ლებრონიდან ზაზამდე - 2003 წლის დრაფტის "გადარჩენილების" საერთო გამოცდილება

AutoSharing Option
NBA-ის "ახალწვეულთა დაწინაურების პროგრამის" 2003 წლის შემადგენლობაში ბევრ მოთამაშეს შორის მოხვდა ხუთი, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ ასეთი წარმატებული კარიერა ექნებოდათ და მომავალშიც დიდხანს გააგრძელებდნენ ერთად თამაშს.

ზაზა ფაჩულია, ცენტრი საქართველოდან, რომელიც დრაფტზე "ორლანდო მეჯიქმა" აიყვანა, დანარჩენებს - ლებრონ ჯეიმსს, დვეინ ვეიდს, კაილი კორვერს და კარმელო ენტონის, ძალიან ცუდად იცნობდა. მხოლოდ რამდენიმე კვირა იყო გასული იმ დღიდან, როდესაც ისინი ლიგას შეუერთდნენ 40 სხვა ახალგაზრდა კაცთან ერთად, მაგრამ იქამდე, მათ NBA-ის პროგრამაში სხვადასხვა ცხოვრებისეული უნარისა და წესის სწავლა მოუწიათ.

მაგალითად: როგორ
უნდა გამოწერო პირადი ჩეკი.

"შოკში ვიყავი, იმდენი რამ ვისწავლე იქ" - თქვა ზაზა ფაჩულიამ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ეს ხუთი მოთამაშე გახდა NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი დრაფტის მთავარი წევრი - კლასის, რომელმაც მომავალში "ოლ-სტარს" 9 მოთამაშე აჩუქა - დღეს მხოლოდ ეს ხუთი კალათბურთელი შემორჩა ლიგას და მათი რიცხვი ყოველწლიურად უფრო და უფრო მცირდება.

"ძალიან მეამაყება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ბევრი წელი გავიდა. ჩვენ ხომ ისევ იმავეს ვაკეთებთ." - ამბობს კაილი კორვერი, "იუტა ჯაზის" 37 წლის ფორვარდი.

ყურადღების ცენტრი ამ ხუთთაგან ორზე გადავიდა, როდესაც ვეიდი, რომელმაც სეზონის ბოლოს კარიერის დასრულება დააანონსა, "მაიამისთან" ერთად ლებრონ ჯეიმსსა და "ლეიკერსს" დაუპირისპირდა, რადგან ეს მატჩი მათ შორის გამართულ შეხვედრებს შორის ბოლო იყო.

ლებრონი 4-გზის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა, ვეიდი კი - 12-გზის "ოლ-სტარის" მონაწილე.

Sportall.Ge

მათი ისტორია, ცხადია, გადაკვეთილია: "მაიამიში", როგორც თანაგუნდელებმა, მესამე ვარსკვლავ კრის ბოშთან ერთად ორი ჩემპიონობა იზეიმეს, რომელიც იმავე დრაფტის მეოთხე ნომერი იყო (მას 2016 წლის შემდეგ ფილტვის ავადმყოფობის გამო აღარ უთამაშია, თუმცა იმედოვნებს, რომ დაბრუნებას მოახერხებს).

"როდესაც მოვედით, NBA კარგი იყო, თუმცა არა საუკეთესო მდგომარეობაში. ვფიქრობ, ჩვენ ლიგა შევარყიეთ" - ამბობს ვეიდი.

2003 წლის დრაფტი, რომელიც მაიკლ ჯორდანის უკანასკნელი მატჩიდან რამდენიმე თვის შემდეგ გაიმართა, ექსტრაორდინალური იყო. ლებრონ ჯეიმსი - დრაფტის პირველი ნომერი, "კლივლენდში" წავიდა, დარკო მილიჩი "დეტროიტის", კარმელო ენტონი "დენვერის", ხოლო ვეიდი "მაიამის" მოთამაშე გახდა, ზაზა ფაჩულია და კაილი კორვერი მეორე რაუნდში გადავიდნენ.

"ამ ბიჭებს დიდ პატივს ვცემ. იმ შედეგთან და ციფრებთან, რაც მათ დადეს, მე ახლოს ვერ მივალ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, თუ როგორ ძალიან მიყვარს ეს თამაში, დარწმუნებული ვარ, მათთან შეჯიბრება ჯერ კიდევ შემიძლია. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჯერ კიდევ აქ ვარ." - ამბობს ზაზა ფაჩულია

იქამდე სანამ ვეიდი ჯეიმსს შეხვდებოდა, მის შესახებ ბევრი რამ გაეგო. ეს 2003 წლის გაზაფხულზე მოხდა, ვეიდი NBA-ის დრაფტისწინა ბანაკის პატარა ოთახში სამედიცინო შემოწმებას ელოდა. ჯეიმსი ყველასთვის ნაცნობი იყო, ის სტუდენტური ლიგის ფენომენად ითვლებოდა, ვეიდის შესახებ კი არავინ არაფერი იცოდა.

"ოთახში მარტო ვზივარ, შემოდის ბიჭი, რომელსაც უკან ხალხი მოყვება, ის ხმაურობს. ჩვენ ერთმანეთი გავიცანით და მოულოდნელად მარტონი დავრჩით, ერთმანეთს გავესაუბრეთ." - იხსენებს ვეიდი.

Sportall.Ge

მიუხედავად იმისა, რომ ვეიდი რიგში პირველი იყო, შემოწმებაზე ჯერ ლებრონი გაიყვანეს. ეს ან რაღაც კრიტერიუმის გამო მოხდა, ან ჯეიმსს ლიგაზე ნაადრევი გავლენა უკვე ჰქონდა.

ზაზა ფაჩულია, რომელიც მანამდე თურქეთში თამაშობდა, დრაფტზე ახალი ტანსაცმლით გამოცხადდა. მას "მწვანე ოთახის" მოწვევა არ ჰქონდა, სადაც მხოლოდ დრაფტის პირველი ნომრები ისხდნენ, ამიტომ მას "იაფფასიან" ადგილას დაჯდომა მოუწია. მიუხედავად ამისა, ზაზა მაინც მოელოდა, რომ პირველივე რაუნდში აირჩევდნენ, მას ხომ აგენტმა ურჩია, რომ წინა წლის დრაფტზე არ გასულიყო.

"მომავალ წელს დაელოდე, 2003 წელს უფრო მარტივი დრაფტი იქნება" - იხსენებს აგენტის სიტყვებს ზაზა.

ფაჩულიამ, იმ ღამეს ნახა, რომ დრაფტი დასრულდა. ისმოდა სხვადასხვა სახელები: კრის კამანი, კირკ ჰინრიხი, ნიკ კოლისონი, დევიდ ვესტი, ბორის დიავი, კენრიკ პერკინსი, ლეანდრო ბარბოსა. დაიწყო მეორე რაუნდიც: ლუკ ვოლტონი, სტივ ბლეიქი, ვილი გრინი...

ზაზა მიხვდა, რომ ეს უფრო მარტივი დრაფტი არ იყო.

როდესაც, როგორც იქნა 42-ე ნომრად "ორლანდომ" აირჩია, ქართველს NBA-ის კომისარი ადამ სილვერი მიესალმა, მან ზაზას ჰკითხა, იყო თუ არა ბედნიერი დისნეის სამყაროს ნახვით. ფაჩულიამ ძალით გაიღიმა.

"ვფიქრობდი, რომ პირველ რაუნდში არარჩევა სამყაროს დასასრული იყო" - ამბობს ის ახლა.

ამდენი წლის შემდეგ, როდესაც ზაზა "დეტროიტშია" და NBA-ში მე-16 სეზონს ატარებს, ყველაფერი უკეთ იცის. მან საკუთარი კარიერის განმავლობაში "მძვინვარე მეტოქის" იმიჯი შეიქმნა. ის სრულყოფილი პროფესიონალია, რომელმაც "გოლდენ სტეიტთან" ერთად ორი ბეჭედი მოიგო.

"მას შენი განადგურება შეუძლია" - თქვა ვეიდმა ქართველზე.

"ზაზაზე უკეთესი თანაგუნდელი არ არსებობს" - კორვერმა კი ასე შეამკო ის, რომელთან ერთადაც "ატლანტაში" ერთი სეზონი გაატარა.

Sportall.Ge

ანალოგიური დრაფტის ღამე ჰქონდა კორვერტსაც, სახიფათო იყო მისი დრაფტისწინა ვარჯიშებიც.

"გუნდები მე საუკეთესო ათლეტების წინააღმდეგ მაყენებდნენ, რომ ენახათ შევძლებდი თუ არა მათ განეიტრალებას" - იხსენებს ის.

კორვერვმა დრაფტს საკუთარ სახლში მეგობრებთან ერთად ტელევიზორის საშუალებით უყურა, მასთან ადგილობრივი ტელევიზიის გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა.

მეორე რაუნდში ისეთი მოთამაშეები შეარჩიეს, როგორებიც მეთ ბონერი (45) და მო ვილიამსია (47).

ის "ნიუ-იორკ ნეთსმა" სარეკლამო ჭრის დროს აირჩია, ანუ ამის შესახებ მან მაშინ გაიგო, როდესაც მაუწყებლობა განახლდა და საკუთარი სახელი ეკრანზე დაინახა, თუმცა ეს შეცდომა იყო, სინამდვილეში ის სხვა გუნდში აღმოჩნდა, რადგან "ნეთსმა" საკუთარი უფლება "ფილადელფიას" მიჰყიდა, სადაც ალენ აივერსონი თამაშობდა.

"ჩემთვის ყველაფერი კარგად დასრულდა." - ამბობს კორვერი.

აივერსონის შესაძლებლობები, რომლითაც მას რამდენიმე მეტოქის ერთად ჩამოშორება შეეძლო, კორვერს პერიმეტრზე სივრცეს ხშირად უტოვებდა, შესაბამისად ის საკუთარი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო შორიდან მსროლელად ჩამოყალიბდა.

"რაც უფრო დიდი ხანი გადის, რაც ამ ლიგაში ვარ, მეტად ვაანალიზებ, რომ მთავარი ის კი არ არის, რომელი ნომერი ხარ, მთავარია, რომელ გაჩერებაზე მოხვდები. კარგ ფორმაში ხარ? შანსი გეძლევა? ეს შანსი უნდა გამოიყენო, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო. არ დაიგვიანო, იშრომე, იყავი კარგი პიროვნება, არ მოიხმარო ნარკოტიკი. თუ ჩამოთვლილ რჩევებს გაითვალისწინებ, ამ ლიგაში დიდხანს ითამაშებ" - ამბობს კორვერი.

მოთამაშეთა უმრავლესობის უნარები 16 სეზონის შემდეგ, ზოგის კი მანამდე, დასუსტდა. მაგალითად, ვეიდი, კარიერის ბოლო სეზონს ითვლის, კარმელო ენტონი "ჰიუსტონის" შემადგენლობაში ვეღარ ხვდება. ჯეიმსი კი, რომელიც ამ თვეში 34 წლის გახდება, საკალათბურთო კიბორგია და საკუთარ თამაშს უფრო და უფრო უმატებს.

Sportall.Ge

მასსავით ორგანიზებული ძალიან ცოტა მოთამაშეა: ყოველდღიური ვარჯიში, დიეტა, კუნთოვანი მასის ზრდა.

"ამ საკითხებთან მიმართებით მისი გულმოდგინება, წარმოუდგენელია და ის ამას წლების განმავლობაში ყოველდღიურად აკეთებს" - აღფრთოვანებულია ჯეიმსის შრომით კორვერი.

ლებრონი ყოველთვის ასეთი თავდადებული არ ყოფილა. ის იხსენებს, როგორ ეზარებოდა თავიდან ლოგინიდან ადგომა და როგორ თამაშობდა გაუხურებლად, თუმცა მოგვიანებით გააცნობიერა, როგორ უნდა აერიდებინა მის პროფესიაში არსებული წინაღობები თავიდან.

"თუ სხვეულს არ ვავარჯიშებ, ისე დასვენება არ შემიძლია" - უთხრა ჯეიმსმა ჟურნალისტებს.

ის სხვების თვალშიც სასწაულმოქმედ ადამიანად ითვლება, მათ შორის ზაზა ფაჩულიასთვისაც, რომელმაც იცის, რამდენს აბანდებს ლებრონი საკუთარ სხეულში ყოველწლიურად.

"მილიონ დოლარზე მეტი წელიწადში, არა? შედეგიც მოდის, თუმცა გულწრფელად გეტყვით: ჩემს თავზე მე ამდენს არ ვხარჯავ" - ამბობს ზაზა.

თუმცა, თამაშისას, ქართველი ამერიკელ კოლეგაზე არანაკლებ თავდადებულია და ამბობს, რომ საკუთარი საქმის მიმართ ვნება ჯერ კიდევ აქვს.

"მარტივად გეტყვით, რადგან დასამალი არაფერია: ეს სიყვარულია. თუ რაღაც არ გიყვარს, შეუძლებელია ის დიდი ხნის განმავლობაში აკეთო." - ამბობს ფაჩულია.

მისი ერთ-ერთი საყვარელი რიტუალი ყოველი თამაშის წინ ორმაგი ესპრესოს დალევაა, მის მე-1000 მატჩამდე მან დალეული ყავის რაოდენობა დათვალა.

"ვიფიქრე, ვაუ, ძალიან ბევრი ყავა გამოვიდა. ახლა კი მომდევნო თამაში მოდის და ვამბობ: მოუთმენლად ველოდები მომენტს, როდესაც ღილაკს ხელს დავაჭერ და ესპრესოს დავისხამ." - ამბობს ზაზა ფაჩულია, რომელმაც NBA-ში უკვე 1100-მატჩზე მეტი ჩაატარა.

მომზადებულია Nytimes.com-ის მიხედვით.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გული მწყდება, რომ ნაკრებიდან წასვლის შემდეგ ზაზაზე სტატიებს უკომენტაროდ ვტოვებთ. ასე მალე როგორ დავივიწყეთ, მისით ყველა როგორ ვამაყობდით. გულში ჩავიხედოთ ყველამ და ვაღიაროთ, რომ შევცდით. ამ კაცს ჩვენგან დაწერილი თუნდაც ერთი თბილი სიტყვა როგორ გაუხარდებოდა.
მე ვამაყობ, რომ ზაზა ფაჩულია ქართველია! დამდეგ შობას და ახალ წელს ვულოცავ მას და მთელ საქართველოს!!
გიორგი
15:50 25-12-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული