საქართველო-გერმანია 57:67 - ავარიული დაშვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 აგვისტოს ლიტვის ძლევით საქართველოს ნაკრები ძალიან მაღლა აფრინდა, სხვანაირად ლიტვას ვერ გადაახტებოდა. თუმცა ჰაერიდან მიწაზე ჩამოსასვლელად ავარიული დაშვება დასჭირდა - გერმანიის "ცაზე" 30 წუთი იტრიალა, მატჩის ბოლო ათ წუთში კი ისე დაეშვა დასაფრენ ბილიკზე, მგზავრებს გვარიანად რომ შეაზანზარებს ხოლმე. გერმანიასთან მეოთხე პერიოდში მხოლოდ 5 ქულა ჩავაგდეთ და 57:67 დავთმეთ.

ზოგმა ლიტვასთან გამარჯვება სენსაციად მონათლა, თუმცა ასე ნამდვილად არ არის, საქართველო ის გუნდია, ლიტვის ძლევა ერთ თვეში ორჯერ რომ შეუძლია, მაგრამ ასევე არ იყო სენსაცია გერმანიასთან წაგება. უამრავი მიზეზი ერთმანეთს
ისე გადაეჯაჭვა, წარმოუდგენელი იყო, ამას დადებითი შედეგი მოჰყოლოდა.

ემოცია
ქართველი გულშემატკივარი დარბაზში იმედიანად მივიდა, ყველას სჯეროდა, რომ ლიტვას გერმანიასაც მივაყოლებდით. თამამად შეიძლება ითქვას, ქომაგმა შეხვედრა მართლაც გაალამაზა.

ზოგი შეიძლება ფიქრობდა - რადგან ლიტვას ვაჯობეთ, გერმანიისთვისაც იმიტომ უნდა მოგვეგო. კალათბურთში ღრმად ჩახედულებს კი კარგად მოეხსენებოდათ, რომ ეს ასე არ იყო.

მწვრთნელმა ილიას ზუროსმაც თქვა - პირველი მოგება ისე არ უნდა იზეიმო, თითქოს, მსოფლიოს ჩემპიონი გამხდარიყავიო. შესაძლოა, კალათბურთელების ემოციაზე წინა მატჩში გამარჯვებამ გარკვეულწილად მაინც იმოქმედა, მაგრამ წაგების მიზეზად ეს ნამდვილად არ უნდა დასახელდეს.

შენგელია
მატჩის წინ გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის ფლემინგმა თორნიკე შენგელიას დითირამბები უძღვნა. ეკუთვნოდა. გერმანელ სპეციალისტს ტყუილი არაფერი უთქვამს, თოკო ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია.

ჰოდა, სწორედ ამიტომ დაახვედრა საუკეთესო დაცვა: ლიტვასთან თორნიკე ბურთს რომ მიიღებდა, თავისი მეურვის ჩამოშორების შემთხვევაში სისწრაფის ასაკრეფად სივრცე ჰქონდა. გერმანიასთან კი თავის კაცს მოატყუებდა თუ არა, მის წინ მეორე გერმანელი აღიმართებოდა.

ალემანები იმდენად მწყობრად და სწრაფად გადაადგილდებოდნენ დაცვისას, რომ არც პერიმეტრზე დარჩენილა ჩვენიანი თავისუფალი, არც ფარქვეშ, რომ შენგელიასგან გადაცემა მიეღო.

ნელ-ნელა იკვეთება წაგების მთავარი მიზეზი - გერმანიის დაცვა.

მანუ-დიქსონი
ნამატჩევს გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა ცალკე ილაპარაკა მანუჩარ მარკოიშვილსა და მაიკლ დიქსონზე. მათ ნებისმიერი თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. წამის მეასედითაც არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ კალათში სამქულიანი გარანტირებული გაქვსო.

ფლემინგის მითითება მისმა შეგირდებმა იდეალურად შეასრულეს: მარკოიშვილმა, გიორგი ცინცაძემ და დიქსონმა 2-2 სამქულიანი სტყორცნეს. ძალიან, ძალიან ცოტაა!

მათ საკმარისად აქვთ კლასი საიმისოდ, რომ მჭიდრო მეურვეობის მიუხედავად, მეტოქის ხელიდან ისროლონ და ჩააგდონ, როგორც ეს იტალიელმა მარკო ბელინელიმ უკრაინასთან მატჩში გააკეთა.

ფაჩულია-შერმადინი
გერმანიამ მოხსნებში 37:32 გვაჯობა, ფარქვეშიდან ჩაგდებულ ქულებში - 30:24. მათ 210-ს გადაცილებული ერთი კალათბურთელიც არ ჰყავთ. სწორედ ამიტომ, შენგელიას და პერიმეტრის გადაკეტვის შემდეგ მათი მთავარი ამოცანა გიორგი შერმადინისა და ზაზა ფაჩულიას შეკავება იყო.

ზონებს იმდენად კარგად კეტავდნენ, რომ ჩვენი ტანმაღლები ფარქვეშ ბურთს ვერ იღებდნენ, იძულებულები იყვნენ, "გარეთ გამოსულიყვნენ" და ისე მიეღოთ.

მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს მოვუსმინოთ:

"აქცენტს ფარქვეშ თამაშზე ვაკეთებთ, რადგან ძლიერი ტანმაღალი კალათბურთელები გვყავს. როდესაც სამწამიანი ზონიდან უტევ, დიდი მნიშვნელობა აქვს მსაჯების გადაწყვეტილებებს. მათ კი ჯარიმებზე არ დასტვინეს. არბიტრებზე ლაპარაკი საერთოდ არ მიყვარს და მათ არაფერს ვაბრალებ, მაგრამ მათმა მოქმედებამ თამაშის ფილოსოფია შეცვალა".

შრიოდერი
დენის შრიოდერი NBA-ში თამაშობს, "ატლანტა ჰოქსის" ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ასეთ ადგილას შემთხვევით არ ხვდებიან. საქართველოს ნაკრებთან 9 შეცდომა დაუშვა, მაგრამ მაინც საუკეთესო კალათბურთელი იყო: თვალის დახამხამებაში გადადიოდა მოედნის ერთი ნახევრიდან - მეორეზე. ბოლო წამებამდე ისე ირბინა, რჩებოდა შთაბეჭდილება, კიდევ ერთ ასეთ თამაშს ჩვეულებრივად ჩაატარებდა...

საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე ცუდი, იცით, რა გააკეთა შრიოდერმა? - მაიკლ დიქსონი დაღალა, რომელიც მართლაც აჩრდილივით დასდევდა და გერმანელის 9 შეცდომაც შემთხვევითი არ იყო. ბოლო წამებზე, დიქსონის სიზუსტე რომ დაგვჭირდა, ენერგია აღარ აღმოაჩნდა. გადამწყვეტ მომენტში შეცდომებიც დაუშვა...

ევრობასკეტი 2017. D ჯგუფი. II ტური
2 აგვისტო, თელ-ავივი, 2285 მაყურებელი
საქართველო-გერმანია 57:67
19:19, 17:22, 16:14, 5:12

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ცხრილია ეხლა ეს? ქართულად გაუკეთეთ გრაფების განმარტება მაინც.
არაფრის მთქმელი ამხელა ცხრილი.
12:48 04-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული