თორნიკე შენგელია ვითიბი ლიგის "ოლ სტარში" ითამაშებს

AutoSharing Option
თორნიკე შენგელია VTB-ლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩში, ეგრეთ წოდებულ "ოლ სტარში" ითამაშებს. ქართველი კალათბურთელი გამოკითხვის შედეგად შეირჩა აღნიშნული ლიგის საუკეთესო მოთამაშეების საჩვენებელ მატჩში მონაწილეობის მისაღებად.

რეგლამენტის თანახმად, ქომაგებს რუსული კლუბებიდან 3-3 მოთამაშე უნდა შეერჩიათ “რუსეთის ვარსკვლავებისა” და “მსოფლიოს ვარსკვლავებისთვის”. 4 არარუსული კლუბიდან 3 კალათბურთელი ირჩეოდა მხოლოდ მსოფლიოს ნაკრებისთვის. ფანებმა ცსკა-ს რიგებიდან საუკეთესო სამეულში ამერიკელი მაიკ ჯეიმსი (67.5%), ქართველი თორნიკე შენგელია (10.6%) და სერბი ნიკოლა მილუტინოვი (8.6%) დაასახელეს.

ჯამში, ქომაგებმა 66 კალათბურთელი გამოავლინეს, შემდეგ კი მასმედიის წარმომადგენლების ჯერი დადგა. მათ თორნიკე შენგელიას
13 ხმა მისცეს (23 შესაძლებლიდან) და ქართველ ლეგიონერს უცხოელთა წინა ხაზში მხოლოდ ნიკოლა მილუტინოვი (18, ცსკა) და ჯორდან მიკი (17, ხიმკი) ამჯობინეს. სხვა საქმეა, რომ სერბმა ცენტრმა მძიმე ტრავმა მიიღო და მოახლოებულ “ოლ სტარში” მონაწილეობას ვერ მიიღებს.

საბოლოოდ, თითოეული გუნდისთვის 10-10 კალათბურთელი შეირჩა, VTB ლიგის ხელმძღვანელობა კი მეტოქეთა რიგებს “უაილდ ქარდით” კიდევ 2-2 მოთამაშეს დაამატებს. შეგახსენებთ, რომ “ყველა ვარსკვლავის მატჩი” 14 თებერვალს მოსკოვში ჩატარდება.

საქართველოს ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიას აღნიშნულ თამაშში მონაწილეობის შანსი პირველად აქვს. ის ესპანურ "ბასკონიაში" გატარებული 6 სეზონის შემდეგ მოსკოვის ცსკა-ს რიგებში სადებიუტო სეზონს ატარებს, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 12.2 ქულა (ლიგაში 34-ე მაჩვენებელი), 4.8 მოხსნა, 2.1 პასი, ეფექტურობის კოეფიციენტი 13.0.

რუსეთის ვარსკვლავები: ალეკსეი შვედი, ვიაჩესლავ ზაიცევი (ორივე – ხიმკი), ნიკიტა მიხაილოვსკი (ავტოდორი), მიხაილ კულაგინი (ენისეი), ევგენი ბაბურინი, ანტონ ასტაპკოვიჩი (ორივე – ნიჟნი ნოვგოროდი), ნიკიტა კურბანოვი, ჯოელ ბოლომბოი (ორივე – ცსკა), ანდრეი ზუბკოვი (ზენიტი), სტანისლავ ილნიცკი (ლოკომოტივ-ყუბანი).

მსოფლიოს ვარსკვლავები: მაიკ ჯეიმსი, თორნიკე შენგელია (ორივე – ცსკა), აიზეა კენენი (უნიკსი), ადას იუშკიავიჩიუსი (პარმა), კევინ პანგოსი, მატეუშ პონიტკა (ორივე – ზენიტი), მანტას კალნიეტისი, მინდაუგას კუზმინსკასი, დრიუ გორდონი (ყველა – ლოკომოტივ-ყუბანი), ჯორდან მიკი (ხიმკი).

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
მადლობა რომ შეგვატყობინეთ შედეგი, გამოკითხვის დროს რომ გეთქვათ თორნიკე მინიმუმ 20%-ს აიღებდა
ვარლამი
00:26 02-02-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული