საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!

AutoSharing Option
• კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"

Sportall.Ge

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. ქართველები ემოციურები ვართ, საკუთარი ნაკრები გვიყვარს და ცხელ გულზე ობიექტურობაც გვიჭირს, ემოციების დაცხრომის შემდეგ კი რეალობას თვალს იოლად ვუსწორებთ...

რას ველოდით და რა მოხდა...

ობიექტურად, ილიას ზუროსის გუნდის მიზანი პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევა და შესაბამისად, ორი მეტოქის დამარცხება იყო. ეს ყოველივე შესრულ
და. კალათბურთელებმა დიდ ფორუმებზე გამოსვლას ისე შეგვაჩვიეს, ამ ისტორიული მიღწევისა და შედეგის შესაბამისად აღქმა მაინც გვიჭირს, თანაც, მაქსიმალისტები ვართ.

ჩვენი ნაკრების მხრიდან სენსაციები გვინახავს და გრანდებისთვისაც მოგვიგია. შესაბამისად, თუ იმის მოლოდინიც არსებობდა, რომ რომელიღაც შეხვედრაში, სადაც აუტსაიდერები ვიყავით, წარმატებას მივაღწევდით, ასე არ გამოვიდა.

ვერ დავეთანხმებით მთავარ მწვრთნელს, რომ იმაზე კარგი ჩემპიონატი გვქონდა, ვიდრე ველოდით და ვერც მათ, ვინც შედეგის მხრივ განსაკუთრებულ უკმაყოფილებას გამოთქვამს...

რას ვერ ვცვლით...

მსოფლიო ჩემპიონატი დიდი ტურნირია, აქ დამატებითი მოტივაცია და შემართება გაქვს, მაგრამ ახლიდან ნამდვილად ვერ იბადები. ზუროსის გუნდმა კვლავ დაუშვა ის შეცდომები, რასაც ბოლო წლებში ვხედავთ და ტურნირისწინა ამხანაგურმა შეხვედრებმაც გამოაჩინა.

საქართველოს ნაკრები ბურთს ხშირად კარგავს, მათ შორის, უწყინარ სიტუაციებში. რას ნიშნავს ეს? - მოწინააღმდეგეს სწრაფი შეტევის საშუალებას აძლევ. ტანმაღალი კალათბურთელების მიუხედავად, მეტოქეები ჩვენს ფარზე ბურთს იოლად ხსნიდნენ. ესეც მარტივი რამაა - დამატებითი შანსისა და ქულების მიცემა. მხოლოდ ეს ორი კომპონენტი რომ განვიხილოთ, ჩვენს ფარში უკვე არაერთ ქულას ნიშნავს.

პერიმეტრი კვლავ სუსტ წერტილად გვრჩება. მეტოქეებმა იციან, რამდენი სროლის საშუალება არ უნდა მოგვცენ, ჩვენს ქულებს ბევრს მაინც ვერაფერს შევძენთ. ასევე, საკმარისი სისწრაფე და მოძრაობა არ გვაქვს, აქეთ კი შორიდან არაერთ ქულას ვიღებთ, უიღბლობაც რომ დაგვდევს და წარმოუდგენელი პოზიციებიდანაც "გვბომბავენ".

მშვენიერი იყო დაცვაში თამაში კაბო ვერდესა და ვენესუელასთან და მათი დაჯაბვნა შესაბამისი აგრესიულობის დამსახურებითაც შევძელით.

ვინ იყო კარგი?

საქართველოს ნაკრებს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მართლაც მშვენიერი წარმომადგენლები ჰყავს. გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილისგან კიდევ უფრო უკეთეს სეზონებს ველით.

ბითაძეს მსოფლიოზე კარგი სტატისტიკა ჰქონდა, თუმცა მისი თამაში ციფრებზე მეტია. გოგა სწრაფად მოძრაობს და მისი აღნაგობიდან გამომდინარე, მასთან უპირატესობის მიღება რთულია. ბითაძე, ფაქტობრივად, ერთადერთია, რომელიც ჩვენი გუნდიდან დაფარებას ახერხებდა. ეს კომპონენტიც პრობლემურია საქართველოს ნაკრებისთვის. მარგი ქმედების კოეფიციენტიდან გამომდინარე, გოგა ზუროსის გუნდში საუკეთესო იყო...

რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, შესაძლოა, ის გარკვეულ ეპიზოდებში თამაშიდან გამორთულს ჰგავდეს, თუმცა "მამუს" ძალიან მაგარი აფეთქებები აქვს - როცა ფარისკენ მიდის, მისი შეჩერება, პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება. სანდროს ლიდერის თვისებები აქვს. დაკარგვები ის კომპონენტია, რაზეც მამუკელაშვილს ჩემპიონატზე სამუშაო ჰქონდა.

კარგი ეპიზოდები ჰქონდა თორნიკე შენგელიას, ის ნამდვილი კაპიტანია. მოსაწონი იყო კახა ჯინჭარაძის თამაში დაცვაში და სარგებლიანობა გუნდითვის. ცოტა დრო ეძლეოდა ვეტერან ცინცაძეს და ის ამ დროს მაქსიმალურად ეფექტურად იყენებდა...


ვინ იყო ცუდი...

თად მაკფადენმა მსოფლიო ჩემპიონატი პირწმინდად ჩააგდო და ამას სხვა ახსნა უბრალოდ არ აქვს. ვერ ვიტყვით, რომ ნატურალიზებულ ამერიკელს ბოლო დროს პროგრესი ჰქონდა და ეს ჩავარდნა განსაკუთრებული მოულოდნელობა იყო. მის ჩანაცვლებაზე ფიქრი, რაც ახლა აუცილებლად მოხდება, უფრო ადრე შეიძლებოდა. დამსახურებას არავის ვუკარგავთ, ადამიანურადაც გვესმის, მაკფადენს არაფერი გამოსდიოდა და კალათბურთში ფსიქოლოგიური ფაქტორები მეტად მნიშვნელოვანია, მან საკუთარი თავი "დაკარგა".

ვსაუბრობთ პერიმეტრზე და დუდა სანაძეს, რომელიც ძირითადად ტრავმით თამაშობდა, კარგი გარჯა არც დაცვაში ჰქონია და შორეული სროლების ასპექტში ბევრი არაფერი გამოუვიდა. მეტს ველოდით გიორგი შერმადინისგან, რომელსაც ზუროსი სასტარტო ხუთეულში ათამაშებდა. ვეტერანმა ძლიერი მოწინააღმდეგეების პირისპირ არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნა და ისტორიაშიც შევიდა, როგორც მსოფლოზე პირველი ქულების ავტორი.

ზუროსი და მომავალი

ჯერჯერობით რთული გასაგებია, ბერძენი მთავარი მწვრთნელი გუნდში რჩება თუ მიდის. კარგად უნდა განვსაზღვროთ, მას ახალი ელემენტების შეტანა, თაობათა ცვლასთან გამკლავება და ოლიმპიადისთვის გუნდის მომზადება შეუძლია თუ არა. შეგვიძლია წარმატებებზე ვისაუბროთ, მსოფლიოს 16 გუნდში მოხვედრაზე და ამავდროულად, ამით თავი არ უნდა მოვიტყუოთ.

სიახლეები აუცილებლად იქნება, მსოფლიო ჩემპიონატზე კი ზუროსი ახალგაზრდებს დიდად არ ენდობოდა. უნდა აღვნიშნოთ რატი ანდრონიკაშვილის თამაში დაცვაში და მშვენიერი "ასისტები". მას ყველანაირი მონაცემი აქვს, მთავარია მეტი სტაბილურობა და "დაღვინება". რაც შეეხება ლუკა ლიკლიკაძეს, მომავალი მის ხელშია, გამოცდილება კი, იმედია, მეტს მისცემს და მათ შორის იმასაც ასწავლის, ტექნიკური ჯარიმები თავიდან როგორ აიცილოს...

მეტად უნდა გავაძლიეროთ კალათბურთის შიდა ჩემპიონატი, უკეთესი ბავშვთა მწვრთნელები გვყავდეს, ვითამაშოთ ევროტურნირებზე - ევროპის წამყვანი ჩემპიონატებისა და NBA-სკენ გზები ისევ უნდა გავჭრათ!..

altზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად

altზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას

altსაქართველოს ჰიმნი და აღნიშვნა გულშემატკივართან ერთად - რა ხდებოდა ოკინავაში ვენესუელის დამარცხების შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
რატომ გავიწყდებათ, რომ მაკ ფადენმა ევროპაც ჩააგდო და ის, სხვისგან ინათხოვრო კი არა, ჩვენი მოქალაქეც რომ იყოს დიდი ხანია გუნდში მიწვევას აღარ იმსახურებს.
ჟორა გაბრიჭიძე
23:28 05-09-2023
2
ზუროსმა ბევრი გააკეთა, მაგრამ წასვლის დროა. წინ აშკარად ვეღარ მიდის, ვერც პრინციპულ გადაწყვეტილებებს ვეღარ იღებს. დუდა სანაძე კვიპროსის დონეს ვერ გაცდა, არც პერსპექტიულად აღარ ითვლება - სხვა უნდა წაეყვანა მის ნაცვლად. ლიკლილაძის ყოჩობა ერთ ერთ თამაშში მის არაპროფესიონალურ გეზს მიანიჩნებს, დროზე უნდა დაუბრუნდეს თავმდაბლურ შრომას თუ რამეს უნდა რომ მიაღწიოს.
მამუს, ბითაძის, შერმადინის და შენგელიას სწორი გამოყენების პირობებში ეს ნაკრები ჩამოსაწერი კიდევ დიდი ხანი არ იქნება. და რაც დამაკლდა არის ის რომ ფაჩულიას დონის სტარი ამ ეტაპზე არ გვყავს და ძალიან გვაკლია.
amberგ
16:35 05-09-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული