მას ნათელი მომავალი აქვს - თანაგუნდელი და მწვრთნელი გოგა ბითაძეზე საუბრობენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გოგა ბითაძე NBA-ს თამაშის გემოს 3 დღეში, 4 ოქტომბერს გაიგებს, როცა "ინდიანა პეისერსი" მუმბაიში "საკრამენტო კინგსს" დაუპირისპირდება. იქამდე კი, "ინდიანას" ვებგვერდმა გოგას სტატია მიუძღვნა, რომელშიც ქართველი ცენტრის, გუნდის მთავარი მწვრთნელისა და თანაგუნდელ მაილს ტერნერის კომენტარებიც არის.

ყველა აღიარებს, რომ გოგას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, თუმცა 2-დღიანმა სავარჯიშო კემპმაც აჩვენა, რომ მისი სხეული და გული მზადაა შეერიოს NBA-ს ისეთ ბეჰემოთებს, როგორებიც მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი არიან.

მოსამზადებელ სამწვრთნელო კემპამდე სხვა ვარჯიშები იყო, ეს კი ახალი ეტაპია. სეზონიწინა თამაშები კიდევ
სხვა ხილია და რეგულარული სეზონი კი ყველაფრის დაგვირგვინება გახლავთ.

გოგას საკმარისი გამოცდილება აქვს ევროპულ პრეფესიონალურ ლიგებში თამაშის და "პეისერსში" გატარებულ მცირე დროში უნდა დაუმტკიცოს მწვრთნელსა და თანაგუნდელებს, რომ მას შეუძლია ფარების სიახლოვეს ბრძოლა.

"გოგა ნამდვილად ძლიერია. ის ძლიერად შეუტევს ტანით. თან ჭიდაობაც უყვარს, გოგა ფიბაში თამაშს არის მიჩვეული, იქ ასეთი სტილია", - თქვა მაილს ტერნერმა, რომელიც აშშ-ის ნაკრების წევრი და "ინდიანას" ძირითადი ცენტრია.

ბითაძემ ფართან სიახლოვეს თამაშში გამოავლინა თავისი აგრესია და რამდენიმე კარგი ბურთი ჩააგდო ფიზიკური ორთაბრძოლების დროს და ასევე, ჩატენვებითა და ბლოკებით გამორჩეული იყო კემპის დაწყების შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ მზად არის "ბინძური" საუბრებისთვის, რასაც ევროპაში თამაშის დროს შეეჩვია, ასე თანაგუნდელებს არ ელაპარაკება. ის ჯერ მხოლოდ პირველი რაუნდის პიკია და მეტი არაფერი, მან კარგად იცის თავისი ადგილი.

"ბინძურად არასდროს ვესაუბრები თანაგუნდელებს. ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო. მაგრამ, როცა საჭირო იქნება, თამაშის დროს ამას არ მოვერიდები", - აღნიშნა გოგამ.

"მე უბრალოდ ყველა ბურთზე ბრძოლას ვცდილობ. ზოგჯერ ჩემს ბურთს დააფარებენ, ზოგჯერ მე დავაფარებ. უფრო მეტად ამას მე ვაკეთებ. ასე რომ, კარგია. თუმცა დიდი მნიშვნელობა ამას მაინც არ აქვს. მთავარია, რა იქნება თამაშებში".

ბითაძე NBA-ს თამაშში პარასკევს "საკრამენტოს" წინააღმდეგ ჩაერთვება. ხოლო შაბათს მთავარი მწვრთნელი მაკმილანი ტერნერსა და საბონისს დაასვენებს, ეს კი ნიშნავს, რომ მეორე შეხვედრაში გოგას დიდი დრო ექნება.

გოგა ბითაძემ პასისა და სროლის შესანიშნავი უნარ-ჩვევები წარმოაჩინა და მას ასევე, ღვთით ბოძებული თვალისა და ხელის კოორდინაცია (hand-eye coordination - როცა მხედველობა და ხელის მოძრაობა ლოგიკურად და კოორდინირებულად არის ერთმანეთთან დაკავშირებული) გააჩნია, რაც ყველა წინაპირობას აძლევს მას, რომ სრულყოფილი მოთამაშე დადგეს.

მაკმილანი საკმარისად დააკვირდა იმისათვის, რომ მის პოტენციალში დარწმუნებულიყო.

"მას თამაშის გრძნობის შესანიშნავი ნიჭი აქვს, როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში. ის მართლაც ძალიან კარგი ორმხრივი კალათბურთელი დადგება. მისი სროლის კულტურა, ჩაგდების უნარები, პასების გაკეთების სტილი, თამაშის შეგრძნება... ის ხომ მხოლოდ 20 წლისაა. ამასთანავე, შესანიშნავი სხეული აქვს.

უყურებ მის სხეულს და ფიქრობ, რამდენიმე წელიწადში როგორი შეუძლია გახდეს... გოგას ნამდვილად ნათელი მომავალი ელის წინ, ისე, როგორც "პეისერსს", - აღნიშნა "ინდიანას" მთავარმა მწვრთნელმა ნეით მაკმილანმა.

მწვრთნელის მსგავსად, გოგას მომავალზე ოპტიმისტურად არის განწყობილი მაილს ტერნერიც.

"გოგა ძალიან კარგია. მთავარი ჯერ კიდევ წინ ელოდება. ის ძალიან კარგია ფარზე შეტევის დროს. ის კარგი ბლოკერია, კარგი მსროლელი, ის ელეგანტურია. გოგა იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე ჩანს. ის საკმაოდ სოლიდურია 19-20 წლის ბიჭის კვალობაზე.

ვფიქრობ, რომ ის ახლაც ძალიან მაგრად თამაშობს, თუმცა, როცა ნამდვილ თამაშში ჩაერთვება, აი, იქ უნდა მიიღოს საჭირო გამოცდილება".

ბითაძე აჩვენებს, რომ ის ზრდასრულობისა და ნიჭიერების კომბინაციას წარმოადგენს. ზრდასრულობა იქიდან ჩანს, რომ ის თავმდაბალია, პატივს სცემს ვეტერანებს და გააზრებული აქვს, რომ დრო სჭირდება, სანამ NBA-ს გუნდის თამაშში წვლილს რეგულარულად შეიტანს.

თვითონვე თქვა, რომ ის უფრო აგრესიული, უფრო სწრაფი და უფრო ძლიერი უნდა გახდეს. კითხვაზე, თუ სად სჭირდება ყველაზე მეტად მომატება, ძალიან სწრაფად გვიპასუხა, რომ დაცვითი პიკ-ენ-როლის დროს.

მწვრთნელიც ეთანხმება.

"ჩვენ ბიჭებს დღე-ნახევარში ძალიან ბევრი დავალება მივეცით. ადვილი შესამჩნევია, რომ მის ტვინში ყველაფერი მუშავდება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ცოტა განსხვავებულია, როცა გასუფთავებაზე თამაშობ. აქ მართლაც დებიუტანტივით გამოიყურება. ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ, გარკვეული დრო სჭირდება", - დაამატა მაკმილანმა.

თავად გოგაც საკმაოდ დადებითად არის განწყობილი:

"მოუთმენლად ველოდები იმის ნახვას, თუ როგორ ვითამაშებ სეზონის განმავლობაში. თავს ცუდად სულაც არ ვგრძობ, საკმაოდ თავდაჯერებული ვარ. ვცდილობ, გავაკეთო ყველაფერი, რასაც მწვრთნელი დამავალებს. ვეცდები, რომ ყოველდღე უკეთესი გავხდე და ბევრს არაფერზე ვდარდობ, მშვენიერი განწყობა მაქვს".

აქ კი შეგიძლიათ გოგა ბითაძის თამაშს მიადევნოთ თვალი.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული