპულოსი, დიმიტრიოს კაციველისი, დიმიტრიოს მავროეიდისი.

შემადგენლობაში ისევ უხმეს 35 წლის ვეტერან იოანის ბურუსისს, რომელიც მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლში საშუალოდ 16.0 ქულას, 6.7 მოხსნასა და 4.0 პასს აგროვებს.

აქვე გაგაცნობთ ილიას ზუროსის მოსაზრებას, რომელიც რეალურად განსაზღვრავს სიტუაციას:

"სიტუაცია არ არის ისეთი, როგორსაც ვისურვებდით. გვაკლია რამდენიმე კალათბურთელი. გუნდმა ის თამაში რომ ითამაშოს, რასაც მისგან მწვრთნელი ელის, აუცილებელია ერთად ვარჯიში და შეთამაშება. საამისოდ კი დრო არ გვაქვს. ამის მიუხედავად, დანებებას არ ვაპირებთ. გვაქვს ჩვენი მიზნები და ვეცდებით მათ მიღწევას.

მეტოქეს კარგი გუნდი ჰყავს, დიდი გამოცდილება აქვს. მხოლოდ ბურუსისს არ ვგულისხმობ, რომელიც "რეალში" თამაშობდა, სხვა ბევრი კარგი კალათბურთელი ჰყავთ. მართალია, ისინი ამჟამად ევროლიგის კლუბებს არ წარმოადგენენ, მაგრამ საბერძნეთში მაღალი დონის, კონკურენტუნარიანი ჩემპიონატია.

ავიღოთ კალათბურთელები აეკი-დან - ჩემპიონთა ლიგა აქვთ მოგებული. საბერძნეთში არიან პაოკ-ის მოთამაშეები, რომლებიც წლეულს ევროთასებზე მშვენივრად გამოდიან. "არისში" თამაშობს ნაკრების წევრი ბოხორიდისი, რომელსაც "პანათინაიკოსში" თამაშის გამოცდილება აქვს… ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებით, მაგრამ, როგორც დაგპირდით, ბოლომდე ვიბრძოლებთ.

რეალისტები უნდა ვიყოთ. ძალა არ დავიშურეთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვხვედრილიყავით, მაგრამ იმ გუნდთან, ვის მაგივრადაც უნდა გვეთამაშა მსოფლიოზე, ვერაფერი გავაწყვეთ, სერბეთს ვერ გავასწარით. თუმცა ძალიან ვამაყობ ჩემი კალათბურთელებით, რადგან ყოველ მატჩში ბოლომდე იხარჯებოდნენ. საქართველოს ნაკრებმა აჩვენა, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. იყო დასანანი მარცხებიც. მაგალითად, საბერძნეთთან, თბილისში, ბოლო წამზე დავთმეთ თითქმის მოგებული შეხვედრა. ლაპარაკია ძალიან ძლიერ საბერძნეთზე…

მთავარია, მომდევნო წელს კარგად მომზადებულები და ორგანიზებულები შევხვდეთ. მომავალ ზაფხულს უნდა მოვაწყოთ ერთგვარი კემპი ახალგაზრდებზე დასაკვირვებლად და მათ განსავითარებლად. თუმცა არის ხელისშემშლელი ფაქტორებიც. მაგალითად, მამუკელაშვილი, რომლისთვისაც ეს მომენტი მშვენიერი იქნებოდა საქართველოს ნაკრებთან მოსამზადებლად. მაგრამ ამერიკის კოლეჯების ლიგაში თამაშობს და სასწავლებელი უფლებას არ აძლევს, შუა სეზონში დატოვოს გუნდი. ეს ნორმალურია. უბრალოდ, სისტემის შეცდომაა. ახალი გუნდის მშენებლობა დაწყებული გვაქვს, მაგრამ საჭიროა კალათბურთელების მეტად ერთად ყოფნა. გვჭირდება დრო და მოთმინება. მოთმინება სჭირდება ყველას - ჩვენ, გულშემატკივარს… რადგან კარგად მოგეხსენებათ, ერთ დღეში არაფერი შენდება.

საბერძნეთის შემდეგ ესტონეთია, 24 თებერვალს თბილისში. ეს იქნება მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო საკვალიფიკაციო მატჩი. ვფიქრობ, შეგვწევს ძალა, რომ ყველაფერი დადებითად დავასრულოთ. რაშიც დარწმუნებული ვარ, ის არის, რომ კალათბურთელები შესაძლებლობების 100 პროცენტს გაიღებენ" - აღნიშნა ზუროსმა.

რაც შეეხება ბერძნებთან დაპირისპირებას, ყველას გვახსოვს საბერძნეთში მოგებული აკროპოლისის თასი, სადაც მასპინძელი 72:71 დავამარცხეთ. ეს ერთადერთი გამარჯვებაა, რომელიც ბერძნებთან გვაქვს მიღწეული. სულ საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს 7-ჯერ შეხვდნენ და აქედან 6 წავაგეთ.

აქვე გეტყვით, რომ თუ გამოიცნობთ, რამდენ ქულას დააგროვებს საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან მატჩში, შეძლებთ კალათბურთის ბურთის მოგებას, რომელსაც ხელს ნაკრების წევრები აწერენ. გადადით ჩვენს "ფეისბუქ" გვერდზე და მიიღეთ მონაწილეობა გათამაშებაში.

altყატარი, ნაკრები და ქართველი ქომაგი - ინტერვიუ მიხეილ ბერიშვილთან

altილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრები Dyo Aorakia არენაზე ავარჯიშა [VIDEO]

altტედ მაკფადენმა 16:30 საათი იფრინა და პირდაპირ საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე მივიდა

მკითხველის კომენტარები / 8 /
ისე ძალიან ბევრი არაკალათბურთელი ხომ არ ახლავს გუნდს შემთხვევით??? ამდენი ხარჯი საჭიროა კი??? სტაფი და გუნდი სავსებით საკმარისი იყო მგონი
Rumba
17:35 21-02-2019
0
ბურჯანაძე ვიზის პრობლემის გამო ვერ ჩამოდისო ამბობთ და მე მგონი აღარ გვაქვს ევროპასთან ეგ პრობლემა ხომ? .... მით უმეტეს ბურჯანაძეს რა პრობლემა უნდა ქონდეს ამ მხრივ...
სოსო
17:27 21-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული