8 იანვარს, გამთენიისას, გოგა ბითაძემ NBA-ს G ლიგაში "ვინსკონსინთან" მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორმაგი დუბლი შეასრულა.
ქართველმა ცენტრმა "ფორტ უეინის" სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო შეხვედრა და მისთვის გამოყოფილ 38 წუთში 14 ქულა, 13 მოხსნა, 4 პასი და 3 ბლოკი მოაგროვა და 5 პერსონალური მიიღო. გოგამ 12-დან 6 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი 5-ჯერ ისროლა, თუმცა ყველა არაზუსტად. საერთო ჯამში, მან მატჩიდან 17-ჯერ ისროლა და მხოლოდ 6-ჯერ უწია მიზანს.
სამწუხაროდ, მისი გუნდი ანგარიშით 115:121 დამარცხდა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 36 ქულა ვინსკონსელმა ფრენკ მეისონმა ჩააგდო, ხოლო "ფორტ უეინიდან" ალიზ ჯონსონი გამოირჩა, რომელმაც 26 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა.
"ინდიანამ" გოგა ბითაძე G ლიგაში არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო გადაიყვანა. ქართველ ცენტრს მთავარ გუნდში ცოტა დრო ეძლევა, რა დროშიც ქულების მოპოვება უჭირს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "ინდიანა" გოგას G ლიგაში უშვებს. პირველად მან "ფორტ უენის" რიგებში 15 დეკემბერს ითამაშა. მაშინ ბითაძემ 35 წუთში გუნდს 26 ქულა მოუტანა, 14-ჯერ მოხსნა ბურთი, 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 3-ჯერ დაუფარა მეტოქეს ტყორცნა. მისმა გუნდმა კი "ერი ბეიჰოუკსს" იოლად, 113:93 მოუგო.
დიდი ალბათობით, ბითაძე ისევ "ინდიანას" დაუბრუნდება, რომელიც დღეს, 04:00 საათზე, შინ "მაიამის" უმასპინძლებს.