ევრობასკეტის ამბები: ხორვატია მწვრთნელის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
დღეს, ევრობასკეტის ბოლო ნახევარფინალისტი იტალიისა და ლიტვის ნაკრებების მატჩში გაირკვევა. როგორც ცნობილი გახდა, ამ მატჩში, სავარაუდოდ, შეძლებს მონაწილეობის მიღებას იტალიელთა ცენტრი ანდრეა ბარნიანი.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთელმა ფეხის ტრავმა ისრაელთან მერვედფინალურ მატჩში მიიღო და ვადაზე ადრე დატოვა მოედანი. თუმცა, როგორც იტალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში აცხადებენ, ბარნიანის თამაშის შანსი ლიტვის წინააღმდეგ, საკმაოდ მაღალია.

მიმდინარე ევრობასკეტზე ბარნიანის საშუალო სტატისტიკა 12.7 ქულასა და 3.7 მოხსნას შეადგენს.

* * *
ამასობაში, ხორვატიის ნაკრები მწვრთნელის გარეშე დარჩა. ველიმირ პერასოვიჩმა დატოვა პოსტი, რომელიც ამა წლის მარტში ჩაიბარა.

სპეციალისტმა
გადადგომის შესახებ განცხადება ევრობასკეტის მერვედფინალში ჩეხეთის ნაკრებთან წაგების შემდეგ გააკეთა.

გარდა ამისა, პერასოვიჩმა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია საბერძნეთის ნაკრების მიმართ ზედმეტი სიმპატიების გამო დაადანაშაულა. საქმე ისაა, რომ ბერძნები ზაგრებიდან ლილში საკუთარი ჩარტერული რეისით პარასკევს საღამოს ჩავიდნენ, იმ დროს, როცა ხორვატია, საქართველო და სლოვენია ფიბას ჩარტერული რეისით შაბათს, გვიან ღამით აღმოჩდნენ საფრანგეთში.

ასე რომ, საბერძნეთმა, სხვა გუნდებისგან განსხვავებით, ღამით ნორმალურად დასვენების საშუალება მიიღო.

* * *
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეს-სამსახურის ცნობით, ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპისა და მერვედფინალის მატჩებს, საერთო ჯამში, 560 ათასი მაყურებელი დაესწრო.

უშუალოდ ჯგუფურ რაუნდში ბერლინში, მონპელიეში, რიგასა და ზაგრებში ჩატარებულ შეხვედრებს 410 ათასმა მაყურებელმა უცქირა ცოცხლად.

ასე რომ, უკვე დამყარდა ევრობასკეტის ისტორიაში დასწრების რეკორდი. შედარებისთვის, 2011 წლის ჩემპიონატს 357 ათასი ადამიანი დაესწრო, 2013 წელს უფრო ნაკლები - 328 ათასი.

* * *
ფიბამ წამოაყენა მოთხოვნები იმ არენების მიმართ, რომლებსაც ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირის მასპინძლობა სურთ. მთავარი კრიტერიუმი ის არის, რომ დარბაზი არ უნდა იტევდეს 8 ათას მაყურებელზე ნაკლებს.

გარდა ამისა, მასპინძელმა ქვეყანამ თავის თავზე უნდა აიღოს მნიშვნელოვანი ფინანსური ვალდებულებები: მასპინძლობის უფლებისთვის შესატანი - 1 750 000 ევრო, არენასთან დაკავშირებული ხარჯები, საოპერაციო დანახარჯები, ტრანსპორტი, ყველა გუნდის (თითოში 18 ადამიანი), 12 მსაჯის და ფიბას 25 წარმომადგენლის განთავსება მინიმუმ ოთხვარსკვლავიან სასტუმროში და ა. შ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული