სანდრო მამუკელაშვილმა ლიდერ "ქსავიერს" 17 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლი” ამერიკის სტუდენტური ლიგის მატჩში “ქსავიერთან” 90:102 დამარცხდა, თუმცა ქართველმა ფორვარდმა ჩინებულად ითამაშა და “მეკობრეთაგან” ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სტუდენტური ლიგის ერთ-ერთი წამყვანი – “ბიგ ისთის” კონფერენციის აქამდე გამართულ 12 მატჩში მამუკელაშვილს ჯამში 11 ქულა ჰქონდა ჩაგდებული, ხოლო მე-13 ტურის მატჩში კონფერენციის ლიდერთან ერთბაშად 17 ქულა მოაგროვა.

“ქსავიერი” ძალიან ძლიერი გუნდია, დღეს “ვილანოვას” წაგებით ისარგებლა და კონფერენციაში პირველ ადგილზე გადავიდა. მამუკელაშვილს კი ლიდერთან მატჩში საკმაო სათამაშო დრო დაეთმო. აქამდე კონფერენციის მატჩებში მისი მაქსიმუმი 12 წუთი იყო, დღეს კი
სანდრომ 21 წუთი ითამაშა და 17 ქულა, 7 მოხსნა, 2 დაფარება, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველ ფორვარდს თამაშის შანსი იმიტომაც მიეცა, რომ მისი გუნდი თავიდანვე ჩამორჩა და მეორე ნახევარში უკვე წასაგებად იყო განწირული. ბოძებული შანსი 18 წლის ქართველმა კარგად გამოიყენა და ყველას დაანახა, რომ სოლიდური მომავლის კალათბურთელია.

მამუკელაშვილმა 6-დან 4 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო და 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. “მეკობრეებში” მასზე მეტი – 30 ქულა მაილს პოუელმა და დეიზი როდრიგესმა (20) მიითვალეს.

6 მოგებითა და 7 მარცხით “სეტონ ჰოლი” 10-გუნდიან “ბიგ ისთის” კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. შემდეგი მატჩი მამუკელაშვილის გუნდს 18 თებერვალს, ერთ-ერთ აუტსაიდერ “დე პოლთან”, საკუთარ მოედანზე ელის.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული