"მადლობა და ბოდიში ფანებს" - ზუროსის კომენტარი

AutoSharing Option
მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ილიას ზუროსი, ცხადია, უკმაყოფილო და საკუთარი გუნდის მიმართ კრიტიკული იყო…

"პირველ რიგში, ბულგარეთს ვულოცავ მოგებას, მათ ეს დაიმსახურეს. დღეს პარკეტზე არ გამოვსულვართ, გახურებიდანაც ჩანდა, რომ კალათბურთის სათამაშოდ მზად არ ვიყავით. თურქეთთან მოგებული მატჩის ემოციები გამოგვყვა და ვერ გავაანალიზეთ, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველა თამაშის მოგება გვჭირდებოდა. შეხვედრაზე ვერაფერს ვიტყვი, საშინლად გამოვიყურებოდით. ცუდად არა, საშინლად! 61 ქულა ორმა კალათბურთელმა ჩაგვიგდო. თამაშის წინ ბევრი ვისაუბრეთ დაცვაზე, განსაკუთრებით, ამ ორი მოთამაშის წინააღმდეგ. რაც ჩვენ გავაკეთეთ, ამას დაცვა არ ერქვა,
რაღაც სხვა იყო, მაგრამ ბერლინში წასვლა თუ გინდა, დაცვა უნდა ითამაშო. მადლობა და ბოდიში ფანებს, ისინი შეუდარებლად კარგები იყვნენ. ხვალ შესაძლოა, პლეი-ოფში გასვლის შანსი მოგვეცეს. ჩვენზე არაა დამოკიდებული, მაგრამ, რაც მთავარია, კალათბურთი უნდა ვითამაშოთ".

"გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალიან ადვილი იყო იმის დანახვა, რომ მოთამაშეების სხეულები სათამაშოდ მზად არ იყო. თურქეთთან ჩატარებულ მატჩზე ორი დღე ვსაუბრობდით. გასაგებია, რომ თურქეთი ძლიერი გუნდია, მაგრამ 1 მოგება საკმარისი არ არის. წინა ევრობასკეტზეც ასე დაგვემართა, ლიეტუვას მოვუგეთ და 2-3 დღე აღვნიშნავდით, წავაგეთ უკრაინასთან და შემდეგ ეტაპზე ვერ გავედით. დღესაც მსგავსი რამ შეგვემთხვა: თურქეთს მოვუგეთ და ბულგარეთთან უმნიშვნელოვანესი მატჩი წავაგეთ. სამწუხაროდ, შემდეგ ეტაპზე გასვლა ჩვენზე დამოკიდებული არაა, მაგრამ თუ საქმე ჩვენამდე მოვიდა, 40 წუთი გვექნება, რათა შანსი გამოვიყენოთ და ბერლინში გავემგზავროთ. სული უნდა ვიპოვოთ, კალათბურთი ვითამაშოთ, პუბლიკის წინაშე გამოვიდეთ და მოვიგოთ. რაც დღეს გავაკეთეთ, ასე ვერ მოვიგებთ. თუ დაცვა გვექნება, მოვიგებთ. კალათბურთი მარტივი თამაშია, თუ ენერგიას არ დებ, თუ ჭკვიანურად არ მოქმედებ, ვერ იგებ. სამწამიანში უპირატესობა გვქონდა და რატომღაც სამქულიანების სროლა დავიწყეთ. სამწამიანში თამაში შევწყვიტეთ, დაცვა არ გვქონდა და შესაბამისად, შედეგი სავსებით ლოგიკურია".

"გოგა დღეს თავს უკეთ გრძნობდა და მისი გამოყენება გადავწყვიტეთ. მას კარგი მომენტები ჰქონდა და ცუდიც, როგორც მთელ გუნდს. შესაძლოა, ხალხს არ ესმოდეს, რამდენად რთულია ყოველ ჯერზე პარკეტზე ახალი მოთამაშეები გყავდეს. ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპზე მძიმე ფორვარდად თორნიკე შენგელია თამაშობდა, მან კი ტრავმა მიიღო. ბითაძე ამერიკაში წავიდა, რადგან დაზიანება მიიღო, ისიც არ ვიცოდით, ევრობასკეტზე თამაშს შეძლებდა თუ არა. მამუკელაშვილმა 5 ნომერზე თამაში დაიწყო, 4 ნომერზეც, როცა ბითაძე ჩამოვიდა, ის მსუბუქ ფორვარდად გადავიყვანეთ, გოგას ტრავმის შემდეგ ისევ მძიმე ფორვარდის პოზიციაზე გადავწიეთ. სხვადასხვა გზას ვეძებდით, სხვადასხვა კალათბურთის თამაშს ვცდილობდით. როცა ბითაძე გამოკეთდა, პარკეტზე დავაბრუნეთ. კალათბურთი გუნდური თამაშია, დაცვასა და შეტევაში სათამაშო რიტმი უნდა იპოვო. ჩვენ ეს ვერ შევძელით. ცხადია, როგორც გუნდი, ვერ ვმოქმედებთ, უპირატესობის მიღებას მხოლოდ მოთამაშეთა ინდივიდუალური საშემსრულებლო ოსტატობის წყალობით ვახერხებთ. მონტენეგროსთან მატჩში დუბლევიჩის წინააღმდეგ გოგა გვჭირდება, მაღლებით უნდა ვითამაშოთ, რადგან სამწამიანში თამაშის მაღალ ხარისხს ვაჩვენებთ, თუმცა მხოლოდ სამწამიანი საკმარისი არაა".

"გიორგი ცინცაძემ ამ გუნდს საკუთარი გული მისცა, ის ნაკრებში ყოფნას იმსახურებს. ზაფხულში ტრავმა მიიღო და თითქმის მთელი სეზონი გაუცდა, თუმცა დასაბრუნებლად ძალიან ბევრი იშრომა. მას უდიდესი, დაუჯერებლად მაღალი საკალათბურთო IQ აქვს. ფიზიკურად 100%-ით მზად არ არის, მაგრამ ესეც გასაგებია, რადგან დიდხანს არ უთამაშია და ამის გათვალისწინებით, ძალიან მაგრად გამოიყურება. მთელი გულით მინდა მადლობა გადავუხადო იმის გამო, რასაც გუნდისთვის აკეთებს. თითქმის 7 წელია საქართველოში ვარ და გიორგი სულ ბოლომდე იხარჯებოდა. რთულ მომენტებში ნაკრების დახმარებას ცდილობს. ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა, მაგრამ აქ ყოფნას იმსახურებს, ის განსაკუთრებული ხასიათისა და IQ-ს მქონე კალათბურთელია".

GBF

მკითხველის კომენტარები / 31 /
და არა მარტო ზუროს, მაკფადენიც აჩრდილის იმისა,როგორიც მახსოვს
4
ჩვენ რომ გვეუბნები სამწამიანში უნდა გვეთამაშა და ამის მაგივრად 3ქულიანებს ისროდნენო,ამ დროს რატომ დაუყოვნებლივ არ იღებდით წუთშესვენებებს და სამქულიანების უაზროდ მსროლელებს(გვარებს თქვენ თვითონ მიხვდებით)დაუყოვნებლად არ მიუჩენდით ადგილს სკამზე? კომენტატორებს უხაროდათ ჯერ საჯარიმო არ აგვიღიაო!, ამასობაში სამქულიანებით ამოგვავსო ორმა მოთამაშემ და საჯარიმოების აღება მათ წინააღმდეგ სწორადაც აუცილებელი იყო, რატომ არ ქონდათ ასეთი დავალება იმ კალათბურთელებს, რომელთა თამაში თავდასხმაში არავითარ პოზიტივს არ ქმნიდა? რისთვის და ვისთვის ვინახავდით საჯარიმოების ლიმიტს? შვენგან განსხვავებით ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელმა იცოდა რა,რომ ფარქვეშ მაღლებთან აგებდა,მათმა ორივე ცენტრმა 4-4 პერსონალური მიიღო, რომ ჩვენი მაღლები რამენაირად გაენეიტრალებინათ, შედეგსაც მიაღწიეს, ჩვენ კი ახლა დავიწყეთ წუწუნი ეს უნდა გვექნა ის უნდა გვექნაო...
"ობიექტური შემფასებელი"
13:45 07-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული