ახალგაზრდა ქართველი, რომელიც ივლისის თვეში გახდა 19 წლის, ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
დიახ, დაასახელეს და ეს ტიტული გოგას მათემატიკური დაანგარიშებით არ მიუღია. მისი საერთო სარგებლიანობის საშუალო შედეგი ადრიატიკის ლიგის კალათბურთელებს შორის მე-5-ეა, თუმცა ლიგის მესვეურებმა ქართველი ცენტრისთვის თვის MVP-ის ტიტულის მინიჭებისას იხელმძღვანელეს არაერთი გარემოებით, რომელთა შორისაც ძირითადი გოგას გუნდის წარმატებული - დაუმარცხებელი სვლაა.
ოქტომბრის თვეში "მეგა ბიმაქსმა" ოთხივე მატჩი მოიგო და თითქმის ყველა მათგანში გამარჯვებულთაგან საუკეთესო სწორედ ქართველი ლეგიონერი გახლდათ.
"მეგა ბიმაქსი" სერბულ გრანდ "ცრვენა ზვეზდასთან" ერთად ადრიატიკის ლიგას 5-დან 5 მოგებით ლიდერობს. ოქტომბრის თვეში კი გოგას საშუალოსტატისტიკური მაჩვენებლები ასეთი გახლდათ: 18.25 ქულა, 8.5 მოხსნა და 2.25 დაფარება. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტმა საშუალოდ 22.5 ერთეული შეადგინა და როგორც ვთქვით, ამაზე მაღალი შედეგი ლიგაში 4 კალათბურთელს აქვს, თუმცა ბითაძე კომპეტენტურმა ჟიურიმ ოქტომბრის თვეში საუკეთესოდ აღიარა და ლიგაში, სადაც მსოფლიო დონის არაერთი გამოცდილი და ასევე პერსპექტიული კალათბურთელი ასპარეზობს, MVP-ის ტიტული მიანიჭა.
ახალგაზრდა ქართველ ვარსკვლავს ბალკანელმა ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს:
- მჯერა, რომ ჩვენი გუნდის წარმატების მიზეზი გამარჯვებისკენ უდიდესი ლტოლვა და რა თქმა უნდა, ერთიანობაა. პირადად მე ზაფხულში ბევრს ვვარჯიშობდი და მჯერა, რომ ეს წარმატებაც აქედან მოდის. ჩემი გასული თამაშებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ყოველთვის არის იმის განცდა, რომ მეტი შეგიძლია და მეც ასე ვფიქრობ.
- რამდენად გეხმარება საკუთარი თამაშის განვითარებაში "მეგა ბიმაქსში" ყოფნა?
- "მეგა ბიმაქსი" საუკეთესო ადგილია ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, მიაღწიონ დიდ პროგრესს და მე ძალიან მიხარია, რომ სწორედ ამ გუნდში ვარ. მესამე წელია, აქ ვიმყოფები და თითოეულ სეზონში უდიდესი გამოცდილება მივიღე და პროგრესული ნაბიჯები გადავდგი.
უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის იმას, რომ გასულ სეზონში ადრიატიკის ახალგაზრდულ (U19) ლიგაში ვთამაშობდი და ჩემს კარიერაში პირველად მოვიგე MVP-ის ტიტული. ახალგაზრდული ლიგის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოგებამ დიდი თვითდაჯერება და მოტივაცია მომცა.
ბითაძე შეუჩერებელია - 26 ქულა და 10 მოხსნა "მორნარ ბართან" მატჩში
გოგა ბითაძემ "პეტროლ ოლიმპიას" 17 ქულა ჩაუგდო და "მეგა ბემაქსმა" ოვერტაიმში გაიმარჯვა [VIDEO]
გოგა ბითაძეს ვეღარ აჩერებენ - 16 ქულა და 13 მოხსნა "ცედევიტასთან" მატჩში
გოგა ბითაძემ ფმპ-ს 14 ქულა ჩაუგდო, მისმა გუნდმა კი სტარტზე ორივე მატჩი მოიგო
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით