ზედიზედ ექვსი ამხანაგური მატჩის წაგების შემდეგ, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა განაცხადა, რომ ორივე ტაიმში სტაბილურობა სჭირდებათ, პოლონელებთან კი მოსამზადებელი თამაში იქნებოდა, რომელიც გაუმჯობესებისთვის უნდა გამოეყენებინათ. ეროვნული გუნდის კალათბურთელის მამუკელაშვილის თქმით, მალე ყველაფერი დალაგდება. ერთი რამ ფაქტია, ნაკრებში ისევ მოკლე სათადარიგოთა სკამია, რაც პრობლემაა და მესამე მეოთხედში იჩენს თავს. ეს განსაკუთრებით ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრებში და დატვირთულ კალანდარში ხდება თვალსაჩინო. საბედნიეროდ ხვალ გუნდს ბითაძე შეუერთდება.
პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 23:22 მოიგო. შენგელიამ 12 ქულა ჩააგდო. მეორე პერიოდის დასაწყისში ზუროსმა შერმადინი, შენგელია და მამუკელაშვილი დაასვენა, მაკფადენს კვლავ არ წაუვიდა სროლები, პოლონელები ზუსტი სამიანების წყალობით წინ გავიდნენ, პარკეტზე წამყვანი კალათბურთელების დაბრუნების მერე სიტუაცია შეიცვალა, ბოლოს მამუკელაშვილმა ჩააგდო და პირველი ტაიმი 1 ქულით მოვიგეთ.
მეორე ტაიმი ჩვენმა გუნდმა ტრადიციულად ძალიან ცუდად დაიწყო, მოწინააღმდეგემ ხუთიდან ოთხი ზუსტი სამქულიანი ჩაგვიგდო, 18 ქულით გაიქცა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი პერიოდის წინ ანგარიშის შემცირება მოახერხა - 59:67. მეოთხე მეოთხედში ზუროსმა შერმადინი დაასვენა, ქართველმა
კალათბურთელებმა სხვაობის 4 ქულამდე შემცირება შეძლეს - ეგ იყო და ეგ, დარჩენილ დროში პოლონელებმა უკეთ ითამაშეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
27 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე შენგელია იყო, ანრონიკაშვილმა 10, მამუკელაშვილმა 9 (პლუს 7 მოხსნა), შერმადინმა 7, მაკფადენმა და ბურჯანაძემ 6-6, სანაძემ 5, ცინცაძემ 4, ბექაურმა კი 2 ქულა ჩააგდო. პოლონელმა მიხალაკმა 22 ქულა მიითვალა.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 24 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თბილისში ნიდერლანდებთან გამართავს.
ახლა წარმოიდგინეთ, თუ ნაკრებში, ყველას თვალწინ, საჯაროდ ასეთი გაუგონარი უსინდისობები ხდება, რა იქნება ასაკობრივებში და კლუბებში. გაფიქრებაც კი მზარავს.
უკვე 30 წელია ჩაკეტილი წრეზე დავდივართ. და მერე გვიკვირს თუ რატომ ვერაფერში ვერ ვაღწევთ წარმატებას. პასუხი კი მარტივია - სისტემა. ჩვენ ჯერ კიდევ ძირმომპალ საბჭოთა კავშირში/რუსეთში ვცხოვრობთ და მათი კლიშეებით ვაზროვნებთ.
და ვისი ბრალია ეს? მიშების, ბიძინების, შევადნაძეების? რა თქმა უნდა, არც მათ დაუკლიათ ხელი, მაგრამ მთავარი დამნაშავეები ისევ ჩვენ ვართ, ხალხი და საზოგადოება. სანამ ჩვენ არ დავძლევთ დამარცხებულისა და მონის მენტალიტეტს, სანამ არ ჩამოვყალიბდებით ძალად, რომელიც თავად უკარნახობს ხელისუფლებებს სამოქმედო გეგმას, მანამდე დავრჩებით გადიდგულებულ, კომპლექსიან და გათითოკაცებულ ჯოგად.
ჩვენ გვაქვს მაღალი ამბიციები, მაგრამ ხშირად რეალობას მოწყვეტილი. ერთი მერცხალი კი გაზაფხულს ვერ მოიყვანს!