ფოტო: facebook.com/zourabichvilisalome
15 ივლისს მიუნხენში ჩატარებულ ფიბას ღონისძიებას, სადაც ცნობილი გახდა, რომ საქართველო ევრობასკეტი 2021-ის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი იქნება, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ პირებთან და კალათბურთელებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.
"დღეს ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. საქართველოში პოზიტიური ამბით ვბრუნდებით, საქართველო კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა იქნება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ევროპული სპორტის სრულუფლებიანი წევრი გავხდით. ჩვენ 2021 წელს ძალიან ბევრ ევროპულ ნაკრებს ვუმასპინძლებთ და სპორტის საშუალებით ჩვენ და ევროპა კიდევ უფრო დავუახლოვდებით ერთმანეთს", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
კომენტარი გააკეთა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ:
"ძალიან დიდი მნიშვნელობის ტურნირი ტარდება საქართველოში. ამ მასშტაბის სპორტში ევროპის ჩემპიონატი ჩვენს ქვეყანაში არასდროს ჩატარებულა. ძალიან გახარებული ვარ, ჩვენმა ფედერაციამ ძალიან დიდი შრომა ჩადო მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, მის გარეშე ძალიან ძნელი იქნებოდა ამ გამარჯვების მიღწევა. ძალიან მიხარია ეს მიღწევა, რადგან ეს ქართული სპორტისთვის, ქართული კალათბურთისთვის, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა".
ასევე, ძალიან გახარებული იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია:
"მოგეხსენებათ, ევრობასკეტი 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. კალათბურთში ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე ტურნირი გახლავთ. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო ამ შეჯიბრების ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ამ მიღწევაში უდიდესი როლი საქართველოს პრეზიდენტის აქყოფნამ ითამაშა. ემოციურად ძალიან დატვირთულები ვართ და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ვულოცავ მთელ საქართველოს".
საქართველო 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს და საქართველოში 6 ქვეყნის ეროვნული ნაკრები ითამაშებს.