ევროლიგის 23-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა მოსკოვში "ბაიერნთან" 66:69 დამარცხდა.
თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები დაწინაურდნენ და გადამწყვეტი მეოთხედის წინ ანგარიში 60:50 იყო. რუსული გუნდის მარცხს თითქოს არაფერი მოასწავებდა, მაგრამ სტუმრები დაცვაში შესანიშნავად გაისარჯნენ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. თუმცა, ცსკა-ს ამერიკელ ლეგიონერს დარან ჰილიარდს ბოლო წამზე მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა შეეძლო, მაგრამ ცენტრიდან ნასროლი ბურთი კალათში ვერ ჩააგდო. ცხადია, მაიკ ჯეიმსის გარეშე მოსკოვურ გუნდს შეტევაში თამაში უჭირს.
შენგელიას საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია: 29:02 წუთში 11 ქულა (8-დან 2 ორქულიანი, 7-დან 7 საჯარიმო), 3 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მისი სარგებლიანობის ინდექსი კი 14-ს გაუტოლდა. ქართველის საუკეთესო ეპიზოდმა სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დიმსახურა.
თორნიკეს გუნდში 16 ქულით ყველაზე შედეგიანი ნიკოლა მილუტინოვი იყო, 22 ქულით კი მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი მიუნხენელი უეიდ ბოლდუინი გახდა.
ცსკა 16 მოგებით მე-2 ადგილზეა და 5 თებერვალს სტუმრად "ვალენსიას" დაუპირისპირდება.