ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: სანაძე, ცინცაძე, მაკფადენი, შენგელია, შერმადინი. დებიუტში მარცხენა ფეხი შერმადინმა იტკინა და მოედნის დატოვება მოუწია. მეტოქეს სამქულიანები არ წაუვიდა, საქართველოს ნაკრები კი ქულებს ძირითადად შენგელიას ძალისხმევით აგროვებდა, ცინცაძემ ორი სამიანი, ხოლო მაკფადენმა ერთი ჩააგდო და 20:10 დავწინაურდით. შემდეგ შერმადინიც დაბრუნდა და პირველი მეოთხედი 9 ქულით მოვიგეთ.
მეორე პერიოდის დასაწყისში ზუროსმა შენგელია დაასვენა, მასპინძლებმა ანგარიშის 2 ქულამდე შემცირება მოახერხეს, თუმცა თორნიკეს დაბრუნებისთანავე სიტუაცია შეიცვალა და პირველი ტაიმი 45:38 დასრულდა.
მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა ცუდად დაიწყო, უამრავი შეცდომა დაუშვეს, რითაც მოწინააღმდეგემ ისარგებლა და 7 ქულით წინ გავიდა. ამას ანდრონიკაშვილის ჩაჭრა, მისი ორი ზუსტი სამიანი და შენგელიას ორიანი მოჰყვა და სხვაობა 3 ქულამე შემცირდა. გადამწყვეტი მეოთხედი ისლანდიამ უკეთ დაიწყო, 8 ქულით გაიქცა, ბერიშვილმა 2 სამიანით უპასუხა, მაგრამ მასპინძლებმა უპირატესობა მალევე დაიბრუნეს. მერე ბერიშვილმა, სანაძემ და შენგელიამ სამიანები ჩააგდეს და 7 ქულით გავედით წინ. ისევ დაუშვა საქართველოს ნაკრებმა შეცდომები, მეტოქემ ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა, სიტუაცია უკიდურესად დიძაბა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ჩვენს გუნდს დარჩა.
27 ქულითა და სარგებლიანობის 26-იანი კოეფიციენტის მატჩის ყველაზე შედეგიანი და საუკეთესო მოთამაშე შენგელია გახდა, რომელმაც 11 მოხსნა და 4 პასიც მიითვალა. შერმადინმა ორმაგი დუბლი შეასრულა (10 ქულა და 11 მოხსნა), სანაძემ 13 ქულა ჩააგდო, მაკფადენმა 12, ბერიშვილმა 9, ცინცაძემ 7, ანდრონიკაშვილმა 6, ბოქოლიშვილმა და ჯინჭარაძემ 2-2. მასპინძელთაგან 19 ქულა ფრიდრიკსონმა ჩააგდო, 16 სტეინარსონმა, 15 ჰინასონმა (პლუს 10 მოხსნა), 13 იონსონმა.
შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს თბილისში იტალიასთან გამართავს და მოგების შემთხვევაში, მსოფლიოს ჩემპიონატს მიუახლოვდება.