ადგილი ევროპაში: რა უნდა ვისწავლოთ სლოვენიისგან?

AutoSharing Option
- ლუბლიანაში 1995 წელს ჩავედი. თავიდან ვარჯიშებზე ყოველთვის მაგვიანდებოდა, ადრე გავიდოდი თუ გვიან, მაინც ერთ დროს მივდიოდი... დაგვიანებული. თუმცა მალევე აღმოვაჩინე, რომ ავტობუსების გაჩერებაზე ტრანსპორტის მოსვლის დრო გაწერილი იყო და წამითაც არ აგვიანებდა. ასეთი რამ ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, საქართველოში ხომ იმხანად არც გზები იყო მოწესრიგებული და ავტობუსების გრაფიკით მოძრაობა ვერც წარმოგვედგინა, - ეს ამბავი ვლადიმერ სტეფანიამ მიამბო.

იგი 1995 წელს გადავიდა ლუბლიანაში საცხოვრებლად. თავიდან "სლოვანის" ღირსებას იცავდა, ერთ წელიწადში კი "ოლიმპიაში" გადავიდა, რომელიც ევროლიგაზე ასპარეზობდა.

90-იანებში სოციალისტური ქვეყნების რღვევას ომები
მოჰყვა. ბალკანეთში თითქმის ყველა ექსიუგოსლავიური ქვეყანა ჩაერთო ომში, განადგურდა ქალაქები, ქვეყნები, მაგრამ ერთადერთი, რომელიც მშვიდობიანად "გამოძვრა", სლოვენია იყო. პუბლიკაციის დასაწყისში ლუბლიანა რომ ვახსენეთ, სწორედ ის გახლავთ სლოვენიის დედაქალაქი.

რამდენად აფერხებს ომი ამა თუ იმ სახელმწიფოს განვითარებას, ნებისმიერ ქართველს კარგად მოეხსენება. სლოვენიამ კი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მშვიდობიანად გააგრძელა არსებობა. სლოვენიელი საკალათბურთო მენეჯერისთვის ერთგვარი შოკი აღმოჩნდა, როდესაც სტეფანიაზე დასაკვირვებლად ჩამოსულს აეროპორტის ტრასაზე გვერდში იარაღასხმული ხალხით სავსე ტანკი ამოუდგა, ხოლო სასტუმრო "აჭარაში" მთელი ღამე ავტომატის კაკანმა არ დააძინა.

როდესაც საქართველო შიდა თუ გარე მტერთან ომში იყო ჩართული, სლოვენიელი სპეციალისტები კალათბურთის განვითარებაზე ფიქრობდნენ, ტალანტებს ჩვენნაირ ქვეყნებში ეძებდნენ...

ძიება და აღზრდა
რატომ ეძებდნენ? იმიტომ, რომ ესპანეთივით დიდი რესურსის მქონე ქვეყანა არ არის (ხალხის რაოდენობაც იგულისხმება და ეკონომიკური სიძლიერეც). როდესაც გსურს, ევროპის ტოპ-გუნდებში, ევროლიგაზე ითამაშო, ლიონელ მესებსა და კრიშტიანო რონალდოებს ვერ მიიწვევ. საკალათბურთო ენაზე რომ ვთქვათ - იასიკიევიჩუსებსა და ბოდიროგებს ვერ აიყვან. საამისოდ ფული არ გეყოფა.

საჭიროა პერიფერიებში სტეფანიების, ცქიტიშვილების, ბოისებისა და მარკოიშვილების დარი ტალანტების ადრეულ ასაკში მოძიება, რომ შემდეგ ისინი კარგად გამოწვრთნა და ორმაგად მოიგო: ჯერ "ოლიმპიაში" ევროლიგაზე წარმატების მიღწევაში დაიხმარო, შემდეგ გაყიდო და მიღებული შემოსავლით ახალი, ნიჭიერი კალათბურთელები მოიძიო.

- ლუბლიანის "ოლიმპია" ევროლიგაზე რომ თამაშობდა, ფინანსურად გამართული გუნდიც იყო და სისტემა იდეალურად ჰქონდა აწყობილი. ახლა შედარებით დაბალი რანგის შეჯიბრებებში გამოდის, თუმცა სლოვენიურ გუნდებს გეზი არ შეუცვლიათ: კალათბურთს იმიტომ კი არ თამაშობენ, რომ უნდა ითამაშონ, არამედ იმიტომ, რომ კალათბურთელები განავითარონ და შემდეგ მათი გაყიდვით იხეირონ, - მოგვითხრობს "ოლიმპიას" ექსკაპიტანი, საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ვლადიმერ ბოისა.

მას მაგალითად გასპერ ვიდმარი მოჰყავს, რომელიც "სლოვანში" გაიზარდა, შემდეგ კი თურქეთში გაიყიდა და სლოვენმა ამ ტრანსფერით საკმარისად ისარგებლა.

ამ მიმართულებით სლოვენია ქართველებისთვისაც მისაბაძი მაგალითია. ჩვენთან ერთადერთი კალათბურთელია, რომლის განვითარებაზე წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა - გიორგი შერმადინი. მას ჯამლეტ ხუხაშვილმა პატარაობაშივე მოჰკიდა ხელი და "მაქაბიში" უმაღლეს ლიგაში ათამაშა. თან ისე, რომ მთელი გუნდი გიორგის პროგრესზე ზრუნავდა.

სხვა ქართული გუნდების მწვრთნელებიც ფიქრობენ ამა თუ იმ კალათბურთელის წინსვლაზე, მაგრამ აქამდე ისეთი სიტუაცია იყო, კაცმა არ იცოდა, მომავალ წელს ექნებოდა თუ არა დაფინანსება, დაიშლებოდა თუ არა გუნდი. ასეთ დროს მწვრთნელიც ინსტინქტურად შედეგებზე უფრო ფიქრობს, ვიდრე კალათბურთელის პროგრესზე.

ევროპა და გამოცდილება
სლოვენიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი რომ გახდა, ბევრგან დაიწერა - ევროპაზე მწვანე დრაკონები გაბატონდნენო. რატომ დრაკონები? ეს, შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რადგან სლოვენიის ნაკრებს მსოფლიოს მასშტაბით ამდენისთვის აქამდე არ მიუღწევია და ამიტომაც არ იციან, რომ ქვეყნის ნაკრებს მწვანე დრაკონებს უწოდებენ.

მაგრამ ვინც კალათბურთს დიდი ხანია ადევნებს თვალს, ემახსოვრება, რომ ლუბლიანის "ოლიმპიას" გერბზე სწორედ დრაკონი ხატია, ხოლო გუნდი მწვანე ფორმით თამაშობდა ევროლიგაზე.

სწორედ "ოლიმპიამ" გააცნო სლოვენია მსოფლიოს და ჩაუყარა საფუძველი ნაკრების წარმატებას. მასთან ერთად კიდევ რამდენიმე კლუბი ასპარეზობს ევროსარბიელზე და კალათბურთელებიც დიდ გამოცდილებას იღებენ.

- სლოვენიას ჰყავს დრაგიჩი, მსოფლიოს მასშტაბის გამთამაშებელი, - განაგრძობს ვოვა ბოისა, - როგორც ვიცი, სწორედ მან და ფედერაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა რაშო ნესტეროვიჩმა დაიყოლიეს იგორ კოკოშკოვი, ემუშავა სლოვენიის ნაკრებში. თუმცა მხოლოდ დრაგიჩისა და დონჩიჩის ნიჭი წარმატებისთვის საკმარისი ვერ იქნებოდა. ხომ გახსოვთ, ევრობასკეტის ფინალში, ბოლო წუთებზე კოკოშკოვმა გორან დრაგიჩი სათადარიგოთა სკამზე რომ დასვა და მის ნაცვლად ალექსანდრ ნიკოლიჩი გამოიყვანა... ნიკოლიჩი, რომელსაც აქამდე, ფაქტობრივად, არავინ იცნობდა. მართალია, იგი ევროპული დონის ვარსკვლავი არ არის, მაგრამ იცის, რას ნიშნავს ევროპული კალათბურთი, როგორ ითამაშოს და როგორ შეცვალოს დრაგიჩი ისე, რომ გუნდს არ დაეტყოს.

Sportall.Ge

საიდან იცის? იგი სლოვენიურ "ლაშკოში" თამაშობდა, შემდეგ გერმანულ "ბამბერგში" გადავიდა. იქაც ბევრით არაფრით გამოირჩევა (საშუალოდ 3.3 ქულა, 1.8 პასი), მაგრამ რაც მთავარია, აქვს ევროპული გამოცდილება.

საქართველოს ნაკრების სათადარიგოებსაც რომ ჰქონოდათ "ევროპული გამოცდილება", ევრობასკეტზე ჯგუფიდან რომ გავიდოდით, ეს ცხადია. სადამდე მივაღწევდით, ეს უკვე მსჯელობის თემაა. გამოცდილება კი ევროტურნირებზე ხშირი თამაშით მოდის. საქართველოს ნაკრების ლიდერები ორმაგად დასაფასებლები არიან. მათ ხომ ამოსუნთქვის გარეშე მოუწიათ ისეთ დონეზე თამაში, როგორიც ევროპის ჩემპიონატია და მეორეც - ნამდვილად იმსახურებენ ისეთ გუნდს, სკამზე დაჯდომისა და დასვენებისა რომ არ შეეშინდებათ.

ეს შესაძლებელი იქნებოდა, ქართული კლუბები ფიბას საკლუბო შეჯიბრებებში რეგულარულად რომ თამაშობდნენ. ვთქვათ, ილია ლონდარიძე და მიხეილ ბერიშვილი ერთიორად კარგი კალათბურთელები იქნებოდნენ და ნაკრებსაც სრულფასოვანი შეცვლა ექნებოდა. თუმცა ამას რომ ვწერ, სულაც არ ვგულისხმობ, რომ ილიას ზუროსს ისინი ევრობასკეტზე იმაზე მეტი არ უნდა ეთამაშებინა, ვიდრე ათამაშა.

საქართველოში კი სლოვენიელებისგან განსხვავებულად ვაზროვნებთ: მერე რა, რომ ჩემპიონი გავხდი, ფული არ გვაქვს იმდენი, რომ ევროჩელენჯზე ჯგუფიდან გასვლაზე ვიზრუნოთ. შარშანდელი შემადგენლობით ევროპაში თავი მოგვეჭრება და რაღა აღადგენს ქართული კალათბურთის პრესტიჟს?!

აბა, შენ ეგ თქვი! არ სჯობს, ჩირგვში დაიმალო და უნგრეთის "ფეჰერვართან" 15 ქულა არ წააგო?! გამოვლენ მერე "ფეჰერვარის" კალათბურთელები და ბოლო წუთებზე მოუგებენ მსოფლიოს დონის ვარსკვლავებით (შენგელია, ფაჩულია, შერმადინი) დაკომპლექტებულ საქართველოს ნაკრებს. იმიტომ, რომ მათ გუნდში 12 კალათბურთელი თამაშობს, ჩვენთან - 7.

წლეულს კალათბურთის ფედერაცია სპორტის სამინისტროსთან ერთად მხარში დაუდგა ჩემპიონ "დინამოს" და ლოჯისტიკის ხარჯებს უზრუნველყოფს. ისიც უნდა ითქვას - "დინამო" წელმაგარი რომ არ ყოფილიყო, ვერც სუპერლიგას მოიგებდა და ვერც ევროტურნირებზე ითამაშებდა.

იმედი დავიტოვოთ, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და რაც მთავარია, "დინამო" სათანადოდ "აითქვიფება" ევროპულ კალათბურთში. მას ხომ მწვრთნელიდან დაწყებული, პრეზიდენტის ჩათვლით, კალათბურთში კარგად ჩახედული ხალხი ხელმძღვანელობს და მშვენივრად მოეხსენებათ, რა არის საჭირო კონკრეტული გუნდისა თუ ქართული კალათბურთის განვითარებისთვის.

ბავშვები და ნიჭი
ვლადიმერ ბოისამ ისიც გვითხრა, რომ სლოვენიის საკალათბურთო ჩემპიონატი სადღეისოდ სულაც არ არის მაღალი დონისა. ნაკრებში ადგილობრივი პირველობის მხოლოდ ორი კალათბურთელი თამაშობდა. თუმცა სლოვენია იმიტომ გახდა ევროპის ჩემპიონი, რომ ამ ქვეყანაში კალათბურთი საფუძვლიდან სწორად ვითარდება.

მოვუსმინოთ ჟურნალისტ ალიაჟ ვრაბეცს:

- ჩვენთან დიდი ყურადღება ექცევა სპორტს. სკოლებში ყოველდღიურად ტარდება სპორტის გაკვეთილები და თუ რომელიმე ბავშვს, ვთქვათ, კალათბურთზე მოუნდა სიარული, მწვრთნელს მისდის კარგად მომზადებული ახალგაზრდა. საკალათბურთო გუნდის მწვრთნელს არ სჭირდება მისთვის სპორტის მნიშვნელობაზე ლაპარაკი და სწორი სირბილის სწავლება.

სლოვენიაში ორჯერ ვარ ნამყოფი და გამოგიტყდებით, სკოლის ასაკის არც ერთი მოზარდი არ მინახავს წელში მოხრილი ან კომპიუტართან ჯდომით დასუსტებული. ყველა ფიზიკურად კარგადაა ნავარჯიშები და ამიტომაცაა, კალათბურთზე მივა თუ ჰოკეიზე, მწვრთნელს სრულყოფილ სპორტსმენად ბარდება.

ვოვა ბოისამ ისიც მითხრა, რომ სლოვენიაში სულ ოთხი ჰოკეის დარბაზია და მისი ნაკრები რეგულარულად თამაშობს ოლიმპიადებზე. ამის მიზეზი სწორედ ისაა, რომ ბავშვები სკოლის ასაკიდან ეზიარებიან სპორტს, ყველა თავის მიმართულებას ირჩევს, კალათბურთი იქნება ეს, ფეხბურთი, ხელბურთი თუ ჰოკეი...

საქართველოში? პირდაპირ გეტყვით: თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ნოემბრიდან ფიზკულტურის გაკვეთილები არ ტარდებოდა - მშობლები ნერვიულობდნენ, ბავშვები გაგვიცივდებიანო და დაწყებითი კლასის მასწავლებელსაც კლასში თბილად ჯდომა ერჩივნა. სხვათა შორის, კალათბურთის ფარები გარკვეული პერიოდის განმავლობაში საერთოდ ჩამოხსნილი იყო, ახლა აღდგენილია, მაგრამ... ბურთები არაა.

- სლოვენიაში ყველა სკოლას მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი აქვს. მთავარია, ბავშვმა თქვას, რომელი სპორტი უნდა და მაღალი კვალიფიკაციის ფიზკულტურის მასწავლებლები მზად არიან, სათანადოდ მოამზადონ, - ესეც ალიაჟ ვრაბეცის სიტყვებია.

რატომ იქცა დრაკონი "ოლიმპიას" ემბლემად?
ლეგენდის თანახმად, კოლხეთიდან ჩასული იაზონი მდინარე ლუბლიანისა და ადრიატიკის ზღვის შესართავთან გაჩერდა (საქართველოდან ისე როგორ მოხვდა სლოვენიაში, საბერძნეთი რომ ვერ გაიარა, ეს ჯერაც გაურკვეველია), სადაც ადგილობრივ მოსახლეობას დიდად აწუხებდა მწვანე დრაკონი (ალბათ, წყალს არ აძლევდა).

ჰოდა, იაზონი სლოვენიელთა წინაპრებს დრაკონის დამარცხებაში დაეხმარა და მშვიდად გაუდგა გზას. დღეს ლუბლიანის მთავარ ხიდზე სწორედ მწვანე დრაკონის ქანდაკებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
მოკლედ ამ ქვეყნის განქიქებას როდის მოვრჩებით რა დრო იყო კალათბურთშიც და ფეხბურთშიც ბურთს ვახევდით მაგათ თავზე ასე რო არ გვინდა რა ეს ჭკუის დარიგებები და ცარიელი სიტყვები. პრობლემა იმაშია რო კომპიუტერის და ინგლისურის მეტი არაფელი უნდათ დღევანდელ ბავშვებს და არამარტო მათ სამწუხაროდ და გასართობიც ბევრი აქვთ.არუნდა მშობელს ეგ შენი ფეხბურთი და კალათბურთი.საკანდელიძეც ქართველი იყო ქორქიაც და მინაშვილიც.ხოდა ზარმაცები რო იყვნენ მიტო გახდენ მსოფლიოს ჩემპიონები და ოლიმპიადის ტრიუმფატორები.დდ ყველა ერსია ზარმაციც და მშრომელიც.იყო დროდა მომენტი როცა იყო დომენტიო კარგადაა ნათქვამი რო მიადექი და დაანგრიე ქვეყანა გაასწორე მიწასთან დაყიდე ნაწილ ნაწილ აპა რას ელოდი უკეთეს.
zaza
24 სექტემბერი 2017 22:22
0
ლამაზი სურათია ბლედის ტბის. რა უნდა ვისწავლოთ? საკუთარი ქვეყნის სიყვარული უპირველეს ყოვლისა. 88 წელს სლოვენიაში გპი-დან ზაფხულში ყამირზე ამოვყავი თავი და ქალაქ ხრასნიკში დავბანაკდით სტუდენტურ საცხოვრებელში. დილას ყველა სამუშოზე 6 საათზე იყო დარჭობილი და ჩვენი 15 კაციანი ჯგუფის გარდა ყველა 100% ად ცხადდებოდა. ჩვენები როგორც ბუმბერაზი ნაციის წარმომადგენლები ასე ადრე სამუშაოდ როგორ ადგებოდნენ. უმეტესად 15 იდან 5-თი თუ გამოვცხადდებოდით. მე ვიყავი ერთად ერთი რომელიც ინგლისურად ლაპარაკობდა და ისინი კი რუსულად ლაპარაკს ჩცენთან ერიდებოდნენ და არც უნდოდათ. სამუშაო იყო წყლის მილებისთვის მიწის თხრა და მატი ჩალაგება. გვიყურებდნედ და უკვირდათ ესენი სამუშაოდ ჩამოვიდნენ თუ საძინებლადო. მაგრამ თან ისე გვიყურებდნენ საწყლები რუსეთის ხელშიო. Mე მთელი ცხოვრება ბურთს დავსდევდი და ყველა ბურთიანი სპორტი მეხერხებოდა. სამუშოს მერე რომელიც 2-ი საათისთვის მთავრდებოდა ყველა იძინებდა. მე კიდევ კალათბურთის მოედანძე მივდიოდი რომელიც ბასეინის გადაღმა იყო და ადგილობრივებს ვეთამაშებოდი და ვუყურებდი. ჩემთვის პირველი გასვლა იყო საბჭოთა კედლებსგარეთ და გამაკვირვა თუ როგორი სპორტულები იყვნენ ქალიან კაციანად ყველა და რაც მთავარია სწორად თამაშობდნენ. ერთI გოგო იყო ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ნინა ერქვა და "საბოებში" გამოცხადდებოდა ხოლმე მოედანზე. მათთვის მნიშვნელობ არ ჰქონდა გოგო თუ ბიჭი ყველას თანაბრად აძლევდნენ თამაშის საშუალებას და არა როგორ ჩემს ძველ უბანში. ხოდა მომიწია ამ ნინასთან თამაში ერთ გუნდში. ვიფიქრე ამან რა უნდა ითამაშოს ალბათ სასეირდონ გამოვიდა და რადგან აქვე ცხოვრობს მეთქი მაგის მეგობრები არიან და ათამაშებენ მეთქი. დაიწყო თამაში და ამ საბოებაინმა ნინამ ერთი ტყორცნა არ გამაზა თან ბურთსაც კარგად ფლობდა. დამაფიქრა ამან იმის გამო რომ რაც თავი მახსოვდა დაბადებიდან ერთი გოგო ვიცოდი მარტო ვაკეში რომელიც ჩვენთან ფეხბურთს თამაშობდა და ბევრ ბიჭზე კარგადაც იმ წლოვანებისთვის და უკვირდათ ხოლმე რომ სულ მას ვირჩევდი ჩემს გუნდში ეზოს ფეხბურთის თუ ლაფტის თუ კალათბურთის სათამაშოდ. აქ კიდევ ნინასნაერი სადაც არც გადავედით ყველა მოედაზე რამოდენიმე იყო და ყველა გულიანად თამაშობდა. ვისაც არ ეხეხებოდა იმათ აქეზებნენ და მაინც ათამაშებდნენ და ხელს უწყობდნენ. ჩვენთან კიდევ დასცინოდნ და აბუჩად იგდებდნენ არასპორტულ ბავშვებს. ჩვენი 15 კაციანი ჯგუფიდან კი ბასეიზე გაშოლტილები ინაღამ გალეშილებს რა ესპორტებოდათ მთავრია გარუჯულიყვნენ და მეც გამდმომძახებდენ ხოლმე ერთი მოგცლია შენ დილიდან არ გაჩერაბულხარ მოდი წამოწექიო. სამაგიეროდ მე ბევრი ადგილობრივი დამიმეგობრდა რადგან მათთან ერთად მუშაობდი, ვთამასობდი და ნელ ნელა ენასაც ვითვისებდი. ქუჩაში გადაგდებულ სიგარეტს ვერ დაინახავდი, და ტუ რამე ეგდო როგორც კი ვინმე დაინახავდა იღებდნენ და ნაგვის ყუტში აგდებდნენ. ჩვენები კი კად მამა პაპურად მოისროდნენ ხოლმე, რამენიც არ მისცეს შენიშვნა და აიღეს ამათი გადაგდებული ესენი ეე ბიჭო ამას შ.. ხომ არააქვს, ვინ ეკითხება. ვინ ეკითხება და თავისი ქვეყანა უყვარს და არც არავინ ეგ არის. მაქედან იწყება ყველაფერი და ყველაფრის მიმართ მიდგომა ქვეყნის სიყვარული, მიწა წყლის პატივის ცემა, სინდისიანად მუშაობა, და ნამუსიანად დათრობაც რაც მეორე დილას 6 საათზე სამსახურში გამოცხადებას არ უშლის ხელს. ეს ყველაფერი ერთად ჰქმნის დალაგებულ ქვეყანას, გაწონასწორებულ პოლიტიკოსებს რომელნიც ქვეყანაზე ზრუნავენ და არა თავის მუცელზე და აგარაკ მამულებზე, მათ ადრე დაიწყეს მთიანი რაიონების მიხედვა რომ სოფელი არ გაცლილიყო, გზა, წყალი, დენი, ყველაფერი კომფორტი შექნილი რომ სოფელს მცხოვრებთ მიტოვებულად არ ეგრნოთ თავი რომ მთიანი რაიონები არ გაცლილიყო და ისინი ემსახურებიან სამთო სათხილამურო თუ ზაფხულის სპორტულ ტურიზმს, თავიანთი ლამაზი სასტუმროებით ბასეინიან ყველაფრიანად რომ ზამთარ ძაფხულ ყველაფერი იყოს ტურიზმისთვის მზად. ჩვენ ყველაფერი თავიდან გვაქვს სასწავლი. ამერიკაში იძახიან თევზი თავიდან ყარსო და ასეც არის, თავიდან! ქვეყნის სიყვარული უნდა ისწავლოს ხალხმა სწორად და არა ჭიქაში და მონურად ეკლესიაში წიგნ წაუკითხავად. სოფელი, მთა ბარი, წყალი ტყე და ის შველიც რომელსაც როგორც კი დაინახავენ იმწამსვე შამფურზე უნდათ, ააუუფ რა მწვადია ძმა!!! ხალხი სოოფელს უნდა დაუბრუნდეს, და მიწა შეიყვაროს ისევ, ბარაქიანი, რომ წუწუნებენ, ამდენი ინდოელს მიჰყიდეს, იმდენი არაბს, ჩინელს, თურქს ერთ ლარადო. თუ არ გინდა და მიატოვებ სადაც შობილხარ გაზრდილხარ, სად გისროლია ისარი, სად მამა პაპა გეგულვის იმათ კუბო ფიცარი... რატომ უკვირთ? ავი ძაღლი არც თვითონ ჭამდა და არც სხვას აჭმევდაო! ერთ დღეში არაფერი გაკეთებულა მაგრამ თავიდან არის ყველაფერი გასაკეთებელი და ნეტავ უკან გადახვევა შეიძლებოდეს.... ქვეყნის სიყვარული...ეეჰ მერე კალათბურთიც იქნება და იქნებ ფეხბურთიც გამოვიდეს და იქნებ აფხაზეთიც დაბრუნდეს და სამაჩაბლოც. ასეა ქვეყნის სიყვარული უნდა ვისწავლოთ, ერთმანეთის სიყვარული და პატივის ცემა და არა დაცინვა და ცემა.
niko
20 სექტემბერი 2017 06:27
0
რას ამბობთ ? რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ ! მსოფლიოში ყველაზე ლამაზი, მსმელი, კეთილშობილი, გონიერი, შემწყნარებელი, წიგნიერი, ძველი (ზეზვა და მზია), ვაჟკაცური, მშრომელი, .......... უფ, გამეღვიძა, ტელევიზორმა გამაღვიძა - გუგავა მერად ! საინტერესოა, სლოვენებს თუ ყავთ გუგავასნაირი თუნდაც რაღაცის კანდიდატი ...... მაინც მაგრები ვართ, ბესელია გვყავს პარლამენტში
zura
19 სექტემბერი 2017 16:39
0
აქ კომენტარისაგან თავს შევიკავებ,ერთია მხოლოდ ბავშვებს სასკოლო ასაკში მისთვის სასურველ სპორტულ სექციაში ალბატ უფასოდ ასწავლიან ყველაფერს

ჩვენთან კი აი რახდებ გადადით ლინკზე
https://www.kvirispalitra.ge/public/36940-qsaqarthveloshi-marikhuanas-mostsavleebis-11-etseva-math-shoris-gogonebicq.html?add=1#add
ეხ;ეხ;ეხ
19 სექტემბერი 2017 15:44
0
ან ის თუ სმენია ამ დაძმობილებული ქალაქების ორი საფხბურთო გუნდი - თბილისის დინამო და ლიუბლიანის ოლიმპია რეგულარულად რომ ეთამაშებოდნენ ერთმანეთს 70-ანი წლების ბოლოს და 80-ანების დასაწყისში და თბილისის დინამო მუდამ რომ უგებდა და თანაც დიდი ანგარიშებით...
S.K.K.
19 სექტემბერი 2017 15:08
1
ავტორს თუ სმენია, ოთხმოციან წლებში, ლუბლიანას და თბილისის დაძმობილების შესახებ ?
გია-11
19 სექტემბერი 2017 14:46
0
სლოვენია კი არა სლოვაკიაა საჩვენო ქვეყანა. "რაჭა ჩემი სიყვარული" ხო გახსოვთ,
ყოჩაღ სლოვაკებო, ყოჩაღ, რა კარგია თქვენი ღვინო.
)))
))) აბა დაასხით ღვინო.
19 სექტემბერი 2017 15:12
2
მე მახსოვს ერთხელ სლოვენიას შევხვდით ევროპის შესარჩევში (ფეხბურთში). როგორც ყოველთვის თამაშის წინ ჩვენი "მცოდნეები" და ჟურნალისტები ფავორიტად საქართველოს ასახელებდნენ. თუმცა 2:1 მოგვიგეს თბილისში. მატჩის მერე სლოვენიის ტრენერმა თქვა: თქვენ სწორ ფეხბურთს არ თამაშობთ, ამიტომაც წააგეთო. იმის მერე ალბათ 20 წელია გასული, მაგრამ ჩვენთან მაინც ძველ ფეხბურთს აწვებიან (ფინტი, დრიბლინგი). იქნებ ამიტომაც არიან ისინი ჩვენზე წინ, არამარტო ფეხბურთში და კალათბურთში, არამედ თითქმის ყველგან.
პ.ს. სხვათაშორის სლოვენიის ღვინო განთქმულია, უბრალოდ ცოტაა, რადგან ჩვეზე უფრო პატარა მთაგორიანი ქვეყანაა.
haha
19 სექტემბერი 2017 14:16
0
სლოვენიასთან 1-1 დამტავრდა თუარ ვცდები
მ.მ
19 სექტემბერი 2017 16:45
0
ჩვენ ყველაფერი გვაქვს წარმატებისთვის ყველა დარგში, სწორად მუშაობა გვჭირდება რომ უფრო ეფექტურები ვიყოთ და სულ ესაა, მეტი ცოდნა გვინდა და შემდეგ თაობებში ესეც არ იქნება პრობლემა.
gia
19 სექტემბერი 2017 12:54
0
სლოვენია გახდა პატარა ქვეყნების მაგალითი! გაუმარჯოთ ღმერთმა! ვარ ნამყოფი, თავიანთ საქმეს სერიოზულად უდგებიან, და თავიანთი პატარა ქვეყანა ძალიან უყვართ.
ქუთაისელი
19 სექტემბერი 2017 12:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული