ზედიზედ ექვსი ამხანაგური მატჩის წაგების შემდეგ ჩვენს გუნდს ბითაძე დაუბრუნდა, რომელმაც ტრავმა აშშ-ში იმკურნალა. ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: მაკფადენი, სანაძე, მამუკელაშვილი, შენგელია, შერმადინი. ფარზე ქართველების უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა, დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ მე-8 წუთზე მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და პირველი მეოთხედი 18:18 დასრულდა.
კარგად შევიდა შეცვლაზე ანდრონიკაშვილი, რომელმაც ოთხჯერ ჩაჭრა ბურთი, თუმცა ჩვენი კალათბურთელები შეტევაში შეცდომებს უშვებდნენ, ჰოლანდიელები 6 ქულით წინ გავიდნენ, მაგრამ შენგელიას და მამუკელაშვილის ძალისხმევით
თანაფარდობის აღდგენა შეძლეს და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა - 35:35.
დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები 14 ქულით გაიქცა, სამწუხაროდ შენგელია სწრაფი იერიშისას წაიქცა, მარჯვენა მხრის ტრავმა მიიღო და დარბაზიდან გაიყვანეს. ამის მერე 17 ქულითაც გავიჭერით წინ, მოწინააღმდეგემ მეოთხე მეოთხედში ანგარიში გაათანაბრა, ბოლო მონაკვეთი კი ჩვენმა გუნდმა უკეთ ჩაატარა, დიდებული გახლდათ მაკფადენი და 11 ქულით გავიმარჯვეთ.
ახლა მთავარია რამდენად მძიმე ტრავმა მიიღო შენგელიამ.
ჩვენი გუნდიდან 20 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, მაკფადენმა 19 ქულა ჩააგდო, შერმადინმა 13, მამუკელაშვილმა 10 (პლუს 10 მოხსნა), ბითაძემ 8 (7 მოხსნა), 3 ქულა ჯინჭარაძემ, ხოლო 2-2 ბურჯანაძემ და ცინცაძემ. ნიდერლანდელი დე იონგის ანგარიშზე 22 ქულაა.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 27 აგვისტოს ბრეშაში იტალიასთან გამართავს.