რეგულარულ ჩემპიონატში "სეტონ ჰოლმა" "ბატლერზე" 1 გამარჯვებით მეტი მოიპოვა, თუმცა ეს სხვაობა პლეი-ოფში არაფერს ნიშნავდა. ერთმატჩიანი ბრძოლა "ბატლერმა" ბოლო წამებზე 75:74 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ასევე მოიპოვეს ადგილი "ვილანოვამ", "ქსავიერმა" და "პროვიდენსმა".
მატჩის პირველი ნახევარი "სეტონ ჰოლმა" 43:35 მოიგო, ხოლო საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე 7 ქულით - 64:57 ლიდერობდა.
ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე 13 წუთით გამოჩნდა. მამუკელაშვილმა თამაშიდან განხორციელებული ერთადერთი სროლა - სამქულიანი ჩააგდო, რასაც 2-დან 1 საჯარიმო მოაყოლა და შეხვედრა 4 ქულითა და 1 მოხსნით დაასრულა. 17 ქულითა და 7 პასით სეტონჰოლელთაგან საუკეთესო იყო ხადინ კარინგტონი. ეინჯელ დელგადომ შეხვედრა 13 ქულით და 9 მოხსნით დაასრულა.
"სეტონ ჰოლისთვის" კონფერენცის თამაშები დასრულდა. რამდენიმე დღეც და გაირკვევა იმ 64 გუნდის ვინაობა, რომლებიც სტუდენტური ლიგის ჩემპიონატში - ეგრეთ წოდებულ "მარტის სიგიჟეში" მიიღებენ მონაწილეობას და დიდი შანსია, მათ შორის იყოს მამუკელაშვილის გუნდი. NCAA-ს ფინალური ტურნირისთვის ლიგის საუკეთესო გუნდები ირჩევიან. ტურნირში ადგილი გარანტირებული აქვს თითოეული კონფერენციის გამარჯვებულს (ანუ 32 გუნდს), ხოლო დანარჩენები რეიტინგის მიხედვით დაემატებიან.
"მარტის სიგიჟე" 15 მარტს დაიწყება და ჩემპიონი 2 აპრილს გამოვლინდება. ჩემპიონატი 1/32-ფინალიდან დაიწყება და პლეი-ოფის ყოველ სტადიაზე გამარჯვებული 1 მატჩის შედეგად გამოვლინდება.
მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით