შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის იანვრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

AutoSharing Option
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის იანვრის საუკეთესო მოთამაშეა. ლიგა ენდესამ დღეს გასული თვის MVP-ის ტიტულის მფლობელი დაასახელა და მისი მფლობელი ღირსეულად გახდა “ლენოვო ტენერიფეს” ქართველი ლიდერი გიორგი შერმადინი.

აქვე აღვნიშნოთ, რომ სწორედ გუშინ შერმადინის გუნდმა მთავარი სპონსორი და შესაბამისად, დასახელება გამოიცვალა. ტენერიფელთა მთავარი ფინანსური პარტნიორი გახდა კომპანია "ლენოვო" და კლუბიც ამიერიდან “ლენოვო ტენერიფედ” იწოდება.

გიორგი შერმადინმა პრესტიჟული ტიტული მიმდინარე სეზონში მეორედ მოიპოვა. ტენერიფელთა ქართველი ცენტრი ოქტომბერშიც ყველაზე შედეგიანი იყო და ლიგის ხელმძღვანელობამ მას MVP-ის ტიტული გადასცა. იანვარში შერმადინმა ყველა და ყველაფერი
გადაფარა: მართალია, გამართული 5 მატჩიდან მისმა გუნდმა 3 მოიგო, მაგრამ შერმადინის შედეგიანობა იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ ქართველ ლეგიონერს MVP-ის ტიტული გაუსაჩივრებლად გადასცეს.

იანვარში შერმადინის საუკეთესო მატჩი “მანრესასთან” შედგა, რომელშიც ქართველმა ცენტრმა არასრულ 23 წუთში 29 ქულა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სარგებლიანობის ინდექსის 37 ერთეული დააგროვა. საუკეთესოს გამოვლენაც არა ქულებით ან მოხსნებით, არამედ ყველა სტატისტიკური მონაცემის გაერთიანებით ხდება. შესაბამისად, უპირველესად სარგებლიანობის ინდექსი, ეგრეთ წოდებული – მარგი ქმედების კოეფიციენტი მიიღება მხედველობაში, რაც შერმადინს იანვრის თვეში გამართულ 5 მატჩში საშუალოდ 27 ჰქონდა.

შერმადინის მთავარი კონკურენტი "რეალის" 221-სანტიმეტრიანი კაბოვერდელი ცენტრი ვალტერ ტავარეში და “ხუვენტუდის” ლიდერი ლოპეს-არესტეგი გახლდათ. ეს უკანასკნელი საშუალოდ მარგი ქმედების 22 კოეფიციენტს აგროვებდა, ხოლო ტავარეშის მონაგარი 21.3 გახლდათ.

შერმადინის მიერ MVP-ის მოგება ტელევიზიით, პირდაპირ ეთერში გამოცხადდა. ქართველი ცენტრი ევროპის უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში სტატისტიკური მაჩვენებლებით ლიდერობს და თვის საუკეთესო მოთამაშედ მისი მეორედ აღიარება ბევრად ზრდის შანსებს, რომ შერმადინი სეზონის საუკეთესოდაც დასახელდეს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული