"ივერიონმა" ჯგუფური ეტაპი მოიგო და “ა” ლიგაში შესასვლელად "მარგვეთს" დაუპირისპირდება

AutoSharing Option
გორის კლუბი "ივერიონი" "ა" ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფური ეტაპის გამარჯვებულია. დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის ოთხივე შეხვედრა მოიგო, პირველი ადგილი დაიკავა და "ა" ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ზესტაფონის "მარგვეთის" სახით ბოლო ბარიერი დარჩა. 

"მარგვეთი" ის გუნდია, წინა სეზონში "ა" ლიგაში რომ ასპარეზობდა და რადგან პლეი-ოფში ვერ გავიდა და ბოლოსწინა ადგილი დაიკავა, ლიგაში ადგილის შენარჩუნება უწევს. ამის გამო ზესტაფონური გუნდი პრივილეგიაშია და ელოდება 3 გუნდისგან შემდგარი საკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებულის გამოვლენას, საუკეთესოს გადამწყვეტ, ორრაუნდიან ბრძოლაში რომ დაუპირისპირდეს.

საუკეთესოც გამოვლენილია და როგორც თავშივე
აღვნიშნეთ, ეს გახლავთ გორის "ივერიონი". შიდაქართლურმა გუნდმა საკვალიფიკაციოს პირველივე მატჩში 31 ქულით დაამარცხა უშუალო კონკურენტი თელავის "ბურჯი" და ჯგუფს რომ მოიგებდა, იმთავითვე ნათელი გახადა. დღეს ამ გუნდების მეორე წრის მატჩი გაიმართა (ჯგუფის მესამე წევრი მოყვარული კალათბურთელებისგან დაკომპლექტებული Cyber-ი გახლდათ, რომელმაც ყველა მატჩი უშანსოდ დათმო) და "ივერიონმა" ისევ – ამჯერად 12 ქულით – 90:78 იმარჯვა და ჯგუფში პირველი ადგილი ოფიციალურად დაიკავა. 

გორელებმა თელაველებთან პირველ წრეში მოგებული მატჩის ბოლოს დაკარგეს ერთ-ერთი ლეგიონერი დევონ კოლი, რომელმაც ჯვარედინი მყესები დაიზიანა და სამშობლოში დაბრუნდა. მიუხედავად ამისა, ივერიონს არ გასჭირვებია თელავური "ბურჯის" ხელმეორედ დამარცხება. აქ იყო ფსიქოლოგიური მომენტიც: კახურ გუნდს 32 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, პირველზე რომ გასულიყო და ასეთ რეალობაში თამაში უიმედობის განცდის საწინდარია. 

გორელებს ამჯერად ჯერმეინ ჰედმა 24 ქულით ულიდერა. 20 ქულა აიზია ლიუისმა მოაგროვა, ტარიელ არაბულის ანგარიშზე კი 11 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. "ბურჯში" ჯეიკ უილიამსმა 20 ქულა მოაგროვა. 18 ქულა და 12 მოხსნა სემაი მეთიუსის ანგარიშზეა. 

ასე და ამგვარად, "ა" ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალურ რაუნდში, რომელიც 2 მატჩისგან შედგება, გორის "ივერიონი" და ზესტაფონის "მარგვეთი" დაუპირისპირდებიან. სერიის თამაშებში ოვერტაიმის დაფიქსირება დაშვებულია. სერია 2 მატჩისგან შედგება და რომელი გუნდიც 2 შეხვედრის ჯამში უმეტეს ქულას ჩააგდებს, გამარჯვებული და შესაბამისად "ა" ლიგის საგზურის მფლობელიც ის იქნება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული