საქართველოს ეროვნული ნაკრები გადამწყვეტი მატჩებისთვის მზადებას 10 თებერვლიდან დაიწყებს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ტურნირის დასკვნითი თამაშებისთვის მზადებას იწყებს. საკვალიფიკაციოს ბოლო ფანჯრის ფარგლებში ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი 2 მატჩს გამართავს – 21 თებერვალს თბილისში დანიასთან და 24 თებერვალს ბელგრადში, სერბეთთან.

პირველი მატჩი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა: დანიის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის საგზურს მოიპოვებს და კონტინენტის მთავარ საკალათბურთო ფორუმზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს. მარცხი კი ფაქტობრივად შანსის დაკარგვაა, რადგან დანიის გამარჯვების შემთხვევაში ჩვენს თავზე დამოკიდებულები აღარ ვიქნებით. ბოლო მატჩი სერბეთში რომც მოვიგოთ, თუ
დანია შინ ფინეთს მოუგებს, ევრობასკეტზე სერბეთთან და ფინეთთან ერთად გავა. ამ უკანასკნელს ევრობასკეტის საგზური მისი მასპინძლობის გამო გარანტირებული აქვს.

შესაბამისად, ალეკსანდარ ჯიკიჩის მთავარი სამიზნე დანიასთან 21 თებერვლის მატჩია, რომლისთვისაც საქართველოს ნაკრები მზადებას 10 თებერვლიდან დაიწყებს. ფიბა-ს კალენდრით, საკვალიფიკაციო ტურნირის ფანჯარა 17 თებერვლიდან იწყება და ჩვენი ლეგიონერების უმეტესობაც ნაკრებს ამ დღეს შემოუერთდება. 10 თებერვლიდან კი დიღმის არენაზე ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა, სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელები ივარჯიშებენ.

ალეკსანდარ ჯიკიჩს ახალი არავინ გამოუძახებია. გაფართოებულ შემადგენლობაში მთლიანობაში 20 კალათბურთელია – 7 ლეგიონერი (თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, მათე ხატიაშვილი) და 13 სუპერლიგის მოთამაშე (კახა ჯინჭარაძე, ლუკა მაზიაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ოჩხიკიძე, მათე ყავლაშვილი, სანდო სანაძე, დავით კაკუშაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი სულაბერიძე, გიორგი კორსანტია, ილია ლონდარიძე, ივანე მეგენეიშვილი, გეგი ბაქრაძე).

ნაკრების მთავარი მწვრთნელი 17 თებერვალს იმ 14 კალათბურთელს დაასახელებს, რომელთაგანაც დანიასთან და სერბეთთან მატჩების შემადგენლობები დაკომპლექტება. ნაკრები 17 თებერვლიდან გენერალურ შეკრებაზე გადავა – სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” იცხოვრებს და თბილისი არენაზე ივარჯიშებს.

დანიასთან მატჩი თბილისი არენაზე 21 თებერვალს, 20:50 საათზე გაიმართება, ხოლო 22-ში, გამთენიისას, საქართველოს ნაკრები ბელგრადში გაემგზავრება, სადაც 24 თებერვალს სერბეთის ნაკრებთან ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩს გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
მთავარია ლუნდარიძე იყოს განაცხადში )))
ბესო
19:25 04-02-2025
1
ორივე უნდა ჩამოვიდეს, უმაგათოდაც როგორმე წააგებს ორლანდოც და სპურსიც. აბა რაში გვჭირდება მაგათი ნბა-ში თამაში? მით უმეტეს არც ერთია ვებმანიამა და არც მეორე დურანტი. ერთ კვირას როგორმე გაძლებენ უმაგათოდ ამერიკელები. თუ კონტრაქტი უკრძალავს, მაშინ არ ვიცი. ისე, ხომ შეიძლებოდა თორნიკესავით ჩაედოთ ეგ პირობა კონტრაქტში?
უნდა ჩამოვიდნენ!
19:37 04-02-2025
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული