როცა გრძნობ, რომ მეტი შეგიძლია - ინტერვიუ დუდა სანაძესთან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების უკანახაზელი დუდა სანაძე იტალიის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი "პისტოიას" ღირსებას დაიცავს.

რა გეგმებს ისახავს იტალიაში და საერთოდ, რას ფიქრობს საქართველოს ნაკრების ევრობასკეტზე გამოსვლის შესახებ, ამის თაობაზე დუდა სანაძის ინტერვიუში წაიკითხავთ.

- ამ გუნდის ინტერესის შესახებ ევრობასკეტამდეც ვიცოდი. "პისტოიას" სკაუტები თელ ავივშიც იყვნენ ჩამოსულები და ჩემს თამაშს აკვირდებოდნენ. ამ შეთავაზების გარდა იყო ვარიანტები იტალიიდან და ესპანეთიდან, მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ "პისტოიაში" გადასვლა გადავწყვიტე.

- რატომ მიანიჭე ამ ვარიანტს უპირატესობა?
- მწვრთნელის გამო. ვინჩენცო ესპოზიტო პირველი იტალიელია, ვინც ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო
ასოციაციაში მოხვდა. ისიც ჩემი პოზიციის კალათბურთელი იყო და მსროლელის როლს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამიტომაც გადავწყვიტე მისი წინადადების მიღება. ესპოზიტოსთან საუბარში გაირკვა, რომ სასტარტო ხუთეულის წევრად განმიხილავს, რაც ჩემი კარიერისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. ცხადია, გუნდში ბევრი კარგი უკანახაზელია და ხუთეულში ადგილის მოპოვება იოლი არ იქნება. თუ სათანადოდ ვიშრომებ, მწვრთნელიც დამიფასებს.

- ახალ სეზონში გუნდის მთავარი ამოცანა რა იქნება?
- გასულ სეზონში "პისტოია" მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ პირველივე რაუნდში გამოეთიშა ასპარეზობას. ახლა შედეგის გაუმჯობესებაზე ფიქრობენ, როდესაც სეზონის წინ ბიუჯეტი იგივეა მწვრთნელიც და შემადგენლობაც წინა წლისაზე უკეთესია, ლოგიკურია, რომ გუნდისგან მეტს ელი.

ვეცდები, მიზნის მიღწევაში ჩემი წვლილი შევიტანო, მწვრთნელს ნდობა ბოლომდე გავუმართლო, კარგად შევასრულო ფუნქცია, რაც მსროლელს ეკისრება პირველ რიგში, ქულებით დავეხმარო. გასაგებია, რომ საქმე სერია A-ს ეხება და იოლი არაფერი იქნება, მაგრამ ჩემთვის სწორედ ეს არის საინტერესო გამოწვევა.

- სერია A-ს მოთამაშე, ომახიანად ჟღერს...
- იტალიას ევროპაში ერთერთი საუკეთესო ლიგა აქვს. ბევრი უცხოელი თამაშობს, მათ შორის უამრავი მაღალი დონის ამერიკელი. კონკურენციაც დიდია. სერია A ყოველთვის მომწონდა და ამ ლიგაში თამაში ჩემს კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს. მით უმეტეს, აუტსაიდერ გუნდში არ მივდივარ. "პისტოიასთან" სტუმრად თამაში ყველას უჭირს. გასულ სეზონში საშინაო 15-დან 13 მატჩი მოიგო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გუნდს წარმატებულ თამაშში ქომაგებიც ძალიან ეხმარებიან.

- აღნიშნე, რომ მთავარი ამოცანა "პისტოიას" ქულებით დახმარება იქნება. თუმცა ევრობასკეტზე გამოჩნდა, რომ დაცვაშიც საკმაოდ მომატებული გაქვს...
- რაოდენ ძლიერი მსროლელიც უნდა იყო, თუ დაცვაში სათანადოდ ვერ თამაშობ, შენს გარჯას ფასი ეკარგება. "პისტოიას" სკაუტებმა კარგად შეისწავლეს ჩემი თამაში და დაცვაში დიდი ხარვეზები რომ დაენახათ, კონტრაქტს არც შემომთავაზებდნენ. ამ კომპონენტზე მუდმივად ვმუშაობ, ვცდილობ ყოველწლიურად გავაუმჯობესო.

- ევროპის ჩემპიონატზე არაერთი ვარსკვლავის მეურვეობა გიწევდა. მათ შორის მარკო ბელინელის. ცუდად არ გამოგსვლია, სხვა მატჩებისგან განსხვავებით, ბელინელი საქართველოსთან დიდად არ გამოირჩეოდა...
- სხვადასხვა მატჩში სხვადასხვა პოზიციის კალათბურთელებს ვმეურვეობდი. ხშირ შემთხვევაში, მე და მანუჩარ მარკოიშვილს გამთამაშებლების დაჭერა გვევალებოდა, მხოლოდ დენის შრიოდერის წინააღმდეგ არ ვმდგარვარ. მას მაიკლ დიქსონი ეთამაშებოდა. დამეთანხმებით, ალბათ, განსაკუთრებით დიდი ენერგია პლეიმეიქერების დევნას სჭირდება. ბელინელი ექსტრაკლასის კალათბურთელია და მხოლოდ ერთისთვის მისი შეკავება რთულია. საქართველოს ნაკრების სხვა კალათბურთელებიც მეხმარებოდნენ და ამიტომაც გამოვიდა ყველაფერი ნორმალურად. ...ერთი ტყორცნის გარდა.

- საინტერესოა, კონკრეტულად რა დაგავალა ილიას ზუროსმა ბელინელისთან სათამაშოდ რომ გაჰყავდი?
- იგი ისეთი კალათბიურთელია, შეიძლება ურთულესი სიტუაციიდან ბურთი მაინც ჩაგიგდოს, მაგრამ მწვრთნელის დავალება იყო, წამით არ მოვშორებოდი, ბურთის ტყორცნა ერთხელაც არ დამენებებინა. რაოდენ მაღალი დონის ვარსკვლავიც უნდა იყოს, როდესაც ზურგსუკან სუნთქვას გრძნობს, ფსიქოლოგიაზე მაინც მოქმედებს, იღლება. მით უმეტეს, რომ ბელინელის ყველა მატჩში მჭიდროდ მეურვეობდნენ, 7 დღეში 5 შეხვედრის ასე ჩატარება კი ძალიან ძნელია.

- ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს არათანაბარი მატჩები ჰქონდა. რომელს გამოარჩევდი და რომელში გამოგივიდა თამაში უკეთ?
- ყოველ მატჩში გუნდისთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი. ბოლომდე მონდომებით ვასრულებდი მწვრთნელის მიერ დაკისრებულ ფუნქციას. ზოგჯერ ამას შედეგი მოჰქონდა, ზოგჯერ არა. გამოსარჩევია ლიტვასთან დაპირისპირება, რომელშიც გამთამაშებლის დევნა მიწევდა და შეტევაშიც საკმარისად დავეხმარე გუნდს. ასევე არ შეიძლება ისრაელის მატჩის დავიწყება. ძალიან ეფექტური სანახავი იყო...

- შესარჩევი ეტაპის მატჩებისგან განსხვავებით მეტ სამქულიანს ვტყორცნიდით. მწვრთნელის მითითება იყო - თუ თავისუფალ პოზიციაში დარჩები დაუფიქრებლად ისროლეო?
- მწვრთნელისგან მე, დიქსონსა და მარკოიშვილს პერიმეტრიდან ტყორცნისთვის მწვანე შუქი ანთებული გვქონდა. თუმცა ბურთს რომ მივიღებდით, პირველ რიგში, მაინც ფარისკენ უნდა გაგვეხედა, თუ რომელიმე წინახაზელი თავისუფალი არ იყო, შემდეგ ჩვენი შეხედულებისამებრ ვიქცეოდით. მოგეხსენებათ, ევროპის დონეზე გამორჩეული მეფარეები გვყავს და აქცენტიც მათზე კეთდებოდა.

- რა დაგვაკლდა მერვედფინალამდე?
- უამრავი ფაქტორი იყო, რაზეც ვრცლად შეიძლება მსჯელობა. პირველ რიგში, დაგვაკლდა ენერგია. ყველა მატჩში დაძაბული ბრძოლა გადავიტანეთ, რის შემდეგაც ნებისმიერ კალათბურთელს ძალების აღსადგენად დრო სჭირდება, მაგრამ საამისოდ დრო არ გვქონდა.

ყველა ამბობს, სათადარიგოთა სკამი არ გვყავდაო. თითოეული სათადარიგო მზად იყო მოედანზე შემოსასვლელად, ისინი ხომ ივლისიდან გუნდთან ერთად ემზადებოდნენ და ფორმაშიც იყვნენ. ვფიქრობ, შეიძლებოდა, დრო ისე გადანაწილებულიყო, რომ ძირითადი კალათბურთელები ამა თუ იმ მატჩის გადამწყვეტ მომენტს უფრო ენერგიულად შეხვედროდნენ.

ჯგუფიდან ვერგასვლის ერთერთ მიზეზად ტრავმებიც უნდა დასახელდეს. თავიდანვე დაგვაკლდა ორი უნივერსალი კალათბურთელი, ბექა ბურჯანაძე და ვიქტორ სანიკიძე. მათი არყოფნა დიდი დანაკლისი იყო. ლიტვასთან მატჩში ტრავმა მიიღო გიორგი ცინცაძემ, რომელმაც მოსამზადებელი ეტაპი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მომდევნო მატჩებში ტკივილგამაყუჩებლებით თამაშობდა, მისი მხრიდან მოედანზე გამოსვლა ნამდვილი გმირობა იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ჩემპიონატი ნამდვილად დუდას აქტივში ჩაითვლება.იტალიაშიც წარმატებებს ვუსურვებ.
სოსო
22:29 18-09-2017
1
კაი ბიჭი ხარ მარა უფრო მეტი ესროლე,ბევრს ესვრი ბევრი ჩავარდება
კობა
18:19 17-09-2017
1

სიახლეები პოპულარული