საქართველოს ნაკრებს კვლავ ვერ დაეხმარა ბითაძე, მეტოქეს კი - NBA-ს და ევროლიგის მოთამაშეები. ჩვენმა გუნდმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თავიდან სანაძის სამქულიანით დავწინაურდით, შემდეგ 5 წუთი შეტევაში ქულების აღება ვერ მოვახერხეთ და მეტოქე წინ გავიდა. აქედან მოყოლებული, ჩვენი გუნდი დაცვაში კარგად თამაშობდა. შესანიშნავად შევიდა შეცვლაზე ბექაური და პირველი მეოთხედი 1 ქულით მოვიგეთ.
მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო. თამაშში კარგად ჩაერთო ბურჯანაძე და 5 ქულით გაქცევა შეძლო. ესპანელთა მწვრთნელმა სკარიოლომ წუთშესვენება აიღო, მერე მოწინააღმდეგემ ანგარიში გაათანაბრა, პირველი ტაიმი კი 6 ქულით მოვიგეთ.
მესამე მეოთხედის დასაწყისში ორივე გუნდმა შეტევაში შეცდომები დაუშვა, არეული თამაში წავიდა, მეტოქემ წინ გასვლა მოახერხა, თამაში ქულა-ქულაში წავიდა. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა შენგელია და შერმადინი დაასვენა და დასკვნითი პერიოდის წინ ესპანელები 3 ქულით დაწინაურდნენ.
ისევე, როგორც მთელი შეხვედრა, მეოთხე მეოთხედიც დაძაბული გამოდგა. ტრიბუნები გააქტიურდნენ. მაკფადენმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, სანაძის სამქულიანით წინაც გავედით. საფინალო სირენამდე 34 წამით ადრე ანდრონიკაშვილმა მოწინააღმდეგეს ბურთი მოჰპარა, ჩააგდო, 3 ქულით დავწინაურდით, 18 წამით ადრე ბრიზუელამ სამიანით ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს შენგელიამ ვერ ჩააგდო და ძირითადი დრო 67:67 დასრულდა.
ოვერტაიმში ანდრონიკაშვილის ძალისხმევით წინ გავიჭერით. ტრიბუნები აგუგუნდა - "რატი, რატი, რატი". მაკფადენმა სამიანი ჩააგდო, ორი საჯარიმოც მიაყოლა და მსოფლიოს ჩემპიონი დავამარცხეთ.
ჩვენი გუნდიდან 18 ქულა შერმადინმა ჩააგდო (მარგი ქმედების 22-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა), 17 ანდრონიკაშვილმა (8 ოვერტაიმში), 16 მაკფადენმა (8 პასი), 12 შენგელიამ (10 მოხსნა, 7 პასი), 8 სანაძემ, 5 ბექაურმა, 3-3 ბურჯანაძემ და ჯინჭარაძემ. სტუმართაგან 14 ქულით ყველაზე შედეგიანი აროსტეგი იყო.