შერმადინი ესპანური ლიგის ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. ეს მან ყველაზე მეტად დაიმსახურა, რადგან მთელ ტურში საუკეთესო შედეგი ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტენერიფელები აუტსაიდერ "გიპუზკოა ბასკეტს" სტუმრობდნენ და სენსაციურად - 87:89 წააგეს, თუმცა ამაში შერმადინს ვერავინ დაადანაშაულებს, რადგანაც ის 28 ქულით საუკეთესო იყო არა მხოლოდ ამ შეხვედრაში, არამედ - სრულიად ტურში.

ქართველმა ცენტრმა 31 წუთში 15-დან 13 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 28 ქულას 6 მოხსნა და 4 პასიც წაამატა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 33-ს გაუტოლდა,
რაც ასევე თამაშის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

შერმადინის გარდა, სიმბოლურ ხუთეულში მოხვდნენ: ვალტერ ტავარესი (რეალი, 12 მოხსნა), ნიკ კალატესი (ბარსელონა, 10 პასი), ალბერტო აბალდე (რეალი, 4 სამქულიანი) და დეიან კრავიჩი (სან პაბლო ბურგოსი, 14 ქულა ბოლო მეოთხედში).

"იბეროსტარ ტენერიფეს" 18 ტურში 14 მოგება შერჩა და სატურნირო ცხრილში "ბასკონიასთან" ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს. შერმადინის გუნდი მომდევნო მატჩს 16 იანვარს ჩაატარებს, მეტოქე კი ბექა ბურჯანაძის "გრან კანარია" იქნება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული