4 თებერვალს, ევროლიგის 23-ე ტურში, თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" მადრიდში "რეალთან" 69:70 წააგო.
"ბასკონია" ამ სეზონში კარგად ვერ ასპარეზობს, მაგრამ 19 იანვარს "რეალს" მადრიდში ლიგა ენდესაზე 95:94 სძლია და ამჯერადაც დიდი ბრძოლა გაუმართა, თუმცა, საბოლოოდ, 1 ქულით დამარცხდა.
შენგელიამ 32:09 წუთში 12 ქულა (8-დან 5 ორქულიანი, 3-დან 0 სამიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 11 იყო.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა "რეალს" 11 ქულა ჩაუგდო.
"ბასკონია" 8 მოგებით მე-16 ადგილზე დაქვეითდა, სულ უფრო და უფრო სცილდება პლეი-ოფის ზონას და 6 თებერვალს "ვილერბანს" უმასპინძლებს.